1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს 1950-იანი წლებიდან მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა აღნიშნავს. ეს არის დღე, რომელიც ეძღვნება ბავშვების წინაშე არსებული სხვადასხვა საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე, ბავშვების დაცვისა და კეთილდღეობის აუცილებლობის აღიარებას. ამ დღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი მხარეა კავშირი გარემოს, ბუნებასა და ბავშვების კეთილდღეობას შორის.
პირველად ბავშვთა დაცვის დღე 1925 წლის 1-ელ ივნისს იზეიმეს, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე მიმდინარეობდა მსჯელობა ბავშვთა დაცვასა და კეთილდღეობაზე. სწორედ ამ დღეს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში შეკრიბა მიუსაფარი ჩინელი ბავშვები და მათ ფესტივალი „დუან-უცზე“ ანუ დრაკონის ნავების ფესტივალი მოუწყო.
1 ივნისს დღემდე არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ბავშვებისათვის გასართობი და კულტურული ღონისძიებები საკმაოდ პოპულარულია.
ბავშვთა საერთაშორისო დღე ბავშვების დაცვას და მათთვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნას უკავშირდება. მნიშვნელოვანია კავშირი ბუნებასთან, რათა ბავშვმა ახალი უნარები შეიძინოს და გარემოს დაცვა, რადგან ჯანსაღი გარემო ყველა ბავშვს სჭირდება.
მაგალითად, ბუნებაში დროის გატარება ბავშვს მეტად პასუხისმგებლიანს ხდის, რადგან ის ხედავს, რომ ფლორასა და ფაუნასაც სჭირდება მოვლა. ასევე, ბუნებაში ბავშვები უკეთესად ფიქრობენ, უვითარდებათ წარმოსახვის უნარი და ხდებიან უფრო კრეატიულები. გარდა ამისა, ბუნებაში ყოფნა ამცირებს სტრესსა და დაღლილობას.
სამწუხაროდ, დღეს ბავშვების უმეტესობას ისეთ გარემოში ცხოვრება უწევთ, სადაც ბუნებასთან ურთიერთობასა და სიახლოვეს ნაკლებად ახერხებენ. ურბანიზაციამ, კლიმატის ცვლილებამ და სხვა ფაქტორებმა გამოიწვია ბუნებრივი საარსებო გარემოს დანაკლისი და ბუნებრივი სამყაროს დეგრადაცია. შედეგად, ბევრი ბავშვი აკლდება სარგებელს, რომელიც ბუნების ზემოქმედებით მიიღება.
ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ბავშვების უფლებებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობით, ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ მათი წვდომა რესურსებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც მათ გაზრდისათვის სჭირდებათ. ეს მოიცავს წვდომას მწვანე სივრცეებზე, სუფთა წყალსა და ჰაერს და სხვა ბუნებრივ რესურსებს, რომლებიც აუცილებელია მათი გონებრივი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის.
საბოლოო ჯამში, ბავშვთა დაცვის დღესა და გარემოს შორის კავშირი ხაზს უსვამს ბავშვთა კეთილდღეობისადმი უფრო ყოველმხრივი მიდგომის აუცილებლობას. ბუნებისა და გარემოს მნიშვნელობის გაცნობიერებით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სამყარო, სადაც ბავშვები ჯანსაღ და მდგრად გარემოში გაიზრდებიან.
ბავშვები ბუნებასთან ურთიერთობას რომ მივაჩვიოთ, კარგი იქნება, თუ მათთვის საინტერესო აქტივობებს დავგეგმავთ, რაც სიამოვნებას მიანიჭებთ. მაგალითად, სურათებიანი წიგნის ქონა, სადაც იქნება ყვავილები, პეპლები, ფოთლები და ა.შ. რომელთა ბუნებაში აღმოჩენაც გაახარებთ. ასევე, შესაძლებელია ბავშვის ბუნებასთან დაახლოება ნერგების ან ყვავილების დარგვითა და მოვლით, რაც მათ დაეხმარებათ, დააკვირდნენ ცვლილებას გარემოში და გაიაზრონ შრომით მიღებული შედეგის მნიშვნელობა.
გამოყენებული მასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე: (1); (2); (3).