• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • მარტი 13, 2023

14 მარტი მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე ეძღვნება მდინარეების გადარჩენას და მდინარეების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. იცოდით, რომ მსოფლიოში არსებულ წყლის რესურსებში ყოველდღიურად 2 მლნ ტონა საკანალიზაციო, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები ჩაედინება? ეს მთელი კაცობრიობის წონის ექვივალენტია. ამიტომ, დადგა დრო, კაცობრიობის სასიკეთოდ გადავარჩინოთ ჩვენი მდინარეები.

მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღის ისტორია

ამ დღის დაწესების მიზანია, ადამიანებმა გააცნობიერონ მდინარეების მნიშვნელობა. ეს დღე მთელი მსოფლიოს გარშემო მცხოვრებ ხალხს აერთიანებს მდინარეების გადასარჩენად და მდინარეების მართვის, დაბინძურებისა და დაცვის შესახებ სასაუბროდ.

ამ დღის წარმომავლობის შესახებ საინტერესო ისტორია არსებობს. 1995 წლის სექტემბერში, რამდენიმე ორგანიზაციამ, როგორიცაა მდინარეთა საერთაშორისო ქსელი, ინდოეთის „გადავარჩინოთ ნარმადა“ მოძრაობა, ჩილეს „Biobio” სამოქმედო ჯგუფი და ევროპის მდინარეთა ქსელი, გამართა მოსამზადებელი შეხვედრა ბრაზილიაში. შედეგად, მათ ჩამოაყალიბეს საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბრაზილიის დიდი კაშხლებით დაზარალებულთა მოძრაობა.

1997 წლის მარტში, კურიტიბაში, ბრაზილია, კაშხლებით დაზარალებული ადამიანების პირველი საერთაშორისო შეხვედრის მონაწილეებმა დააწესეს საერთაშორისო დღე კაშხლების წინააღმდეგ მოქმედებისა და წყლის, მდინარეებისა და სიცოცხლის დასაცავად. გარდა ამისა, მათ გადაწყვიტეს, რომ მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღე გაიმართებოდა 14 მარტს.

ყოველ წელს ეს დღე ეძღვნება კონკრეტულ თემას. 2021 წელს, პანდემიის გამო, შეხვედრა გაიმართა ონლაინ პლატფორმით, თემის სახელწოდება იყო „მდინარეთა უფლებები“. მოთხოვნა ეხებოდა იმას, რომ მდინარეები ეროვნულ აქტივად გამოცხადებულიყო და მინიჭებოდათ კანონიერი უფლებები, რაც შეაჩერებდა მდინარეების ნაგავსაყრელად ქცევას.

ახალ ზელანდიაში მდ. უანგანუი არის მსოფლიოში პირველი მდინარე, რომელსაც კანონიერად აქვს მინიჭებული ადამიანის მსგავსი უფლებები. 2021 წელს კი უფლებები მიენიჭა მდ. მაგფის, კანადაში, რომელსაც 9 უფლება აქვს, რომელთა შორისაცაა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების უფლება და თავისუფლება დაბინძურებისაგან.

გარემოსდამცველები ატარებენ სამუშაო შეხვედრებს, სემინარებსა და აქტივობებს ამ დღის აღსანიშნავად, ცნობიერების ასამაღლებლად და გზავნილის გასავრცელებლად. მაშ ასე, დავდგეთ მდინარეებისთვის საზიანო ქმედებების წინააღმდეგ და დავიცვათ ისინი.

გამოყენებული მასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.