ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 2018 წლიდან აღინიშნება და მიზანად ისახავს მსოფლიო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების გადამუშავების შესახებ და მოგვიწოდებს ნარჩენების მართვის თანამედროვე და მდგრადი მოდელების დანერგვისკენ.
გასული ათწლეული ყველაზე ცხელი იყო ისტორიაში და ახლა ჩვენ ვდგავართ შეუდარებელი მასშტაბის კლიმატის საგანგებო მდგომარეობის წინაშე. თუ თითოეული მოაქლაქე არ გაითავისებს საკუთარ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და თავის წვლილს არ შეიტანს ნარჩენების მართვის მიმართულებით, დედამიწაზე უარეს შედეგებს ვიხილავთ, როგორც გლობალური ტემპერატურის მუდმივი მატების, ისე ყინულის საფარის დნობის, ტყის სწრაფი განადგურების და სხვა გამოწვევების სახით
ეს ნეგატიური შედეგები კი პირდაპირ გავლენას ახდენს მსოფლიო მოსახლეობაზე, რაც გამოიხატება გაზრდილი სიღარიბით, იძულებითი მიგრაციით, სამუშაო ადგილების დაკარგვით, ნარჩენების მთებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების გაქრობით. [1]
საბედნიეროდ, ჩვენ შეგვწევს ძალა, წინ აღვუდგეთ ამ ყველაფერს და განვახორციელოთ გრძელვადიანი ცვლილებები და პრევენციული ქმედებები. გაეროს მდგრადი განვითარების მე-12 მიზანი “მდგრადი მოხმარება და წარმოება”(Responsible Consumption and Production) სწორედ მდგრადი მოხმარებისა და წარმოების უზრუნველყოფას ემსახურება და აერთიანებს ისეთ მიზნებს, როგორიცაა, 2030 წლისთვის ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა და ეფექტურად გამოყენების უზრუნველყოფა; ერთ სულ მოსახლეზე გლობალური საკვების ნარჩენების განახევრება საცალო და სამომხმარებლო დონეზე და სურსათის დანაკარგების შემცირება წარმოება-მიწოდების ჯაჭვში; განვითარებად ქვეყნებში სამეცნიერო და ტექნოლოგიური შესაძლებლობების ხელშეწყობა, რათა გადავიდნენ მოხმარებისა და წარმოების უფრო მდგრად მოდელებზე; ნარჩენების წარმოქმნის მნიშვნელოვნად შემცირება პრევენციის, შემცირების, გადამუშავებისა და ხელახალი გემოყენების გზით და სხვა. [2] ჩვენ გარშემო ვხედავთ არაერთ ინდივიდს, მთავრობას და ორგანიზაციას, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ გლობალური მწვანე დღის წესრიგის მხარდასაჭერად.
გადამუშავება წრიული ეკონომიკის ძირითადი ნაწილია, რაც გულისხმობს ხელახალ მოხმარებას, გადამუშავებას, შეკეთებას, რეაბილიტაციას იმ მიზნით, რომ კონკრეტული ნივთის გამოყენების ხანგრძლივობა გაიზარდოს და ვარგისი იყოს მოხმარებისთვის. პრაქტიკაში, ეს გულისხმობს ნარჩენების მინიმუმამდე შემცირებას. როდესაც პროდუქტი აღარ იქნება ვარგისი, შესაძლებელი ხდება მისი ხელახალი გამოყენება, რათა კვლავ შეძლოს საზოგადოებისთვის ღირებულების შექმნა. წრიული ეკონომიკა საზოგადოებაში ამკვიდრებს იმგვარ მიგდომას, რომ “ნარჩენი არაა ნაგავი”, განსხვავებით სწორხაზოვანი ეკონომიკისგან, რომლის პრინციპიცაა „მოიპოვე, აწარმოე, მოიხმარე და გადააგდე“.[3]
საქართველოში, 2015 წლის 15 იანვრიდან, ძალაში შევიდა „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომელიც საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ დირექტივებისა და რეგულაციების მოთხოვნებს ეფუძნება და მიზნად ისახავს “ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნას ისეთი ღონისძიებების განხორციელებისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ნარჩენების პრევენციას და მათი ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას (რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორეული ნედლეულის გამოცალკევებას, ნარჩენებიდან ენერგიის აღდგენას, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას)”.
კოდექსი სახიფათო, არასახიფათო და ინერტული ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების თანამედროვე სისტემების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს. ასევე, განსაზღვრულია სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებები, ნაგავსაყრელის მოწყობასთან, ოპერირებასთან, დახურვასთან და შემდგომ მოვლასთან დაკავშირებული მოთხოვნები, არსებული ნაგავსაყრელების საქმიანობის განსაზღვრა და თანამედროვე ნაგავსაყრელების ეტაპობრივი მოწყობა, ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებისა და „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ დანერგვა და სხვა.[4] [5]
ამრიგად, ნარჩენების სწორი მართვა და გადამუშავება ბევრად უფრო მდგრადი მომავლის საწინდარია და საშუალებას გვაძლევს, პრევენციული ქმედებები განვახორციელოთ სხვადასხვა მიმართულებით, რაც ადამიანისა და ბუნების ურთიერთობას მეტად ჰარმონიულს გახდის.
[1] https://www.globalrecyclingday.com/about/
[2] https://www.un.org/development/desa/disabilities/envision2030-goal12.html
[3]https://www.europarl.europa.eu/news/en/headlines/economy/20151201STO05603/circular-economy-definition-importance-and-benefits
[4] https://eiec.gov.ge/Home.aspx/News/details/1852
[5] https://matsne.gov.ge/ka/document/view/2676416?publication=12