გაეროს მონაცემების თანახმად, ჭარბტენიან ტერიტორიებს დედამიწის ტერიტორიის 6% უკავია, ხოლო ფლორისა და ფაუნის 40%-სთვის ბუნებრივ საარსებო გარემოს წარმოადგენს.
ჭარბტენიანი ტერიტორიების ფართო განმარტება მოიცავს როგორც მტკნარ წყლებს, ისე საზღვაო და სანაპირო ეკოსისტემებს, როგორიცაა ტბები და მდინარეები, მიწისქვეშა წყალშემკრები ფენები, ჭაობები და მდელოები, ტორფნარები, ოაზისები, ესტუარები, დელტა და მოქცევის სიბრტყეები, მანგროს ტყეები და სხვა სანაპირო ზონები, და ადამიანის მიერ შექმნილი ყველა ადგილი, როგორიცაა თევზის აუზები, ბრინჯის ველები, წყალსაცავები და სხვა.
ჭარბტენიან ტერიტორიებს ხშირად “დედამიწის თირკმელებსაც” კი უწოდებენ, რადგან ისინი ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის უდიდეს ნაწილს შთანთქავენ, და მეტიც, მსოფლიოს ტყეებთან შედარებით ისინი 2-ჯერ მეტ ნახშირორჟანგს შთანთქავენ.
ამ ტერიტორიებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანისა და ბუნებისთვის, მათ შორის მათი ეკოლოგიური, კლიმატის, გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული, რეკრეაციული და ესთეტიკური წვლილის გათვალისწინებით.
გარდა ამისა, საქართველოში არის რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია, რომელთა შორისაცაა კოლხეთის ჭაობები (მოიცავს იმნათის, ნაბადას, ჭურის ჭაობებს, პალიასტომის ტბასა და მიმდებარე ტერიტორიებს) და ისპანის ჭაობი (მოიცავს ქობულეთის აღკვეთილსა და ნაკრძალს).
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2021 წელს UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში საქართველოში მდებარე 4 დაცული ტერიტორია შევიდა. ჩინეთის ქალაქ ფუჟოუში, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ სახელით, მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას დაემატა. ნუსხაში ვხვდებით ისეთ ცნობილ ბუნებრივ მემკვიდრეობებს, როგორებიცაა ამაზონის ტყე, შვეიცარიის ალპები, გრანდ კანიონის ეროვნული პარკი და სხვა.
აღნიშნული UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ოთხივე დაცული ტერიტორია გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემებითა და კავკასიის ეკორეგიონისთვის დამახასიათებელი მდიდარი ბიომრავალფეროვნებით.
საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება მოხდა UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის IX და X კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალურობას, ცოცხალ ეკოსისტემებსა და ცოცხალ გეოლოგიურ პროცესებს. კოლხეთის და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები აღნიშნულ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს.
საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ჭაობები სამჯერ უფრო სწრაფად ქრება, ვიდრე ტყეები და დედამიწის ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფი ეკოსისტემაა. სულ რაღაც 50 წელიწადში – 1970 წლიდან – დაიკარგა მსოფლიოს ჭარბტენიანი ტერიტორიების 35%. ადამიანის საქმიანობა, რომელიც იწვევს ჭაობების დაკარგვას, მოიცავს დრენაჟს და უხეშ სასოფლო – სამეურნეო საქმიანობას, დაბინძურებას, გადაჭარბებულ თევზაობასა და რესურსების უკონტროლო ექსპლუატაციას, კლიმატის ცვლილებასა და სხვა.