• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • მაისი 18, 2023

ყოველი წლის 20 მაისს ფუტკრის მსოფლიო დღე აღინიშნება, რათა ყურადღება მიექცეს ფუტკრების როლს ადამიანებისა და პლანეტის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ეს აძლევს შესაძლებლობას სამოქალაქო საზოგადოებას, დაინტერესებულ მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს, ხელი შეუწყონ ქმედებებს, რომლებიც განავითარებს და დაიცავს მეფუტკრეობას.

იცოდით, რომ მსოფლიოში ცნობილია ფუტკრების 20 ათასამდე სახეობა? ხოლო 1 კგ თაფლის დასამზადებლად ფუტკრები ნექტარს 4 მლნ ყვავილიდან აგროვებენ?

ფუტკრები საუკეთესო დამმტვერავი მწერები არიან. დამტვერვით ფუტკარი მცენარეებს ეხმარება ზრდაში, გამრავლებასა და საკვების წარმოებაში. ფუტკრებს ყვავილოვან მცენარეებს შორის მტვერი გადააქვთ და ინარჩუნებენ სასიცოცხლო ციკლს. უნდა აღინიშნოს, რომ ფუტკარი ამტვერიანებს ევროპის ყვავილების 80%-ს.

20 მაისი ფუტკრის მსოფლიო დღედ შეირჩა, რადგან ამ დღეს დაიბადა ანტონ იანშა, თანამედროვე მეფუტკრეობის პიონერი. იგი დაიბადა სლოვენიაში, მეფუტკრეთა ოჯახში, სადაც ეს საქმიანობა ოჯახის ტრადიცია იყო.

ფუტკრის მსოფლიო დღე 2018 წლიდან აღინიშნება. თავდაპირველად ამ დღის დასაწესებლად წინადადება გამოთქვა სლოვენიის მთავრობამ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ძალისხმევითა და „აპიმონდიას“ (არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს მეფუტკრეებს, მეფუტკრეთა აღჭურვილობის მწარმოებლებსა და მეცნიერებს, რომლებიც ერთვებიან მეფუტკრეობაში) მხარდაჭერით, ხოლო დაამტკიცა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ  და 20 მაისი გამოცხადდა ფუტკრის მსოფლიო დღედ.

უნდა აღინიშნოს, რომ მეფუტკრეობა საქართველოს ისტორიას მჭიდროდ უკავშირდება. დადგენილია, რომ ქართველები შინაურ მეფუტკრეობას ძვ.წ. მე-4 საუკუნეში იცნობდნენ და აწარმოებდნენ დიდი რაოდენობით თაფლს. იცოდით, რომ ქართველები ფუტკარს ღვთაებრივ მწერად თვლიდნენ, მისი კულტი ჰქონდათ შექმნილი და წელიწადში ერთ დღეს ფუტკარს უძღვნიდნენ? ფუტკართან დაკავშირებული უამრავი წეს-ჩვეულება, ლექსი თუ ანდაზა ჩვენამდე მოღწეულია და ადასტურებს ქართველთა ფუტკრისადმი სიყვარულს.

გამოყენებული მასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.