• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • მარტი 20, 2023

20 მარტს ყოველწლიურად აღინიშნება ბეღურის მსოფლიო დღე, რომლის იდეაც თავდაპირველად ორგანიზაცია Nature Forever Society-ს ფარგლებში გაჩნდა. ეს დღე ემსახურება გადაშენების პირას მყოფი ბეღურების შესახებ მსოფლიო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და პირველად 2010 წელს აღინიშნა.

შინაური ბეღურის (Passer domesticus) განსახლების არეალი ჩრდილოეთი ამერიკა და ევრაზიის კონტინენტებია. Passer domesticus არამიგრირებადი ფრინველია და განსაკუთრებით მჭირდოდ გვხვდება ადამიანთა პოპულაციებთან, ურბანულ დასახლებებსა და სასოფლო-სამეურნეო არეალებში. მათი საკვების მოპოვების ჰაბიტატი მოიცავს მინდვრებსა და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს. შინაური ბეღურები არ გვხვდება ტყეებში, მდელოებსა და უდაბნოებში.

მიუხედავად მცირე ზომისა, შინაური ბეღურები საკმაოდ აგრესიული ქცევით ხასიათდებიან. ისინი ხშირად აძევებენ ადგილობრივ სახეობებს, ასახლებენ მათ ბუდიდან და ტროფიკული/კვებითი რესურსებისთვის უწევენ კონკურენციას.[1]

North American Survey-ს კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ შინაური ბეღურის (Passer domesticus) პოპულაცია გაქრობის ზღვარზეა, განსაკუთრებით საზღვაო რეგიონებსა და აშშ-ს აღმოსავლეთ და ცენტრალურ შტატებში. გამომწვევ მიზეზად ვარაუდობენ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში განხორციელებულ ცვლილებებს, კერძოდ, ერთი და იმავე სასოფლო-სამეურნეო კულტურების დარგვაზე გადასვლას. სამწუხაროდ, შინაური ბეღურების საერთო რიცხვი მსოფლიო მასშტაბითაც სწრაფად მცირდება. აღნიშნული სახეობა ბრიტანეთში თითქმის გადაშენებულია და 2000 წლის 16 მაისს, ცნობილმა ბრიტანულმა გაზეთმა “Independent”-მა ამ იდუმალებით მოცული მიზეზის ასახსნელად ფულადი პრიზიც კი დააწესა მათთვის, ვინც გამოიკვლევს ბეღურების სახეობის გაქრობის მიზეზს. [2] 1977 წლის შემდეგ ბეღურების პოპულაცია 68%-ით შემცირდა და განსაკუთრებული კლება 80-იანი წლებიდან დაიწყო. მეცნიერები 2 მიზეზს ვარაუდობდნენ – საკვების ნაკლებობა(ამ შემთხვევაში, მწერები) და ბუდეების ასაშენებლად საჭირო ტერიტორიის არარსებობა.

კორნელის ორნითოლოგიის ლაბორატორიის (Cornell Lab of Ornithology) მიხედვით, ბეღურების ამჟამინდელი რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 740 მილიონია. კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი, ლიამ ბერიგანი აღნიშნავს, რომ ბეღურების რაოდენობის ასეთი კატასტროფული კლება გარემოს საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებს. ამიტომ, გარემოზე ზრუნვით თითოეული არსებისა და მცირე ორგანიზმის კეთილდღეობაზეც ვიზრუნებთ.

 

[1] http://www.iucngisd.org/gisd/species.php?sc=420#:~:text=Passer%20domesticus%20

[2] https://www.independent.co.uk/climate-change/news/mystery-of-the-vanishing-sparrow-1026319.html