გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2012 წელს 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. აღნიშნული დღე მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ყველა ტიპის ტყის მნიშვნელობის შესახებ. ქვეყნები ვალდებულნი არიან განახორციელონ ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ძალისხმევა ტყეების დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებისთვის, როგორიცაა ხეების დარგვის კამპანიები.
ტყეს დედამიწის ხმელეთის მესამედი უკავია, ხოლო დაახლოებით 1,6 მილიარდი ადამიანისთვის იგი საარსებო და თავშესაფრის წყაროს წარმოადგენს. Გარდა ამისა, 750 მილიონი ადამიანისთვის ტყე საცხოვრებელი ადგილია, მათ შორის 60 მილიონი მკვიდრ, ადგილობრივ მოსახლეობას შეადგენს.1990-დან 2020 წლამდე მსოფლიომ დაკარგა დაახლოებით 178 მილიონი ჰექტარი ტყე, ფაქტობრივად, ლიბიის ტერიტორიის სიდიდის ტყე. ქალაქად მცხოვრები ადამიანებისთვის ტყე სუფთა ჰაერისა და წყლის მთავარი წყაროა. ტყე ბიოლოგიურად ყველაზე მრავალფეროვანი ეკოსისტემაა ხმელეთზე, სადაც ბინადრობს ხმელეთის ცხოველთა, მცენარეთა და მწერების 80%-ზე მეტი. მიუხედავად ყველა ამ ფასდაუდებელი ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და ჯანმრთელობის სარგებელისა, ტყეების საფარი საგანგაშო სისწრაფით ნადგურდება. [1]
ტყის მდგრადი მართვა და მისი რესურსების გონივრული გამოყენება საკვანძოა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებთან საბრძოლველად და ასევე გადამწყვეტ როლს ასრულებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიმართულებით.
გარდა ამისა, ტყეები და ტყის ნიადაგები შთანთქავენ ტრილიონ ტონაზე მეტ ნახშირბადს. ამიტომ, ტყეები გადამწყვეტ როლს თამაშობენ კლიმატის კატასტროფულ ცვლილებებთან ბრძოლაში ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით შთანთქმით და შენახვით. ხეებს შეუძლიათ ქალაქებში 8°C-მდე შეამცირონ ტემპერატურა, ხოლო ტრანსპორტის გამონაბოლქვი კი 40%-მდე. თუმცა, სამწუხაროდ, ხეების მოჭრის შედეგად ისინი კარგავენ გლობალური კლიმატის რეგულირების უნარს.
ძლიერი წვიმის დროს ხეები ბარიერის როლს თამაშობენ წყალდიდობების წინააღმდეგ; ასევე, ტყის საფარი ხელს უშლის ნიადაგის ეროზიას და ამარტივებს წყლის შეწოვას ნიადაგში. გარდა ამისა, მშრალ და გვალვიან ამინდებში ტყეები წყლის აორთქლებით ტემპერატურას არეგულირებენ. Საინტერესოა, რომ თანამედროვე მედიკამენტების მეოთხედზე მეტი, რომელიც წელიწადში დაახლოებით 108 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ტროპიკული ტყის მცენარეებიდან მოდის.
Global Forest Watch-ის მიხედვით, 2010 წლისთვის მსოფლიოში იყო 3,92 გლობალური ჰექტარი (gha) ხის საფარი, რომელიც ვრცელდებოდა მისი ხმელეთის ფართობის 30%-ზე. 2021 წელს ხმელეთმა დაკარგა 25,3 მილიონი ჰექტარი(მჰა) ხის საფარი.
*გლობალური ჰექტარი (gha) არის საზომი ერთეული ხალხის ან საქმიანობის ეკოლოგიური ანაბეჭდისა და დედამიწის ან მისი რეგიონების ბიოტევადობისთვის[2]State of the World’s Forests (SOFO)-ს 2022 წლის გამოცემის მიხედვით, მსოფლიომ დაკარგა 420 მილიონი ჰექტარი (მჰა), რაც ტყის მთლიანი ფართობის დაახლოებით 10,34 პროცენტია ბოლო 30 წლის განმავლობაში. [3]
ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ ტყის მოჭრა მთელი ეკოსისტემის ნგრევას იწვევს, რასაც ყველა ჩვენგანისთვის მძიმე შედეგები მოაქვს.
[1] https://wwf.panda.org/discover/our_focus/forests_practice/importance_forests/
[2] https://www.globalforestwatch.org/dashboards/global/?category=summary&dashboardPrompts=eyJzaG93UHJvbXB0cyI6dHJ1ZSwicHJvbXB0c1ZpZXdlZCI6W10sInNldHRpbmdzIjp7Im9wZW4iOmZhbHNlLCJzdGVwSW5kZXgiOjAsInN0ZXBzS2V5IjoiIn0sIm9wZW4iOnRydWUsInN0ZXBzS2V5IjoiZG93bmxvYWREYXNoYm9hcmRTdGF0cyJ9&location=WyJnbG9iYWwiXQ%3D%3D&map=eyJkYXRhc2V0cyI6W3siZGF0YXNldCI6InBvbGl0aWNhbC1ib3VuZGFyaWVzIiwibGF5ZXJzIjpbImRpc3B1dGVkLXBvbGl0aWNhbC1ib3VuZGFyaWVzIiwicG9saXRpY2FsLWJvdW5kYXJpZXMiXSwiYm91bmRhcnkiOnRydWUsIm9wYWNpdHkiOjEsInZpc2liaWxpdHkiOnRydWV9LHsiZGF0YXNldCI6Ik5ldC1DaGFuZ2UtU1RBR0lORyIsImxheWVycyI6WyJmb3Jlc3QtbmV0LWNoYW5nZSJdLCJvcGFjaXR5IjoxLCJ2aXNpYmlsaXR5Ijp0cnVlLCJwYXJhbXMiOnsidmlzaWJpbGl0eSI6dHJ1ZSwiYWRtX2xldmVsIjoiYWRtMCJ9fV19&showMap=true
[3] https://www.downtoearth.org.in/news/forests/state-of-the-world-s-forests-2022-10-of-total-forest-area-on-earth-lost-in-30-years-82658#:~:text=The%20world%20has%20lost%20420,)%20released%20May%202%2C%202022.