მეტეოროლოგიის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 23 მარტს აღინიშნება, 1950 წლის 23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) დამფუძნებელი კონვენციის ძალაში შესვლის აღსანიშნავად.
როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული სააგენტო, WMO კურირებს საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინაციას დედამიწის ატმოსფეროს მდგომარეობის შესახებ,ასევე, ატმოსფეროს ოკეანეებთან და ხმელეთთან ურთიერთქმედებას, მის მიერ შექმნილ ამინდსა და კლიმატს და, შედეგად, წყლის რესურსების განაწილებას.[1]
ეროვნული მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სამსახურები უწყვეტად მუშაობენ, რათა ყოველდღიურ რეჟიმში მოგვაწოდონ კლიმატისა და ამინდის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მათი პროგნოზები და ადრეული გაფრთხილებები კლიმატის ცვალებადობისა და მოსალოდნელი ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებებს, ორგანიზაციებსა და ინდივიდებს საშუალებას აძლევს, სათანადოდ იყვნენ მომზადებულნი და უკეთ დაგეგმონ თავიანთი აქტივობები. მათი გაფრთხილებები ხელს უწყობს ადამიანთა სიცოცხლის, რესურსებისა და გარემოს დაცვას. WMO მხარს უჭერს ეროვნულ მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სამსახურებს ამ კუთხით და კოორდინაციას უწევს მათ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში რისკის შემცირების, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების შერბილებისა და მდგრადი განვითარების სფეროებში. [2]
WMO-ს მთავარი მოვალეობები მოიცავს დედამიწის სისტემის ინტეგრირებული სადამკვირვებლო ქსელის შექმნას ამინდის, კლიმატისა და წყალთან დაკავშირებული მონაცემების მიწოდებისთვის;
ასევე, ამინდის, კლიმატის და წყალთან დაკავშირებული მონაცემების უზრუნველყოფასა და სწრაფი გაცვლის მონაცემთა მართვის ცენტრებისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების შექმნა-შენარჩუნებას; დაკვირვებისა და მონიტორინგის სტანდარტების შექმნას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადეკვატური საზიარო პრაქტიკა და პროცედურები მთელ მსოფლიოში და ამით დადგინდეს მონაცემთა და სტატისტიკის ერთგვაროვნება; ამინდის, კლიმატის და წყალთან დაკავშირებული სერვისების მიწოდებას – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით მეტეოროლოგიასა და ჰიდროლოგიაში – კატასტროფების რისკების შესამცირებლად და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის, ისევე როგორც ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი (ავიაცია, საზღვაო და სახმელეთო), წყლის რესურსების მართვა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ენერგეტიკა და სხვა სფეროები; აქტივობების განხორციელებას ჰიდროლოგიაში, ისევე როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სამსახურების მჭიდრო თანამშრომლობას იმ სახელმწიფოებსა და ტერიტორიებზე, სადაც ისინი არის განლაგებული; ასევე, კვლევისა და ტრენინგის კოორდინაციას მეტეოროლოგიასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში და სხვა. [3]
გარდა ამისა, 2019 წლის ივნისში მეთვრამეტე მსოფლიო მეტეოროლოგიური კონგრესის მიერ შემუშავდა სტრატეგიული გეგმა, რომელიც ადგენს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებსა და პრიორიტეტებს 2019-2023 წლებისთვის და მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ყველა სახელმწიფოსათვის შესაბამისი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდების უზრუნველყოფას. [4]
ამ მიზნის მისაღწევად სტრატეგიული გეგმა გამოყოფს 5 ძირითად გრძელვადიან მიზანს:
1. საზოგადოების საჭიროებებს მორგებული სერვისების მიწოდება: სანდო, ხელმისაწვდომი, მომხმარებელზე ორიენტირებული ინფორმაციისა და სერვისების მიწოდება ადამიანებისთვის;
2. დედამიწის სადამკვირვებლო სისტემისა და პროგნოზების გაუმჯობესება;
3. მიზნობრივი კვლევების გაუმჯობესება;
4. განვითარებადი ქვეყნების სერვისების მიწოდების შესაძლებლობების გაზრდა, რათა უზრუნველყოს მთავრობებისთვის, ეკონომიკური სექტორისა და მოქალაქეებისთვის საჭირო აუცილებელი ინფორმაციისა და სერვისების ხელმისაწვდომობა;
5. WMO სტრუქტურისა და პროგრამების შესაბამისობა ეფექტური პოლიტიკისა და გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელებისთვის. [5]
“ეკო ცენტრის” გუნდი ყველა მეტეოროლოგსა და დარგის ექსპერტს გილოცავთ მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღეს.
[1] https://www.genevaenvironmentnetwork.org/events/world-meteorological-day-2022/
[2] https://public.wmo.int/en/our-mandate/what-we-do
[3] https://public.wmo.int/en/our-mandate/what-we-do