• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • მარტი 22, 2023

„დედამიწის საათი“, არის გლობალური მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს მსოფლიო მასშტაბით, რომლებიც ზრუნავენ გარემოსდაცვით საკითხებზე, რათა დაიცვან და უზრუნველყონ პლანეტის კეთილდღეობა. “დედამიწის საათს” საფუძველი ჩაუყარა “ბუნების მსოფლიო ფონდმა” (WWF), როდესაც განახორციელა შუქის ჩაქრობის სიმბოლური ღონისძიება ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში. 2007 წელს – 2.2 მილიონმა მოსახლემ 1 საათით ჩააქრო შუქი, რაც მიზნად ისახავდა მსოფლიო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილებისა და მისით გამოწვეული საშიშროებების შესახებ.[1]

ამ დღიდან მოყოლებული, “დედამიწის საათი” ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში და მოიცავს სიმბოლურ აქტივობებსა და იმგვარ ღონისძიებებს, რომლებიც რეალური პოზიტიური ცვლილებების მოტანას ემსახურება; მაგალითად, საკანონმდებლო ცვლილებები.

2008 წელს “დედამიწის საათის” ღონისძიებაში 50 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 35 ქვეყნიდან. სპეციალურად ამ დღისთვის სიმბოლურად გამორთეს რომის კოლიზეუმისა და ოქროს კარიბჭის ხიდის განათებები.

2013 წელს, WWF-უგანდამ დააარსა “დედამიწის საათის” პირველი ტყე, რომელიც ფარავს 2700 ჰექტარ მიწას. ხოლო, 2014 წელს, გალაპაგოსის კუნძულები – იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი – გახდა პირველი პროვინცია ეკვადორში, რომელმაც აკრძალა პოლიეთილენის პარკები და სხვა ერთჯერადი მოხმარების შეფუთვა.

2020 წელს, COVID-19 პანდემიის ფონზე, დედამიწის საათმა დაამყარა რეკორდი, რადგან კამპანია პირველად, სრულიად ციფრულ სივრცეში განხორციელდა. “ციფრულმა დედამიწის საათმა” ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ საფრთხეებსა და  ბუნებაზე ზრუნვის აუცილებლობას. 2021 წელსაც “დედამიწის საათისადმი” მიძღვნილ კამპანიას ვირტუალ სივრცეში ათასობით ადამიანი შეუერთდა მსოფლიოს 192 ქვეყნიდან.

ამრიგად, დედამიწაზე ზრუნვა და ბუნების დაცვა კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხია და  მსოფლიო მოსახლეობის გაერთიანება ისეთი პრობლემებზე სასაუბროდ, როგორიცაა, კლიმატის ცვლილებები, ბიომრავალფეროვნება და სხვა, უდიდეს მნიშვნელობას ატარებს ამ მიმართულებებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის კუთხით.

[1] https://www.earthhour.org/about/milestones