• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • მარტი 2, 2023

2013 წლის 20 დეკემბერს, 68-ე სესიაზე, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ (UNGA) 3 მარტი ველური ბუნების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ამ დღეს საფუძვლად უდევს 1973 წლის 3 მარტს, ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო ვაჭრობის დარეგულირებისა და სახეობათა გადაშენების შეუქცევადი პროცესის თავიდან აცილების მიზნით, მიიღეს კონვენცია „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES).

წლების განმავლობაში, ველური ფლორისა და ფაუნის უკანონო, უკონტროლო და დაურეგულირებელმა საერთაშორისო ვაჭრობამ გადაშენების საფრთხე შეუქმნა მცენარეთა და ცხოველთა მრავალ სახეობას. ყოველწლიურად ველური ბუნების საერთაშორისო ვაჭრობა შეფასებულია მილიარდობით დოლარად და მოიცავს ასობით მილიონ მცენარეულ და ცხოველურ ნიმუშს. ვაჭრობა მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ცოცხალ ცხოველებსა და მცენარეებს, ისე მათგან მიღებულ ველური ბუნების პროდუქტებს, მათ შორის საკვები პროდუქტები, ეგზოტიკური ტყავის და ბეწვის ნაწარმი, ხის მუსიკალური ინსტრუმენტები, ხე-ტყე, სუვენირები, სამკურნალო საშუალებები, მალამოები და ა.შ. ცხოველთა და მცენარეთა ზოგიერთი სახეობის ექსპლუატაციის დონე მაღალია და მათით ვაჭრობას სხვა ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა ჰაბიტატის დაკარგვა, შეუძლია მნიშვნელოვნად გაანადგუროს მათი პოპულაციები და ზოგიერთი სახეობა გადაშენების პირასაც კი მიიყვანოს. ველური ბუნების სახეობათა ნაწილს ვაჭრობით საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ვაჭრობის მდგრადობის უზრუნველსაყოფად შეთანხმების არსებობა მნიშვნელოვანია ამ რესურსების სამომავლოდ დასაცავად. იმის გამო, რომ გარეული ცხოველებითა და მცენარეებით ვაჭრობა კვეთს საზღვრებს ქვეყნებს შორის, მისი რეგულირების მცდელობა მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას გარკვეული სახეობების გადაჭარბებული ექსპლუატაციისგან დასაცავად.[1]

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ასევე ჩამოაყალიბა CITES-ის სამდივნო, რომელიც კურირებს გაეროს კალენდრით გათვალისწინებული ამ განსაკუთრებული დღის გლობალურ აღნიშვნას. [2]

ამჟამად CITES კონვენციის მხარეა მსოფლიოს 184 ქვეყანა,ხოლო საქართველო CITES-ს შეუერთდა 1996 წელს.[3]

CITES-ის მიხედვით, „საერთაშორისო ვაჭრობა“ განისაზღვრება, როგორც კონვენციის დანართებში შეტანილი ცხოველთა და მცენარეთა სახეობების ნიმუშების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ინტროდუქცია ზღვიდან (სახელმწიფოში ნებისმიერი ისეთი სახეობის შეტანა, რომელიც მოპოვებულია ნეიტრალურ წყლებში). ასევე, საერთაშორისო ვაჭრობად განიხილება პირადი საკუთრების არაკომერციული მიზნით ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაც, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

ამჟამად კონვენციით რეგულირდება მცენარეთა და ცხოველთა დაახლოებით 38,700  სახეობა, მათგან 5,950 ცხოველთა და 32,800 მცენარეთა სახეობა. სახეობები მოცემულია 3 დანართში იმის მიხედვით, თუ რამდენად ემუქრებათ მათ საერთაშორისო ვაჭრობა. დანართები მოიცავს ზოგიერთ მთლიან ჯგუფს, როგორიცაა პრიმატები, ვეშაპები (ვეშაპები, დელფინები და ზღვის ღორები), ზღვის კუები, თუთიყუშები, მარჯნები, კაქტუსები და ორქიდეები. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ჩამოთვლილია მხოლოდ სახეობის ქვესახეობა ან გეოგრაფიულად ცალკეული პოპულაცია (მაგალითად, მხოლოდ ერთი ქვეყნის სახეობები).[4]

კონვენციით რეგულირდება არა მხოლოდ ცოცხალი მცენარეებითა და ცხოველებით, არამედ მათი ნაწილებითა და დერივატებით ვაჭრობაც; რაც ნიშნავს, რომ ნებართვას საჭიროებს CITES-ის დანართებში შეტანილი ცხოველების და მცენარეების, ასევე მათი ნაწილები და მათგან მიღებული პროდუქტების ნებისმიერი ტრანსსასაზღვრო გადაადგილება. [5]

შესაბამისად, აღნიშნული დღის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნა ითვალისწინებს როგორც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობასა და ადამიანის კეთილდღეობას, ისე ველური ბუნების გრძელვადიან კონსერვაციას.

 

[1] https://cites.org/eng/disc/what.php

[2] https://wildlifeday.org/

[3] https://cites.org/eng/disc/parties/chronolo.php

[4] https://cites.org/eng/disc/species.php

[5] https://cites.org/eng/app/index.php