• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • მაისი 24, 2023

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ხელმძღვანელობით 1973 წლიდან ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე. ეს არის გლობალური პლატფორმა გარემოსდაცვითი საზოგადოებისათვის და ამ დღესასწაულს მილიონობით ადამიანი ზეიმობს მსოფლიოში.

წლების განმავლობაში ეს დღე სხვადასხვა თემატიკას ატარებდა, ამით იპყრობდა საზოგადოების ყურადღებას და ზრდიდა ცნობიერებას მოსახლეობაში. მაგალითად, 2017 წელს 5 ივნისის მიზანი ადამიანებისა და ბუნების დაახლოება, დაკავშირება გახლდათ, 2016 წელს ველურ ბუნებაში უკანონო ვაჭრობის შემცირებას ისახავდა მიზნად, 2014 წელს პატარა კუნძულებზე გამახვილდა ყურადღება, 2011 წელს კი ტყეების დაცვა იყო მიზანი.

2023 წელს ამ დღესასწაულს მასპინძლობს კოტ დ’ივუარი. თემატიკა კი შემახსენებელ ხასიათს ატარებს და ყურადღებას ამახვილებს პლასტმასით დაბინძურების საკითხზე. მთავრობისა და სხვადასხვა დამოუკიდებელი ბიზნესების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად სწორედ ადამიანთა ქმედება უძღვის წინ. დროა, დაჩქარდეს ამ პრობლემის გადაჭრა.

ყოველწლიურად დაახლოებით 16,5 მილიონი ტონა პლასტმასას ნარჩენი იყრება ოკეანეებში.

ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ზღვისა და ხმელეთის 800-ზე მეტ ბინადარზე. ამასთანავე, დადგენილია, რომ პლანეტაზე თითოეული ადამიანი წელიწადში 50000-ზე მეტ პლასტმასის ნაწილაკს იღებს. გადაგდებული ან დამწვარი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასი ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და ბიომრავალფეროვნებას და აბინძურებს ეკოსისტემას მთის მწვერვალებიდან ოკეანის ფსკერამდე.

ზემოთხსენებული პრობლემების შესამცირებლად წრიული ეკონომიკა კარგი გამოსავალია. ის ფოკუსირებულია პროდუქტებსა და მასალებზე, რომლებიც არ არის ერთჯერადი გამოყენების და გადამუშავებადია. წრიული ეკონომიკის ფარგლებში პროდუქტები მუშავდება და მათი თავიდან გამოყენებაა შესაძლებელი და ის პროდუქტები, რომელთაც მრავალჯერადად ვერ ვიყენებთ, მუშავდება ქიმიურად ან მექანიკური პროცესით.

წრიულ ეკონომიკაზე გადასვლამ შეიძლება შეამციროს ოკეანეებში მოხვედრილი პლასტმასის რაოდენობა 80%-ზე მეტით, დაახლოებით 2040 წლისთვის; შეამციროს პლასტმასის წარმოება 55 %-ით; ამით დაიზოგება 70 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი 2040 წლამდე. სათბურის გაზების გამოყოფა შემცირდება 25 %-ით; და შედეგად, შეიქმნება 700,000 დამატებითი სამუშაო ადგილი – ძირითადად გლობალურ სამხრეთში.

პლასტმასას პრობლემა პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან და ზოგადად კლიმატის ცვლილებასთან, რაც მოგეხსენებათ დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ეკოსისტემას და ზოგადად ადამიანთა საცხოვრებელ გარემოს.

იმისათვის, რომ ეს უდიდესი პრობლემა გადაიჭრას, საჭიროა სრული ჩართულობა მთავრობებისა და სხვადასხვა კომპანიების მხრიდან, რათა ხაზი გაესვას საკითხის მნიშვნელობასა და პრობლემის მასშტაბურობას. ცნობიერების ამაღლება პირველი ნაბიჯია პროგრესისკენ, რასაც გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ემსახურება. აუცილებელია ადამიანები ყოველდღიური საქმიანობით უწყობდნენ ხელს ეკოსისტემის გაუმჯობესებასა და განვითარებას და სწორედ ამ ერთიანობით შევძლებთ დავეხმაროთ დედამიწას.

„ეკო ცენტრიც“ უკვე თითქმის 1 წელია ცდილობს, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს პლასტმასას შემცირებაში. ამ მიზნით, პლასტმასას გადამამუშავებელ საწარმო „პოლივიმთან“ ერთად 20 ივნისამდე საინტერესო კონკურსი გვაქვს და ვეცდებით არამხოლოდ პლასტმასა შევამციროთ, არამედ ქალაქის გამწვანებაშიც შევიტანოთ წვლილი. კონკურისის პირობებს ამ ბმულზე შეგიძლიათ, გაეცნოთ.

 


გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://circulesolutions.com/circular-packaging/?gclid=Cj0KCQjwmZejBhC_ARIsAGhCqnftPZQVwZsNlOnQELvdDEHgjmLyhNaA9S_3Rrir6JaBCXR38uX0eSUaAjpQEALw_wcB
  2. https://timesofindia.indiatimes.com/education/news/world-environment-day-2022-theme-importance-and-significance/articleshow/91999445.cms?fbclid=IwAR3g_a_S1OTP-P8nDejlD-9fzfOZlvN5KyGE9Ki2o64lDe2K-NQqkO_7lCs
  3. https://www.genevaenvironmentnetwork.org/world-environment-day/?fbclid=IwAR0Tx05zEMEVD4YsM9_dXPeJbLed7JJlghL8kr1cF7Cd3RemeNEnxpYPLY0
  4. https://www.worldenvironmentday.global/?fbclid=IwAR1MrwkB-KleRYwUf0rv5bFpC3ck3sC8-0fhU-bWBe0WDp3cwS64VFPBEn0