ოკეანეების საერთაშორისო დღე ყოველწლიური დღესასწაულია, რომელიც 8 ივნისს აღინიშნება. იდეა თავდაპირველად 1992 წელს კანადის ოკეანის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICOD) და კანადის ოკეანის ინსტიტუტმა (OIC) დედამიწის სამიტზე – გაეროს გარემოსა და განვითარების კონფერენციაზე (UNCED) რიო-დე-ჟანეიროში გამოთქვეს. Ocean Project-მა ოკეანის მსოფლიო დღის გლობალური კოორდინაცია 2002 წლიდან დაიწყო. 2008 წელს კი „ოკეანის მსოფლიო დღე“ ოფიციალურად იქნა აღიარებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ. ეს დღე ემსახურება ოკეანეების დაცვას, რესურსების მენეჯმენტსა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.
ოკეანე ფარავს დედამიწის უმეტეს ნაწილს, მაგრამ მისი მხოლოდ მცირე ნაწილია გამოკვლეული. მიუხედავად ოკეანის საჭიროებისა კაცობრიობისთვის, იგი სანაცვლოდ არ იღებს საკმარის ყურადღებასა და მზრუნველობას. თუმცა ეს ყველაფერი იცვლება. წლევანდელი გაეროს ოკეანეების საერთაშორისო დღე (UN WOD) აღნინიშნება თემით – „პლანეტა ოკეანე: ტალღები იცვლება“. 2023 წლის ღონისძიების აღსანიშნად, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აერთიანებს მეცნიერებს, კერძო სექტორის აღმასრულებლებლებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ძირძველ თემებს, ცნობილ ადამიანებსა და ახალგაზრდულ აქტივისტებს, რათა ხაზი გაუსვან ოკეანის მნიშვნელობას დედამიწისთვის. [1]
და მაინც, რატომ გვჭირდება ოკეანეების საერთაშორისო დღე? მიზეზი უამრავია. ოკეანე დედამიწის 70%-ს ფარავს და სწორედ მისი დახმარებით გვაქვს დედამიწაზე მჩქეფარე სიცოცხლე, ოკეანე საკვები რესურსია ძალიან ბევრი ადამიანისთვის და იგი ბიომრავალფეროვნების 80%-ის მფლობელია. ამ ყველაფრის მიუხედავად ადამიანთა საქმიანობამ დიდი საფრთხის წინაშე დააყენა ოკეანეები. აქ სრული კრიზისია. დაბინძურება, მიტოვებული სათევზაო ბადეები, გადაჭარბებული თუ არალეგალური თევზაობა და კლიმატის ცვლილება დიდ საშიშროებას უქმნის ჩვენს ოკეანეებს და ამასთან, დედამიწის მოსახლეობას. პრობლემა ცნობილია და მათი გადაჭრაც – სრულიად შესაძლებელი. საჭიროა მხოლოდ მოქმედება და სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი ოკეანეების საერთაშორისო დღე.
ერთობლივი ძალისხმევის გარეშე, 2050 წლისთვის მოსალოდნელია, რომ 20%-ით გაიზრდება იმ ნივთიერებების რაოდენობა ოკეანეში, რომელიც ხელს უშლის წყლის ეკოსისტემის განვითარებასა და სიჯანსაღის შენარჩუნებას. [2]ცნობიერების ამაღლებასთან ერთად საჭიროა სწორი აქტივობები იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ოკეანე ყველა ზემოთხსენებული პრობლემისგან. საზოგადო ჩართულობა კი პირველი ნაბიჯია ამ ყოველივესკენ. [3]
[1] https://www.unesco.org/en/days/oceans
[2] https://www.un.org/en/observances/oceans-day/background#:~:text=The%20concept%20of%20a%20’World,people%20can%20help%20protect%20it.
[3] https://www.msc.org/en-au/what-you-can-do/campaign-for-change/world-oceans-day