გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღე არის ყოველწლიური კამპანია, რომელიც ემსახურება ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში და ხაზს უსვამს გადამფრენი ფრინველების და მათი ჰაბიტატის შენარჩუნების აუცილებლობას. ამ დღეს მაისის მეორე შაბათს (ზოგ ქვეყანაში ოქტომბრის მეორე შაბათს) აღნიშნავენ, 2023 წელს ეს დღე 13 მაისი და 14 ოქტომბერი იქნება.
ყოველწლიურად გადამფრენი ფრინველების დაცვის დღეს მთელ მსოფლიოში ეწყობა საჯარო ღონისძიებები, როგორიცაა ფრინველთა ფესტივალი, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, გამოფენა და ფრინველებზე დაკვირვების ექსკურსია. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება წლის ნებისმიერ პერიოდში მიმდინარეობს, თუმცა საერთაშორისო დღესასწაულად სწორედ მაისის მეორე შაბათი ან ოქტომბრის მეორე შაბათი სახელდება.
ფრინველთა მიგრაცია ბუნების სასწაულია. 2000-ზე მეტი სახეობა, რაც მსოფლიოში ცნობილი ყველა სახეობის ფრინველის 20%-ს შეადგენს, მოგზაურობს თბილ ქვეყნებში გამრავლებისა და კვების მიზნით. ამ ფრინველებს შეუძლიათ გადაიფრინონ ათასობით კილომეტრი შესაფერისი ჰაბიტატის საპოვნელად. ფრინველები გრძნობენ გარემო პირობების ცვლილებას და იწყებენ გადაადგილებას იქ, სადაც მათთვის უკეთესი გარემო იქნება.
იმის გამო, რომ გადამფრენი ფრინველები შორ მანძილზე მოგზაურობენ, მათ ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტი როლიც აქვთ სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი ეკოსისტემის შენარჩუნების საკითხში. მათი საშუალებით კონტროლდება მავნებლებისა და მწერების რაოდენობა და ამასთანავე ისინი მონაწილეობას იღებენ დამტვერვაში, მათ გადააქვთ თესლები და მკვებავი ნივთიერებები. ამის კარგი მაგალითია მერქნიანი ხეების თესლები, რომელთა 90%-ზე მეტი სწორედ გადამფრენ ფრინველებს გადააქვთ.[1]
2023 წელს გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღე ყურადღებას გაამახვილებს წყლის თემაზე და ხაზს გაუსვამს მის მნიშვნელობას ფრინველებისთვის.
წყალი ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის ჩვენს პლანეტაზე. გადამფრენი ფრინველების უმრავლესობა სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ეყრდნობა წყლის ეკოსისტემებს, რაც გულისხმობს ჭაობებს, მდინარეებს, ტბებსა და ნაკადულებს. სამწუხაროდ, წყლის ეკოსისტემა მუდმივი საფრთხის წინაშე დგას, რაც შესაბამისად სახიფათოა გადამფრენი ფრინველებისთვის.
წყლის მნიშვნელობის ხაზგასმასთან ერთად გადამფრენი ფრინველების დაცვის დღეს განისაზღვრება ძირითადი ქმედებები წყლის რესურსებისა და წყლის ეკოსისტემების დასაცავად. [2]
გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღე 2006 წლიდან უდიდეს მნიშვნელობას ატარებს. ამ დღის პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება, რაც საზოგადოების ცნობიერებას ზრდის შედეგია. ხშირად სწორედ მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი ჩვენი ეკოსისტემის დაცვა.
[1]https://www.genevaenvironmentnetwork.org/resources/updates/world-migratory-bird-day/
[2] https://www.migratorybirdday.org/