• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • აგვისტო 3, 2023

თანამედროვეობის ახალგაზრდა ქალ ეკო-აქტივისტთაგან გრეტა ტუნბერგის სახელი, ალბათ, ყველაზე გავრცელებული და ყველასთვის ნაცნობია, თუმცა, მსოფლიოს გარშემო, მსგავს ბრძოლაში არაერთი ახალგაზრდა ქალია ჩართული.

ერთ-ერთი მათგანია ქუანნა ჩეიზინგჰორსი – 21 წლის ამერიკელი მოდელი და აქტივისტი.

იგი მონაწილეობს გარემოსდაცვით აქციებში, აწარმოებს ადვოკატირების კამპანიას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედებისა და მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დასაცავად. ამ ბრძოლაში კი, მას მხარს უჭერს მისი დედა და დეიდები.

ბავშვობის პირველი წლების არიზონაში, მონღოლეთსა და ნიუ მექსიკოში გაატარების შემდეგ ჩეიზინგჰორსი დედის სამშობლოში – ალასკაზე დაბრუნდა, სადაც იზრდებოდა ისეთი ცხოვრების წესით, რომელიც მოიცავდა ნადირობას, თევზაობას, გადაადგილებას ძაღლების მარხილით.

ჩეიზინგჰორსი არის არქტიკის ველური ბუნების ეროვნული ნაკრძალის (Arctic National Wildlife Refuge) მეოთხე თაობის მცველი. ეს არის 20 მილიონი აკრის ფართობზე არსებული ეკოსისტემა, რომელსაც საფრთხე შეექმნა წიაღისეული საწვავის მოპოვების გამო. გოგონა, ასევე, ალასკის ველური ბუნების ლიგის წევრია და მუდმივად ხაზს უსვამს საკუთარ სურვილს, რომ მომავალ თაობებს აღარ უწევდეთ ბრძოლა.

სულ რაღაც 17 წლის ასაკში ის გახდა გუიჩ’ინ-ის საერთაშორისო ახალგაზრდული საბჭოს (International Gwich’in Youth Council) წევრი, რომლის ფარგლებში იგი მოგზაურობდა ვაშინგტონში, ნიუ იორკსა და კოლორადოში, სადაც ლობირებდა ნავთობის მოპოვების წინააღმდეგ, ვინაიდან ეს ზიანს აყენებდა ნაკრძალს; ასევე, ითხოვდა კანონის შემუშავებას, რომელიც სამუდამოდ დაიცავდა ტერიტორიას.

გარდა ამისა, ის ცდილობდა, დაერწმუნებინა ამერიკის ფინანსური ინსტიტუტები, რომ არ დაეფინანსებინათ არქტიკაში ნავთობის მოპოვება. ის ჯერ კიდევ 2019 წელს მოუწოდებდა ალასკის მკვიდრთა ფედერაციას (Alaska Federation of Natives), რომ გამოეცხადებინა საგანგებო მდგომარეობა კლიმატის ცვლილების გამო და აღედგინათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებდა მკაფიოდ განსაზღვრულ პოლიტიკას პრობლემის გადასაჭრელად.

ეს ნაკრძალი ალასკის ჩრდილოეთ ფერდობის რეგიონის ვრცელ ტერიტორიას მოიცავს და წარმოადგენს აშშ-ის ყველაზე დიდ ველური ბუნების ეროვნულ ნაკრძალს.  არქტიკული წრის შემადგენლობაში შემავალ დაცულ ტერიტორიათაგან ყველაზე მდიდარი ბიომრავალფეროვნება სწორედ აქ გვხვდება. აქ გავრცელებულ მცენარეებისა და ცხოველების მრავალ სახეობათა შორის არიან პოლარული დათვი, არწივი და ჩრდილოეთის ირემი.

როგორც ამ რეგიონის მკვიდრი, და მასთან მჭიდრო კულტურული კავშირის მქონე, ჩეიზინგჰორსი ხედავდა, რა შედეგები მოაქვს კლიმატის ცვლილებას და რა გავლენა აქვს მას ადგილობრივ მოსახლეობაზე.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი, ჩრდილოეთის ირმის კონსერვაციაა. საუკუნეებია, რაც გუიჩ’ინ-ის ხალხი ამ სახეობაზეა დამოკიდებული და მისი გადარჩენა საკუთარი გადარჩენის ტოლფასია მათთვის.

ჩეიზინგჰორსს დიდი წვლილი მიუძღვის „არქტიკის კულტურული და სანაპირო დაბლობების დაცვის აქტის“ ამოქმედებაში. აქტმა აღადგინა ნაკრძალის დაცვის გარანტიები, რომელიც 2017 წლიდან იყო გაუქმებული და უზრუნველყო ნავთობის მოპოვების შეზღუდვა.

„როგორც მკვიდრი მოსახლეობა, ჩვენ არ მივიჩნევთ საკუთარ თავს ბუნებისგან ცალკე მდგომ ან უპირატეს სახეობად. როდესაც მიწასთან მჭიდრო კავშირით იზრდები, ბუნებრივია, მისი დაცვის სურვილი გქონდეს, რადგან ის შენი ნაწილია“.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ჩეიზინგჰორსი ცდილობს, ცნობიერება აუმაღლოს ადგილობრივ ტომებს არაერთ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, კლიმატსამართლიანობის, რელიგიური მნიშვნელობის მიწებისა და წყლების დაცვის, ადგილობრივი სუვერენიტეტისა და დაკარგული და მოკლული ადგილობრივი ქალებისა და გოგონების მოძრაობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მკვიდრი ქალების წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთას.

 

ჩეიზინგჰორსი ხაზგასმით უწოდებს საკუთარ თავს დამცველს და არა აქტივისტს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ სიტყვა „დამცველი“ ფართოდ გამოიყენება ადგილობრივ ამერიკელებში, თუმცა მეტწილად იმიტომ, რომ, მისი აზრით, „ნებისმიერ ადამიანს შეიძლია, იყოს აქტივისტი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე, ცნობიერების ამაღლების გზით, პირდაპირი მნიშვნელობით ვიცავ ჩემს სასიცოცხლო წყაროს, ჩემს კულტურას, ტრადიციებსა და ხალხს და ამით შემაქვს საკუთარი წვლილი ჩემი ხალხის წინაშე“.

კლიმატის ცვლილებამ უკვე დიდი ზიანი მოუტანა არქტიკას. მაგალითად, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ალასკაში ტემპარატურამ 2,5 ფარენჰეიტით (-16,380C) მოიმატა და „Climate Reality Project“-ის კლიმატური მოდელების მიხედვით, 30 წელიწადში არქტიკის წყლებში ზაფხულში ყინული აღარ იქნება. არქტიკის ეკოსისტემის ცვლილება რთულად აღსაქმელი იყო ბოლო პერიოდამდე, იქამდე, ვიდრე ეკოლოგებმა არ დაიწყეს მტკიცება, რომ შესაძლოა, ამერიკული ცხენ-ირემის პოპულაცია ათწლეულის ბოლომდე გადაშენდეს.

მსოფლიო ბანკის მიხედვით, ადგილობრივი ხალხები იცავენ დედამიწის ბიომრავალფეროვნების 80%-ს. „დროა, გავითვალსიწინოთ ადგილობრივი ხალხის აზრი და პატივი ვცეთ მათ ცოდნას“ – ამბობს ჩეიზინგჰორსი „ჩვენ დღეს არსებულ პრობლემებზე არაერთი გამოსავალის შეთავაზება შეგვიძლია, თუმცა ამაზე არავინ საუბრობს. არაერთ ადგილობრივ არაკომერციულ ორგანიზაციას უამრავი მნიშვნელოვანი კვლევა აქვს გაკეთებული, სადაც გაერთიანებულია ადგილობრივი ღირებულებები და სწავლებები; ამას კი პირდაპირი და მყარი ცვლილებების მოტანა შეუძლია“.

მის მიდგომას იზიარებს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის აღმასრულებელი მდივანი პატრისია ესპინოზა, რომელიც ამბობს – „ადგილობრივი მოსახლეობა კლიმატის ცვლილებიდან გამოსავლის ძიების ნაწილი იუნდა იყოს, რადგან მათ აქვთ თავიანთი წინაპრების ტრადიციული ცოდნა და ამ ცოდნის სათანადოდ დაუფასებლობა შეუძლებელია“.

სამოდელო კარიერა ჩეიზინგჰორსს საშუალებას აძლევს, საკუთარი მემკვიდრეობა ადგილობრივი მოდის გამოყენებით წარმოაჩინოს და ხელი შეუწყოს მდგრად ადგილობრივ ბრენდებს. მისი გარდერობი სავსეა ადგილობრივი ბრენდებით. ამასთან, ქუანნა სამოდელო საქმიანობას აღიქვამს, როგორც ეფექტურ საშუალებას, მაქსიმალურად გაავრცელოს ინფორმაცია თავისი კულტურის შესახებ, ამისათვის კი, ის გადაღებებზე საკუთარ ტრადიციულ სამკაულებს იყენებს; და ამბობს „ყოველთვის მინდოდა საკუთარი ხალხი საუკეთესოდ წარმომეჩინა და ახლა, ჟურნალების ყდებსა თუ პოდიუმზე ყოფნით ამის შანსი მაქვს. მნიშვნელოვანია, იყო ის, ვინც შეცვლის სხვების აღქმას სილამაზის შესახებ, რადგან არსებობენ გოგონები, რომლებიც ჩემნაირად გამოიყურებიან, თუმცა უჩვეულოდ/უცხოდ გრძნობენ თავს“. ასევე, ის თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, რომლებიც მდგრადი, გადამუშავებული მასალისგან ქმნიან კოლექციას და დონაციით ეხმარება ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ზრუნავენ ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებაზე მსოფლიო მასშტაბით.

“მოდელობა ჩემთვის აქტივიზმის კიდევ ერთი ასპარეზი გახდა. ესაა პლატფორმა, სადაც შემიძლია, პრობლემურ საკითხებზე ვისაუბრო, ამიტომაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლო ისეთ დიზაინერებსა და ბრენდებთან, რომლებთანაც საერთო ღირებულება მაკავშირებს კლიმატ სამართლიანობისა და მდგრადობის შესახებ“.

ჩეიზინგჰორსს უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Chanel, Calvin Klein, Patagonia and Savage X Fenty; მოხვედრილა ისეთი ჟურნალების გარეკანზე, როგორიცაა მექსიკის ვოგი (Vogue Mexico), ჟურნალი ელი (Elle ), ჟურნალი „V” (V Magazine) , ჟურნალი „Porter”; ხოლო „მეტ გალას“ (Met Gala) ღონისძიება მისთვის არის ამბის მოყოლის საშუალება თავისი წარმოშობისა და კულტურის შესახებ. მისი დებიუტი მეტ გალაზე 2021 წლის სექტემბერში შედგა, სადაც ტრადიციული სამოსითა და მისი დეიდის ტრადიციული სამკაულით ქუანნას გამოჩენა გახდა ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილი სახე მეტ გალას ხალიჩაზე ტრადიციული ადგილობრივი დიზაინით წარსდგა.

დამატებით, მისი ტრადიციული, გუიჩ’ინ-ის სახის ტატუების წყალობით, რომელსაც „Yidįįłtoo“ ეწოდება, ჩეიზინგჰორსის ამოცნობა ძალიან მარტივად შეიძლება. ეს ტატუები ბოლო საუკუნეების განმავლობაში აკრძალული იყო. ქუანნას სახეზე ისინი გოგონას ცხოვრებისეულ მოვლენებს აღნიშნავს, და, ტრადიციის მიხედვით, ისინი მოხატულია ხელით, ქალის მიერ; ქუანნას შემთხვევაში, მათი ავტორი ქუანნას დედაა.

2021 წელს ჟურნალ ვოგთან ინტერვიუსას ჩეიზინგჰორსმა განმარტა, რომ ხაზები მის სახეზე თაობათა ტრავმას გამოხატავს და „ტატუს „დაბრუნება“ მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან გრძნობ იმ პასუხისმგებლობას, რომ შენ აგრძელებ ტრადიციას, რომელსაც აღარ უნდა ეარსება“.

როგორც საკუთარ აქტივიზმს და არჩევანს ჩაცმის სტილთან დაკავშირებით, მოდელი ტატუს აღიქვამს გამოხატვის საშუალებად იმისათვის, რომ სხვებს უამბოს თავისი კულტურის უცნობი დეტალების შესახებ.

 

 

 

გამოყენებული წყაროები:

https://www.discoverwildlife.com/people/female-naturalists-and-environmentalists/

https://www.adamatoulon.fr/en/honoring-women/quannahchasinghorse

https://www.missionmag.org/indigenous-leader-quannah-chasinghorse-is-a-protector-not-an-activist/

https://www.businessoffashion.com/community/people/quannah-chasinghorse#:~:text=She%20made%20her%20name%20as,oil%20development%20in%20the%20Arctic

https://www.sbs.com.au/nitv/article/quannah-chasinghorse-serves-again-at-the-annual-met-gala/xty3p8e7m