• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • ივნისი 29, 2023

გარემოს დაცვის სფეროში ცოტა სახელი თუ მოიხსენიება ისეთი პატიცისცემითა და მნიშვნელობით, როგორც რეიჩელ ლუიზა კარსონი. გამორჩეული მეცნიერი, მწერალი და აქტივისტი – კარსონის ინოვაციური საქმეები დღესაც შთამაგონებელია გარემოსდამცველთათვის. მისი დაჟინებული და განუწყვეტელი სწრაფვა ცოდნის შეძენისკენ, საზოგადოებრივი ნორმების ცვლილებისთვის ბრძოლის სიმამაცე და ჩვენი პლანეტის დაცვაში გამოჩენილი ერთგულება გარემოს დაცვის სფეროში ქალების შესანიშნავი მიღწევების დასტურია.

რეიჩელ კარსონი 1907 წლის 27 მაისს პენსილვანიაში დაიბადა. ბუნების მიმართ ინტერესი მას ადრეული ასაკიდან განუვითარდა. ბავშვობაში მისი მთავარი გატაცება იყო ბუნება და წერა. რეიჩელის ნამუშევარი პირველად 10 წლის ასაკში გამოაქვეყნა ჟურნალმა St. Nicholas, რომელიც აშუქებდა ახალგაზრდა მწერლების შემოქმედებას.

მდინარე ალეგენისა და პენსილვანიის სასოფლო დასახლების კვლევისას მიღებული გამოცდილება სამომავლოდ რეიჩელის გარემოსდაცვითი ადვოკატირების საქმიანობაში ჩაბმის საფუძველი გახდა. მეცნიერებისადმი ინტერესმა და მიდრეკილებამ კარსონი, საბოლოოდ, ბიოლოგიასა და ზოოლოგიაში აკადემიური ხარისხის მიღებამდე მიიყვანა, რამაც ასევე საფუძველი დაუდო მის შესანიშნავ კარიერას.

1925 წელს კარსონმა პენსილვანიის ქალთა კოლეჯში (Pennsylvania College for Women) ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე ჩააბარა, რათა მწერალი გამხდარიყო. თუმცა, სწავლის პერიოდში, მან მიმართულება შეიცვალა და ბიოლოგიის სწავლა დაიწყო.

რეიჩელმა ოკეანის კვლევის პირველი გამოცდილება მასაჩუსეტსში, აშშ-ის საზღვაო ლაბორატორიაში სტაჟირების დროს მიიღო. კურსის დასრულების შემდეგ, მას მიენიჭა სტიპენდია და სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში განაგრძო. იმ დროში, ეს ქალისთვის უდიდესი მიღწევა იყო.

როგროც წერაში, ისე ბიოლოგიაში მისი გამორჩეული უნარების წყალობით, 1935 წელს რეიჩელმა აშშ-ის მეთევზეთა ბიუროში დაიწყო მუშობა ნახევარ განაკვეთზე; აქ მას სთხოვეს, შეექმნა მოკლე რადიო პროგრამების სერია წყალქვეშა სიცოცხლის შესახებ სახელწოდებით „წყალქვეშა რომანსი“ (“Romance Under the Waters“). ამასთანავე, ის აგრძელებდა ბუნებისა და კონსერვაციის შესახებ საკუთარი ნაშრომების წარდგენას სხვადასხვა ჟურნალისა და გაზეთისთვის.

1936 წელს კარსონი უმცროსი საზღვაო ბიოლოგის პოზიციაზე დაწინაურდა და ერთ-ერთი იყო მხოლოდ იმ ორ ქალთაგან, რომელნიც ბიუროში პროფესიულ დონეზე იყვნენ დასაქმებული.

მეორე მსოფლიო ომის დროს კარსონი იყო იმ პროგრამის მონაწილე, რომლის ფარგლებშიც წყალქვეშა ხმებს, სიცოცხლესა და რელიეფს სწავლობდნენ, რათა დახმარებოდნენ საზღვაო ძალებს წყალქვეშა ნავების აღმოჩენისათვის ტექნიკებისა და აღჭურვილობის განვითარებაში.

კარსონის პირველმა წიგნმა, „წყალქვეშა ქარი“ (Under the Sea-Wind), რომელიც 1941 წელს გამოქვეყნდა წარმოაჩინა მისი უნიკალური უნარი, გადმოეცა რთული სამეცნიერო მასალა მკაფიო პოეტური ენით, რასაც შეეძლო მკითხველის მოხიბლვა და ბუნების მიამრთ მათი ინტერესის გაღვივება.

რამდენიმე დაწინაურების შემდეგ, კარსონი გახდა აშშ-ის თევზისა და ველური ბუნების სამსახურის (U.S. Fish and Wildlife Service) ყველა გამოცემის მთავარი რედაქტორი.

კარსონის მეორე წიგნი – „ზღვა ჩვენს გარშემო“ (The Sea Around Us) – 1951 წელს გამოქვეყნდა; 32 ენაზე ითარგმნა და The New York Times-ის ბესტსელერთა სიაში 81 კვირის განმავლობაში იკავებდა ადგილს. მისმა წარმატებამ კარსონს თანამდებობის დატოვება გადააწყვეტინა, რათა წერისთვის მეტი დრო დაეთმო.

ამის შემდეგ კიდევ გამოქვეყნდა მისი რამდენიმე ნაშრომი, თუმცა 1962 წელს გამოქვეყნებული მისი ბოლო წიგნი – „მდუმარე გაზაფხული” (Silent Spring) გახდა ის ფაქტორი, რომელმაც სიცოცხლის სხვა ფორმების მიმართ საზოგადოების პასუხისმგებლობის გამოღვიძება განაპირობა. წიგნში კარსონი წვრილმანი ბიოლოგიური დეტალებით აღწერს პესტიციდების გამოყენების ნამდვილ საფრთხეებს ეკოსისტემაზე.

წიგნის დაწერა კარსონს მეგობრის წერილმა შთააგონა, რომელშიც იგი უყვებოდა, როგორ დაიღუპნენ ჩიტები პესტიციდების გაფრქვევის გამო. წიგნის დაწერა კარსონმა მას შემდგე გადაწყვიტა, რაც შეიტყო ძლიერმოქმედი პესტიციდების, მათ შორის დდტ-ის (DDT – დიქლოროდიფენილტრიქლოროეთანი) ფართო და ხშირად უგუნური გამოყენების შესახებ, რასაც საბოლოოდ გარემოსდაცვითი პრობლემები მოჰქონდა, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა ჩიტების პოპულაციის შემცირება. წიგნში, უპირველესად, აღწერილია პესტიციდების მავნე ზემოქმედება ეკოსისტემაზე, თუმცა რამდენიმე თავი დეტალურად აღწერს მათ გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, მათ შორის, სიმსივნეზე. საკუთარ ნაშრომში კარსონი ასევე ადანაშაულებდა ქიმიურ მრეწველობას დეზინფორმაციის გავრცელების გამო და საჯარო მოხელეებს ინდუსტრიის მოთხოვნების მიმართ გამოჩენილი ლმობიერების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიის მხრიდან ამ ყველაფერს სასტიკი კრიტიკა მოჰყვა და მის დისკრედიტაციას კომუნისტ და ისტერიკულ ქალად შერაცხვით ცდილობდნენ, რეიჩელმა კვლევის შეწყვეტის მოთხოვნით ინდუსტრიისა და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასაც გაუძლო, თავისი საქმე ბოლომდე მიიყვანა და მარტივად და დამაჯერებლად აღწერა კავშირი ადამიანებსა და ბუნების სხვა ქმნილებებს შორის; მოუწოდა თაობებს, რომ ქიმიკატები მაქსიმალური სიფრთხილით გამოიყენონ და რომ მათი არასათანადო გამოყენება საშინელ გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოზე.

„მდუმარე გაზაფხულმა“ დადებითი შეფასებები მიიღო, როგორც საზოგადოების, ისე მეცნიერების მხრიდან.

ნაშრომში კარსონმა ეჭვქვეშ დააყენა ის მოსაზრება, რომ ადამიანს აქვს უფლება, მოიპოვოს ბატონობა გარემოზე, განსაკუთრებით, პესტიციდების გამოყენების გზით.

სწორედ აღნიშნულმა ნაშრომმა დაუდო საფუძველი პესტიციდებთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკის ცვლილებას აშშ-ში, მათ შორის დდტ-ის გამოყენების სრულ აკრძალვას სოფლის მეურნეობაში:

ბევრი გამოჩენილი მეცნიერი მხარს უჭერდა რეიჩელს და, როდესაც პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს წიგნში წამოჭრილი საკითხების დეტალური შესწავლა დაავალა, საბჭოს ანგარიშმა სრულიად გაამართლა „მდუმარე გაზაფხულიც“ და მისი ავტორიც. შედეგად დდტ-ის გამოყენება მთავრობის მხრიდან მკაცრი რეგულაციების ქვეშ მოექცა, საბოლოოდ კი, აშშ-ში 1972, ხოლო მსოფლიოში 2004 წელს აიკრძალა. მისი გამოყენება დასაშვები იყო მხოლოდ მალარიის გამომწვევი კოღოების საწინააღმდეგოდ.

„მდუმარე გაზაფხულმა“ ამერიკელ ხალხამდე მიიტანა ინფორმაცია გარემოსდაცვითი საკითხებისა და პრობლემების შესახებ; ეს იყო მემკვიდრეობა, რომელიც დღემდე ნარჩუნდება და მოძრაობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს შექმნას.

თუმცა, ყველაზე ღირებული, რაც წიგნმა დატოვა, მაინც, ადამიანების ცნობიერების ამაღლება და იმის წარმოჩენა იყო, რომ გარემო მოწყვლადია ადამიანის ჩარევის მიმართ.

გარდა ამისა, წიგნი გახდა რადიკალური გარემოსდაცვითი აქტივიზმის მოდელი, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა გავრცელებული დამოკიდებულება მეცნიერული პროგრესის სარგებელისა და გარემოს მიმართ ადამიანების დამოკიდებულების შესახებ.

კარსონის ინოვაციური მიღწევები ხაზს უსვამს ქალის სასიცოხლო როლს გარემოსდაცვით მოძრაობაში. უანგარი მაატჰაიდან დაწყებული ვანდანა შივამდე, ქალებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს მსოფლიოს გარშემო გარემოსდაცვითი ცვლილებების განხორციელებაში. მათი წვლილი იკითხება არაერთ დისციპლინაში, მათ შორისაა ეკოლოგია, კონსერვაცია, მდგრადობა და პოლიტიკის შემუშავება. მომავალი თაობების შთაგონებისა და ინკლუზიური და სამართლიანი გარემოსდაცვითი მოძრაობების ხელშეწყობისათვის აუცილებელია ქალი გარემოსდამცველების ხმის გაძლიერება.

რეიჩელ ლუიზა კარსონი 1964 წელს, 57 წლის ასაკში სიმსივნისგან გარდაიცვალა, თუმცა მისმა შეუპოვარმა სულისკვეთებამ და გარემოს დაცვაში შეტანილმა უდიდესმა წვლილმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს სამყაროზე.

 

 

გამოყენებული წყაროები:

  1. https://www.fws.gov/
  2. https://www.britannica.com/topic/Silent-Spring
  3. https://www.nrdc.org/stories/story-silent-spring
  4. https://www.discoverwildlife.com/people/female-naturalists-and-environmentalists/
  5. https://www.fws.gov/sites/default/files/documents/RachelCarsonNWR%20General%20Brochure%20508.pdf
  6. https://www.womenshistory.org/education-resources/biographies/rachel-carson
  7. https://www.fws.gov/staff-profile/rachel-carson-1907-1964-author-modern-environmental-movement
  8. https://www.britannica.com/topic/Johns-Hopkins-University.