• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • ივნისი 7, 2023

უანგარი მუტა მაატჰაი (1940 – 2011) იყო კენიელი პოლიტიკოსი, გარემოსდაცვითი აქტივისტი და პირველი აფრო-ამერიკელი ქალი, რომელმაც 2004 წელს ნობელის პრემია მოიპოვა მშვიდობის დარგში, უფრო კონკრეტულად კი, „მდგრად განვითარებაში, დემოკრატიასა და მშვიდობაში შეტანილი წვლილისათვის“. გარდა ამისა, აღმოსავლეთ და ცენტრალური აფრიკის მასშტაბით, ის იყო პირველი ქალი, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი.

მაატჰაი კენიის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა და ბავშვობიდან ხედავდა, როგორ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული კონფლიქტი, ძალაუფლების დაკარგვა, გარემოს დეგრადაცია, სიღარებე და არასაკმარისი, უხარისხო საკვები. მაატჰაი ამბობდა – „ღარიბი ხალხი უკანასკნელ ხეს მოჭრის, რათა უკანასკნელი საკვები მოამზადოს; რაც უფრო მეტად ვაზიანებთ გარემოს, მით უფრო ღრმად ვეფლობით სიღარიბეში“.

მაატჰაის სხვა კენიელი ქალებისგან სმენოდა, რომ მათი საკვებისა და წყლის მარაგი სულ უფრო არასაკმარისი ხდებოდა; ამასთან, შეშის მოსაპოვებლად სულ უფრო და უფრო შორს უწევდათ წასვლა, რაც დიდ დროს მოითხოვდა და სახლის მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას, მათ შორის, ბავშვების სათანადო მოვლას, ვეღარ ასწრებდნენ. მაატჰაი გამოსავალს ხეების დარგვაში ხედავდა და ფიქრობდა, რომ ამ ქმედებას შეეძლო სიღარიბის შემსუბუქება, ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და გარემოს შენარჩუნება.

მის თანამედროვეობაში მცხოვრები ბევრი გოგონასგან განსხვავებით, უანგარიმ ფორმალური განათლება მიიღო ჯერ ადგილობრივ დაწყებით და საშუალო სკოლებში, ხოლო შემდეგ, მაატჰაი იყო 300 კენიელი სტუდენტიდან ერთ-ერთი, რომელიც 1960 წელს გახდა „Airlift Africa” პროგრამის მონაწილე და მოიპოვა სტიპენდია შეერთებულ შტატებში სწავლის გასაგრძელებლად. ბიოლოგიურ მეცნიერებებში ბაკალავრისა (კოლეჯი “Mount St. Scholastica”) და მაგისტრის ხარისხების (პიტსბურგის უნივერსიტეტი) მოპოვების შემდეგ იგი დაბრუნდა კენიაში და 1971 წელს ნაირობის უნივერსიტეტში მოიპოვა დოქტორის ხარისხი ვეტერინარულ ანატომიაში. ხარისხის მოპოვების შემდეგ იგი პროფესორის სტატუსით დარჩა უნივერსიტეტში და ასწავლიდა ვეტერინარული ანატომიის დეპარტამენტში, 1977 წელს კი დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა. დოქტორის ხარისხის მოპოვების მსგავსად, მაატჰაი იყო რეგიონში პირველი ქალი, ვინც ეს პოზიცია დაიკავა.

სამშობლოში დაბრუნებულ მაატჰაის ორი მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა – შეემსუბუქებინა გარემოზე ზიანი თავის ქვეყანაში და ეზრუნა ქალთა უფლებებისათვის.

კენიის ქალთა ეროვნულ საბჭოში მუშაობისას მაატჰაის გაუჩნდა სათემო დარგვის (community tree-planting) იდეა. მას სჯეროდა, რომ ამ მეთოდით შესაძლებელი იყო სიღარიბის შემცირება, ისე რომ გარემოზე არ მიეყენებინათ ზიანი. მისი აზრით, სოფელში მცხოვრებ ქალებს ხეების დარგვით შეეძლოთ გარემოს გაუმჯობესება, ამით მათ შეშაც ექნებოდათ და დეფორესტაციის/გაუტყეურების და გაუდაბნოების პროცესსაც შეაჩერებდნენ.

მაატჰაის ეს იდეა გადაიზარდა „მწვანე სარტყლის მოძრაობაში“ (Green Belt Movement”) რომელიც მან 1977 წელს დააარსა. მოძრაობის ფარგლებში, მაატჰაი კენიელ ქალებს ასწავლიდა, როგორ დაერგოთ ხეები გაჩეხილ ტერიტორიებზე; ამით იგი ავრცელებდა მიწის მდგრადი გამოყენების პრაქტიკას.

მაატჰაი მოუწოდებდა ქალებს, გაეშენებინათ სანერგე ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამისათვის მათ მცირე ანაზღაურებასაც აძლევდა.

მოძრაობის ფარგლებში 30,000 ქალი გადამზადდა და 51 მილიონი ხე დაირგო.

გარდა ამისა, მაატჰაი სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის წინააღმდეგაც იბრძოდა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ადგილობრივ მოსახლეობას მიწას და ტყეს „ართმევდა“ კერძო გამოყენებისთვის.

სწორედ გარემოსა და ქალთა უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო ნობელის პრემია მაატჰაიმ 2004 წელს. 2009 წელს კი გაეროს მშვიდობის ელჩი გახდა.

თუმცა მანამდე, 2002 წელს მაატჰაი ხმათა 98%-იანი მხარდაჭერით კენიის პარლამენტის წევრად აირჩიეს და დაინიშნა გარემოსა და ბინებრივი რესურსების მინისტრის თანაშემწედ.

1986 წელს „მწვანე სარტყლის მოძრაობის“ ლიდერებმა დააფუძნეს პან-აფრიკული მწვანე სარტყლის ქსელი, რათა მსოფლიო ლიდერებისთვის ესწავლებინათ კონსერვაციისა და გარემოსდაცვითი გაუმჯობესების მნიშვნელობა. მოძრაობის აქტივიზმის შედეგად მსგავსი ინიციატივები დაიწყო აფრიკის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, ტანზანიაში, ეთიოპიასა და ზიმბაბვეში.

ეკოფემინიზმსა და თანაბარი მონაწილეობის იდეაში შეტანილი წვლილის გამო უანგარი მაატჰაის ჰქონდა ისტორიული მნიშვნელობის გავლენა გლობალურ გარემოსდაცვით მოძრაობაზე.

 

„ხეების დარგვით ჩვენ ვთესავთ იმედისა და მშვიდობის მარცვლებს“

(უანგარი მაატჰაი) 

 

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ქალთა ფონდი საქართველოში”

 

გამოყენებული წყაროები:

– https://sustainability.uconn.edu/2018/04/12/5-women-who-have-revolutionized-the-environmental-movement/

– https://www.britannica.com/biography/Wangari-Maathai

– https://www.discoverwildlife.com/people/female-naturalists-and-environmentalists/

– https://www.amightygirl.com/blog?p=11863

– https://www.ecowatch.com/9-influential-female-environmentalists-you-should-know.html