ისრა ჰირსი (დაიბადა 2003 წლის 22 თებერვალს) არის 21 წლის ამერიკელი გოგონა მინესოტადან, რომელიც ეწევა ადვოკატირებას კლიმატისა და რასობრივი სამართლიანობისათვის.
შავკანიანი, მუსლიმი გოგონას მამოძრავებელი ძალა კლიმატსამართლიანობის მოძრაობაში მრავალფეროვნების ადვოკატირებისათვის სწორედ მისი იდენტობა იყო.
სხვების დახმარებისა და მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის მიზანი მან ადრეული ასაკიდანვე დაისახა. სოციალური ცვლილებებისათვის მისი შთაგონება იყო დედამისი, კონგრესმენი ილჰამ ომარი. გარემოსდაცვითი აქტივიზმი კი, უფროსკლასელობის პირველივე წელს, თავისი სკოლის გარემოსდაცვით კლუბში გაწევრიანებით დაიწყო. გარემოს დეგრადაციისა და ადამიანებზე კლიმატის ცვლილების შედეგების შემყურემ, ჰირსიმ თავი ვალდებულად იგრძნო, ემოქმედა.
ჰირსი არის 2019 წელს დაარსებული აშშ-ის „ახალგაზრდული კლიმატური მოძრაობის“ (US Youth Climate Strike) თანადამფუძნებელი და თანააღმასრულებელი დირექტორი. ამავე წელს ის გახდა ორი ჯილდოს მფლობელი „ბროუერის ახალგაზრდული ჯილდო“/Brower Youth Award და „მომავლის ხმის ჯილდო“/Voice of the Future Award.
ახალგაზრდული მოძრაობა აორგანიზებს და უძღვება დემონსტრაციების სერიას, რომელიც მიმართულია კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და მოუწოდებს მთავრობებს, იმოქმედონ სანამ ძალიან გვიანი არ არის. 2019 წლის 15 მაისამდე უკვე 47-ზე მეტი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდათ ისრასა და მის თანამოაზრეებს აქციები ჩატარებული. ჰირსი კი არის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელმაც ეს მოძრაობა აშშ-ის თითქმის ყველა შტატში გაავრცელა და ითამაშა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდების მობილიზებაში, მათი ხმის გაძლიერებასა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ქმედუნარიანი პოლიტიკის შემუშავების მოთხოვნაში.
ის, რაც ჰირსის სხვა ახალგაზრდა აქტივისტებისგან გამოარჩევს, არის მისი მოწოდება და სურვილი, რომ კლიმატის ცვლილებისთვის ბრძოლა იყოს ინკლუზიური და მრავალფეროვანი.
შავკანიან, მუსლიმ გოგონას, რომლის ჩამოყალიბებაში მის თემს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, სურდა, რომ მისი თემი ჩაერთო თავის საქმიანობაში. ამასთან, მის მშობლიურ ქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემის არსებობა, ან გვალვები მშობლების სამშობლოში მას უბიძგებდა იმისკენ, რომ გამოეკვეთა კლიმატის ცვლილების გავლენა ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებზე. ჰირსი მუდამ ხაზს უსვამს იმას, რომ ეს არაა ადამიანთა ერთი ჯგუფის პრობლემა, რადგან ის ყველას თანაბრად აყენებს ზიანს და ამ ფაქტისგან თვალის არიდება კიდევ უფრო გააღრმავებს რასობრივ დაყოფას.
ამასთან, ახალგაზრდა გოგონამ ნათლად დაინახა, რომ ქალები და გოგონები მეტად მოწყვლადები იყვნენ კლიმატის ცვლილების მიმართ, ამიტომ ადვოკატირებას უწევს გენდერულად სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას. იგი მუშაობდა კლიმატის ცვლილების გამო დაზარალებული ქალების ხმის ამაღლებაზე, ხაზს უსვამდა მათ გამოცდილებას და ითხოვდა მათ ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
მისი მცდელობები გასცდა ცნობიერების ამაღლების პრაქტიკას. გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროგრამებით, მდგრადი განვითარებისა და განახლებადი ენერგიის ინიციატივებით იგი ცდილობდა მდგრადობის წახალისებას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას გარემოსდაცვითი გამოწვევების წინაშე.
მისი აქტივიზმით, ჰირსი კვლავ განაგრძობს სხვების შთაგონებას მდგრადი და თანასწორი მომავლისთვის საბრძოლველად.
გამოყენებული წყაროები: