• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • სექტემბერი 24, 2024

klimati_da_qalebiრატომ არიან ქალები გარემოსდაცვითი მოძრაობის ავანგარდში?

როგორც „ეკო ცენტრის“, ისე სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ ფეისბუქ გვერდების გამომწერების 80% გოგონა ან ქალია. ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა ჩვენს ღონისძიებებზე დასწრების კუთხითაც.

ასევე, ჩემ გარშემო გარემოსდაცვით აქტივიზმში განსაკუთრებით კი ე.წ. grassroot დონეზე ბევრად მეტი ქალია ჩართული, ვიდრე მამაკაცი. ეს ეხება როგორც სხვადასხვა მოძრაობის თუ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელობას, ისე, ყოველდღიურ საქმიანობაში თანმიმდევრულ ჩართულობას.

ხშირად დამისვამს ჩემი თავისთვის კითხვა, რა განაპირობებს გარემოსდაცვით სფეროში ქალების განსაკუთრებულ აქტიურობას. რაღაც მიზეზები წამიკითხავს, თავადაც გამომიცდია და ვეცდები, ამ ბლოგით მათი ნაწილი შევაჯამო.

გენდერული როლები და კავშირი ბუნებრივ რესურსებთან

დამკვიდრებული გენდერული როლების გამო, მსოფლიოს მრავალ ნაწილში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ქალები უფრო მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ბუნებრივ რესურსებთან, როგორიცაა წყალი, მიწა და ტყეები. მათი როლი ხშირად არის საკვების, წყლისა და საწვავის შეგროვება. შედეგად, ისინი პირველი გრძნობენ და ხედავენ გარემოში მიმდინარე ცვლილებებს და მის პირდაპირ გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

მაგალითად, როდესაც წყაროები შრება გვალვების გამო, ძირითადად, ქალებს უწევთ უფრო შორ მანძილზე გადაადგილება წყლის მოპოვების მიზნით. ეს პირდაპირი კავშირი მათ ყოველდღიურ მოვალეობებსა და გარემოს მდგომარეობას შორის, ხშირად იწვევს იმას, რომ ქალები უფრო აქტიურად მოითხოვენ რესურსების მდგრად მართვასა და ადვოკატირებას უწევენ კონსერვაციას.

დღემდე, ქალები კაცებთან შედარებით საოჯახო საქმეებზე ჯერ კიდევ ორჯერ მეტ დროს ხარჯავენ, მათ ხშირად უწევთ სარეცხზე, დასუფთავებაზე, გადამუშავებაზე ზრუნვა და ამ ყველაფერთან დაკავშირებულ საყიდლებზეც, ძირითადად, ისინი იღებენ პასუხისმგებლობას. ეს გენდერული როლები კარგად იციან კომპანიებმაც და ეკო-მეგობრული პროდუქტების ძალიან დიდი ნაწილის მარკეტინგიც კი, ძირითადად, ქალებზეა მიმართული. ამას საბაზრო კვლევის კომპანია Mintel-მა უწოდა “ეკოლოგიური გენდერული სხვაობა”. მათივე თქმით, თუ ეკომეგობრული პროდუქტების შესახებ კამპანიები ძირითადად ქალ აუდიტორიაზე იქნება მიმართული, დიდი რისკია, რომ ამით ჩვენ ხელს ვუწყობდეთ იმ იდეის დამკვიდრებას, რომ მდგრადობა/გარემოზე ზრუნვა ქალების საქმეა.

ეს იდეა მავნებლურია, რადგან ოჯახის გარდა, უკვე პლანეტაზე ზრუნვაც ქალების საქმედ არის წარმოჩენილი და ამით თითქოს კაცებს ვაცილებთ ამ პასუხისმგებლობას.

ისტორიული გამოცდილება

საინტერესო მოსაზრება აქვს ედინბურგის უნივერსიტეტის ლექტორს რეიჩელ ჰოველს. მისი თქმით, ქალებს, როგორც წესი, ნაკლები ნდობა აქვთ ინსტიტუციების მიმართ, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ მათ ნაკლებად სჯერათ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მთავრობის უნარის, (ჩვენი ჩარევის გარეშე) გადაჭრან ჩვენ წინაშე არსებული პრობლემები. მამაკაცები კი, რომელთა საჭიროებებზე ისტორიულად ბევრად უფრო მეტად იყო მორგებული სტატუს-კვო/არსებული მდგომარეობა, “გაცილებით უფრო მიდრეკილნი არიან დაიჯერონ, რომ თუ ისინი აღიარებენ პრობლემის არსებობას, მაშინ ვიღაც ან რაიმე ტექნოლოგია ყველაფერს მოაგვარებს – რომ ჩვენ არ გვჭირდება ჩვენი ცხოვრების სტილის შეცვლა“.

ქალებს კი ცვლილებებისა და საკუთარი პრობლემების მოგვარებისთვის ყოველთვის სჭირდებოდათ განსაკუთრებული გარჯა. ეს ნამდვილად აისახა მათ მიერ ინდივიდუალური ძალისხმევის მნიშვნელობის გააზრებაში.

კლიმატის ზეგავლენა: რა დამატებითი მოტივაცია აქვთ ქალებს?

კლიმატის ცვლილება უდიდეს საფრთხეს უქმნის ქალებისა და გოგონების საარსებო წყაროებს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. სტატისტიკა შემაძრწუნებელია: კლიმატის კატასტროფის დროს ქალების და ბავშვების გარდაცვალების ალბათობა 14-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცების. მაგალითად, 2004 წლის ინდოეთის ოკეანის ცუნამის დროს დაღუპული 230,000 ადამიანიდან 70% პროცენტი ქალი იყო.

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ქალებს ხშირად, არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსები, რომ ამ კატასტროფებს მომზადებულები დახვდნენ. ზოგიერთ მათგანს არ აქვს შესაბამისი უნარებიც. მაგალითად, წყალდიდობების დროს ბევრად მეტი გოგონა/ქალი კვდება, რადგან დამკვიდრებული სოციალური და კულტურული ნორმების გამო, ზოგიერთ ქვეყანაში ქალებს ცურვას არ ასწავლიან. 1991 წელს ბანგლადეშში ციკლონით გამოწვეული კატასტროფების დროს დაღუპული 140,000 ადამიანიდან 90% ქალი იყო. მსგავსი ტენდენციები გამოვლინდა ცუნამების დროსაც.

კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ ქალებს მიდრეკილება აქვთ, აიღონ პასუხისმგებლობა სხვა მოწყვლადი ჯგუფების, როგორიცაა ბავშვები ან ხანდაზმული ადამიანები, მოვლაზე. კატასტროფების დროს სწორედ ისინი გვევლინებიან პირველად დამხმარე ძალად და, შესაბამისად, ზოგიერთი მათგანი სხვების გადარჩენის დროსაც იღუპება.

ასევე, ქალები მუშაობენ ისეთ სფეროებში, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველია კლიმატის ცვლილების უარყოფითი ეფექტების მიმართ, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, წყალთან და ტყესთან დაკავშირებული აქტივობები. გარდა ამისა, გოგონების ცხოვრება უფრო მეტად იცვლება ექსტრემალური ამინდის პირობებში. გოგონები ხშირად გამოჰყავთ სკოლიდან, რათა დაეხმარონ ოჯახებს ასეთი მოვლენების დაძლევაში. ასევე, ბუნებრივი კატასტროფების შემდეგ იზრდება ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა (წყარო).

გასათვალისწინებელია, რომ კლიმატის ცვლილების შედეგები ყველაზე მძიმედ მარტოხელა დედებზე მოქმედებს/იმოქმედებს. ისინი მოწყვლადნი არიან სიღარიბის მიმართ, უწევთ საკუთარი თავისა და შვილების მოვლა, ხშირად ძალიან მცირე შემოსავლით ან საერთოდ მის გარეშე. ამიტომ, როდესაც ექსტრემალური ამინდი ან ბუნებრივი კატასტროფა ატყდებათ თავს, მათთვის რთულია ამის დაძლევა.

აღსანიშნავია ქალების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებიც. 130 კვლევის მეტა-ანალიზში, 68% აჩვენებდა, რომ ქალებზე კლიმატთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები უფრო მეტად მოქმედებდა, ვიდრე მამაკაცებზე. დედათა და პერინატალური ჯანმრთელობა განსაკუთრებით ზარალდება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებით, როგორიცაა უკიდურესი სიცხე. ასევე ზარალდება ხანდაზმული ქალების ჯანმრთელობაც. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლიმატის ცვლილება გენდერულად ნეიტრალური არ არის.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემები აჩვენებს, რომ ამჟამად, მთელ მსოფლიოში, კლიმატის ცვლილების გამო გადაადგილებული ადამიანების 80%-ს ქალები შეადგენენ. შესაძლოა, სწორედ ზემოთ აღწერილი რეალობა უბიძგებს ქალებს, ხმა აიმაღლონ კლიმატის ცვლილების შერბილების შესახებ.

რატომ გვჭირდება მეტი ქალი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე?

იელის კლიმატის ცვლილების კომუნიკაციის პროგრამის მიერ 2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ქალები უფრო მეტად ეთანხმებიან კლიმატის მეცნიერებს, სჯერათ, რომ კლიმატის ცვლილება საზიანო იქნება და უფრო შეშფოთებულნი არიან კლიმატის ცვლილებით, ვიდრე მამაკაცები.

ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტისა და ჟენევის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მკვლევართა გუნდის მიერ 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ კი დაადგინა, რომ ქალი ეკონომისტები უფრო მეტად უჭერენ მხარს გარემოსდაცვით პოლიტიკას, ვიდრე მათი მამაკაცი კოლეგები. ეს ნიშნავს, რომ თუ გვეყოლება მეტი ქალი ლიდერი და განსაკუთრებით მეტი ქალი პოლიტიკოსი, უფრო მეტად შევძლებთ ჩვენი ემისიების უსაფრთხო წერტილამდე შემცირებას.

კერძო სექტორში, კვლევები აჩვენებს, რომ კომპანიები, რომელთა საბჭოებშიც ქალების უფრო დიდი წილია, მეტად არიან მიდრეკილნი გააუმჯობესონ ენერგოეფექტურობა, შეამცირონ კომპანიების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და განახორციელონ ინვესტიციები განახლებად ენერგიაში. იტალიის ურბინოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, აღმოჩნდა, რომ ქალი ლიდერები პრიორიტეტს ანიჭებენ ნარჩენების სათანადო მართვას, წყლის, ენერგიისა და რესურსების არასწორი გამოყენების შემცირებას.

კლიმატის ცვლილების გამოწვევების წინაშე, აუცილებელია ვაღიაროთ ქალების უნიკალური როლი და პოტენციალი. ჩვენი საზოგადოების ყველა სფეროში – მთავრობიდან დაწყებული ბიზნეს სექტორით დამთავრებული – გვჭირდება მეტი ქალი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. ქალების გაძლიერება პოლიტიკაში, მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ფინანსებსა და მეწარმეობაში არ არის მხოლოდ თანასწორობის საკითხი – ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი კლიმატის კრიზისის/გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად. ქალების მრავალფეროვანი ხედვები და გამოცდილება შეიძლება გახდეს კატალიზატორი ინოვაციური და ეფექტური კლიმატური გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც ასე ძალიან გვჭირდება დღეს. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, სადაც ქალები თანაბრად არიან წარმოდგენილნი ყველა დონეზე, შევძლებთ შევქმნათ მდგრადი და კლიმატურად მედეგი მომავალი ჩვენი პლანეტისთვის.

 

მასალა მომზადებულია მწვანე გრანტების გლობალური ფონდის მხარდაჭერით.