მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გარემოსდამცველი აქტივისტი, ლიციპრია დევი კანგუჯამი, დაიბადა 2011 წლის 2 ოქტომბერს ინდოეთში. ლიციპრია არის „ბავშვთა მოძრაობის“ დამფუძნებელი. გოგონა 6 წლიდან დგას გარემოს დაცვის სადარაჯოზე და იბრძვის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ; 2019 წელს მან მხარეთა 25-ე კონფერენციაზე (COP25), მადრიდში, სიტყვით მიმართა მსოფლიო ლიდერებს და მოუწოდა დაუყოვნებლივი ქმედებებისაკენ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.
მისი ასაკის მიუხედავად, ლიციპრია არის მილიონობით ადამიანის შთამაგონებელი, წამყვანი მებრძოლი და ხმა გარემოს დასაცავად.
ლიციპრია რამდენიმე წლის განმავლობაში იბრძოდა და ადვოკატირებას უწევდა ინდოეთში ახალი კანონის შემოღებას, რომელიც ხელს შეუწყობდა ინდოეთში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონის შემცირებას. ამასთან, ითხოვდა, რომ კლიმატის ცვლილების შესახებ სწავლება სკოლებში სავალდებულო გამხდარიყო. იგი ინდოეთში ხელმძღვანელობს მოძრაობას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.
ლიციპრია 2019 წელს გახდა „მსოფლიოს მშვიდობის ბავშვების“ პრიზის (World Children Peace Prize) ლაურეატი, ამავე წელს გახდა დედამიწის დღის ქსელის ამომავალი ვარსკვლავი (Rising Star of Earth Day Network 2019). 2020 წელს მოიპოვა მსოფლიოს ფენომენალურ ბავშვთა ჯილდო (Global Child Prodigy Award), CNN News 18-ის „წყლის გმირების“ ჯილდო, ამავე წელს გახდა პრესტიჟული TN Khushoo-ს მემორიალური ჯილდოს მფლობელი. 2021 წელს მოხვდა ფორბსის „30 under 30”-ის საპატიო სიაში, ამავე წელს დელის მთავრობისგან მიიღო საერთაშორისო ქალთა დღის ჯილდო.
ლიციპრიას აქტივიზმში ჩართვა განაპირობა ერთმა ღონისძიებამ, რომელიც სკოლაში კლიმატის ცვლილების შესახებ გაიმართა. სწორედ ამ ღონისძიებაზე დაინახა გოგონამ დაუყოვნებლივი ქმედებების საჭიროება.
თავისი მოძრაობის ფარგლებში ლიციპრიას უსაუბრია 400-ზე მეტ უწყებაში/დაწესებულებაში და 32-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა პლატფორმებით უწევს ადვოკატირებას კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებს. მოძრაობა მან 2018 წლის ივლისში მარტომ დააფუძნა, თუმცა დღეს ათასობით მხარდამჭერი ჰყავს მსოფლიოს გარშემო.
კლიმატის ცვლილების ადვოკატირებასთან ერთად, ლიციპრია ადვოკატირებას უწევს იმ ქალთა და გოგონათა უფლებებს, რომლებიც ეკოლოგიური კატასტროფების მსხვერპლნი გახდნენ. ის ხაზს უსვამს, რომ კლიმატის ცვლილებას არაპროპორციული გავლენა აქვს ქალებზე, განსაკუთრებით კი მოწყვლად თემებში, ამიტომაც ითხოვს გენდერულად სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას.
მისი წვლილი ასევე დიდია ქალთა და გოგონათა მობილიზებაში, რათა მოითხოვონ ქმედება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.
2019 წლის 1 ივნისს გრეტა თუნბერგით შთაგონებულმა ლიციპრიამ ინდოეთის პარლამენტის წინ 1 კვირა გაატარა იმისთვის, რომ მიექცია პრემიერ მინისტრის ყურადღება, რათა ინდოეთს შეემუშავებინა კლიმატის ცვლილების კანონი.
2020 წლის 15 ოქტომბერს ლიციპრიამ მარტომ გაატარა პროტესტში ღამე პრეზიდენტის სასახლის წინ დელიში ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით. ამის გამო, გოგონა დელის პოლიციამ ცოტა ხნით დააკავა კიდეც.
თუმცა, მისმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო 2020 წლის 28 ოქტომბერს პრეზიდენტმა დაამტკიცა ახალი კანონი დელიში ჰაერის დაბინძურების კრიზისის დასაძლევად. ამ კანონის მიხედვით: დამაბინძურებელთათვის ჯარიმა განისაზღვრა 10 მლნ რუპიათი, ან 5 წლიანი პატიმრობით, ასევე, ინდოეთის 5 შტატში მუდმივმოქმედი ორგანოს სახით შეიქმნა კომისია ჰაერის დაბინძურების საკითხზე.
კოვიდ 19-ის პანდემიის მეორე ტალღის დროს 2021 წლის მაისში ლიციპრიამ შეძლო, 3 კვირის განმავლობაში ფონდში მოეზიდა 10 მილიონი რუპია, რათა დახმარებოდა მოწყვლად, გაჭირვებულ ადამიანებს და მათ ჟანგბადის ბალონებითა და კონცენტრატორებით ამარაგებდა, მაშინ, როდესაც მთავრობამ ვერ უზრუნველყო კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ასობით პაციენტის დახმარება. ამ კამპანიის წყალობით, ლიციპრიამ ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ამის პარალელურად, მთავრობამ ლიციპრიას მშობლიურ შტატში აკრძალა მისი ჰუმანიტარული საქმიანობა თაღლითობის ბრალდებით, მისი სამუშაოს დისკრედიტაციისა და იმიჯის შელახვის მიზნით.
2022 წლის 19 მაისს საინაუგურაციო სიტყვის დროს ლიციპრიამ აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტს, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს, დოქტორ ხოსე რამოს ჰორტას მიმართა. ასევე შეხვდა პორტუგალიის პრეზიდენტს და აღმოსავლეთ ტიმორის პრემიერ მინისტრს; ესაუბრა გუინეა ბისაუს პრემიერ მინისტრს, ავსტრალიის გენერალურ გუბერნატორს, სერბიის ყოფილ პრეზიდენტს და მსოფლიოს სხვა ლიდერებს ღონიძიებაზე, რომელსაც 400-ზე მეტი გავლენიანი პირი ესწრებოდა.
2022 წლის 21 მაისს კი, აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტმა მის სახელზე „ლიციპრიას ფონდი“ შექმნა.
სტატიის წყარო: