• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • ივნისი 21, 2024

mitzi jonelle tanმითზი იონელ ტანი არის 26 წლის ფილიპინელი კლიმატის აქტივისტი და გლობალურ კლიმატურ მოძრაობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს. მითზის აქტივიზმის მთავარი ფოკუსი მიმართულია იმ საკითხებისკენ, რაც გლობალურ სამხრეთს აწუხებს. ის იბრძვის კლიმატის სამართლიანობისათვის და ხაზს უსვამს სისტემური ცვლილებების საჭიროებას. მის საქმიანობას გავლენა აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენს ბლოგში გვინდა მოკლედ მოგიყვეთ გოგონას მიღწევებისა და წვლილის შესახებ:

  • დააარსა მოძრაობა „ახალგაზრდები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ქმედებების ადვოკატირებისათვის“/Youth Advocates for Climate Action Philippines (YACAP)

მოძრაობა არის საერთაშორისო მოძრაობა „პარასკევები მომავლისთვის“ / Fridays for Future ფილიპინური ფრთა და მისი მიზანია ახალგაზრდების მობილიზება კლიმატსამართლიანობის ადვოკატირებისათვის; განსაკუთრებით ხაზს უსვამს კლიმატის ცვლილების არაპროპორციულ შედეგებს ფილიპინებზე, რომელიც ხასიათდება მაღალი მოწყვლადობით ბუნებრივი კატასტროფებისა და გარემოს დეგრადაციის მიმართ.

  • საერთაშორისო ადვოკატირება და აღიარება

მითზის ადვოკატირებამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და კლიმატის გლობალურ კონფერენციებსა და სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე მნიშვნელოვან ხმას წარმოადგენს. მიუხედავად მისი ამგვარი მზარდი პროფილისა, მითზი რჩება კოლექტიური ქმედების ერთგული და ხაზს უსვამს საზოგადოებრივი ძალისხმევის მნიშვნელობას. იგი თავის პლატფორმას იყენებს იმისთვის, რომ ყურადღების ცენტრში მოაქციოს გლობალური სამხრეთის წინაშე არსებული კლიმატის კრიზისი და ადვოკატირებას უწევს გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმ საზოგადოების საჭიროებების წინ წამოწევას, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან.

  • ინოვაციური კამპანიები და ცნობიერების ამაღლება

მითზი და მისი მოძრაობა – “YACAP” იყენებს შემოქმედებით მიდგომებს კლიმატის კრიზისის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. გოგონა თავის აქტივიზმში ერთმანეთს უხამებს მუსიკას, ხელოვნებასა და კულტურულ ელემენტებს, იმისთვის, რომ ეს პროცესი ხელმისაწვდომი და მიმზიდველი გახადოს ფართო საზოგადოებისთვის. ეს ინოვაციური მიდგომა ხელს უწყობს კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ სასწრაფო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობის შესახებ კომუნიკაციის გაფართოებას და ინფორმაციის გასაგები ფორმით მიტანას სხვადასხვა ჯგუფამდე.

  • გაფიცვები და საგანმანათლებლო ინიციატივები

კლიმატის კრიზისზე გაფიცვების ორგანიზების გარდა, მითზი აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო კამპანიებში. იგი ხშირად კითხულობს ლექციებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში, უშუალოდ ესაუბრება ახალგაზრდებს, აცნობს მათ ინფორმაციას კლიმატის კრიზისის შესახებ და მოუწოდებს აქტიური მონაწილეობისაკენ. ამ ძალისხმევის მიზანია, გააღრმავოს ახალგაზრდების ცოდნა და გააძლიეროს მათი მოტივაცია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ აქტივიზმში მონაწილეობსათვის.

  • ფოკუსი ადგილობრივ და მოწყვლად თემებზე

მითზის აქტივიზმის მნიშვნელოვანი ასპექტია ყურადღების გამახვილება ადგილობრივ თემებსა და იმ ხალხზე, ვინც ყველაზე მოწყვლადია კლიმატის კრიზისის მიმართ. მას სჯერა, რომ მათი გამოცდილება და ცოდნა გადამწყვეტია კლიმატსამართლიანობის მისაღწევად. მითზი დაუღალავად შრომობს იმისთვის, რომ გააძლიეროს ამ თემების ხმა და მათი ისტორიისა და გამოწვევების შესახებ ფართო აუდიტორიამ გაიგოს გლობალური მასშტაბით. ამით ხაზი ესმევა არა მარტო ამ თემების მდგრადობას, არამედ ცხადყოფს ინკლუზიური გადაწყვეტილებების აუცილებლობას კლიმატის კრიზისის დასაძლევად.

 

მითზი იონელლ ტანი მიზანმიმართული ძალისხმევით აგრძელებს ახალგაზრდა აქტივისტთა ახალი თაობების შთაგონებასა და წინამძღოლობას. მისი საქმიანობა არის ადვოკატირება სისტემური ცვლილებებისა და კლიმატსამართლიანობისათვის, როგორც ფილიპინებში, ისე მთელს მსოფლიოში და წარმოაჩენს ახალგაზრდული მოძრაობების ძალას გლობალური გამოწვევების დასაძლევად.

 

სტატია მომზადდა შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით:

https://climatetracker.asia/climate-activist-mitzi-tan-fights-for-people-and-planet/

https://www.theecojusticeproject.com/spotlights-1/mitzi-jonelle-tan