• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • ივნისი 6, 2023

ქაღალდის, ისევე, როგორც პლასტმასის ან შეშის წვისას ატმოსფეროში მრავალი სახის დამაბინძურებელი, მათ შორის, დიოქსინები გამოიყოფა.[1] დიოქსინები მდგრადი ორგანული დამაბინძურებლებია (მოდ), ისინი ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით ხასიათდებიან და დიდხანს რჩებიან გარემოში.[2] ეს ტოქსიკური ქიმიკატები, ჩვენს გარემოცვაში, წყალსა და ნიადაგში ილექება და, საბოლოოდ, ჩვენს საკვებსა თუ სასმელ წყალში ხვდება.[3]  დიოქსინები ილექებიან ადამიანებისა და ცხოველების ცხიმოვან ქსოვილებში და სხვადასვხა დაავადების გამომწვევი ხდებიან.[4] მათ შორის, შესაძლოა, გამოიწვიონ რეპროდუქციული სისტემის პრობლემები, განვითარების პრობლემები, ხელს უწყობენ იმუნური სისტემის დაქვეითებას და სიმსივნის განვითარებას.[5]

ქაღალდის წვისას, ასევე, გამოიყოფა პოლიციკლური არომატული შენაერთები, როგორიცაა ბენზოლი, ფორმალდეჰიდი, ნაფტალინი, ტრიფენილინი, პირენი.[6] ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, მეცნიერული მტკიცებულება არსებობს  პოლიციკლური არომატული ნახშირწყალადების ჰაერში არსებობასა და სიმსივნის გაზრდილ შემთხვევებს შორის. ასევე დადებითი კავშირი გამოვლინდა ამ ტოქსინების ზემოქმედებასა და ბავშვებში სიმსივნის განვითარებას, ძუძუსა და ფილტვის კიბოს შორის. ეპიდემიოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ატმოსფერულ ჰაერში მათი არსებობა უკავშირდება ფილტვის ფუნქციის გაუარესებას, ასთმის გამწვავებას, ფილტვის ობსტრუქციული დაავადებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მომატებულ შემთხვევებს.[7]

ქაღალდის წვისას გამოყოფილ ტოქსინებს შორისაა ნახშირბადის მონოქსიდი (CO), ნახშირბადის დიოქსიდი (CO2) და ვერცხლისწყალიც, რომელიც აზიანებს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას. ის უარყოფითად მოქმედებს ტვინის განვითარებაზე, გულის ფუნქციასა და იმუნურ სისტემაზე.

ქაღალდის დაწვის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის ერთ-ერთი გამოხატულებაა მჟავა წვიმები. ზევით ჩამოთვლილი ტოქსინების ატმოსფეროში არსებულ წყლის ორთქლთან ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება მჟავა წვიმები. მჟავა წვიმებს შეუქცევადი გავლენა აქვს ეკოსისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. იწვევს სასუნთქი გზების პრობლემებს, წვავს კანს. მჟავა წვიმები ცვლის წყლის მჟავიანობას, რაც უარყოფითად აისახება წყლის ეკოსისტემებზე და იწვევს წყალში მცხოვრები ორგანიზმების დაღუპვას.[8]

 

[1] http://www.clintonhealth.org/pdf%20files/BurnBarrellFactSheet.pdf

[2] https://www.ecoredux.com/burning-paper-cardboard

[3] http://www.clintonhealth.org/pdf%20files/BurnBarrellFactSheet.pdf

[4] https://www.ecoredux.com/burning-paper-cardboard

[5] https://www.medicalnewstoday.com/articles/17685

[6] https://theroundup.org/is-burning-paper-bad-for-the-environment/

[7] https://www.who.int/europe/publications/i/item/9789289056533

[8] https://theroundup.org/is-burning-paper-bad-for-the-environment/