• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • ივლისი 10, 2024

2023 წლის 16 ივნისს გამოტანილ ორ გადაწყვეტილებაში პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ პირველად აღიარა მიზეზობრივი კავშირის არსებობა საფრანგეთის სახელმწიფოს მხრიდან ჰაერის დაბინძურების კუთხით ზომების შეუსრულებლობასა და ბრონქიოლიტსა და ყურის ინფექციებს შორის, რომლითაც ორი ბავშვი დაავადდა.

ამ ორი გადაწყვეტილებით საფრანგეთის სახელმწიფოს გაუზარდეს სანქციები გარემოსდაცვით საკითხებში. (1)

საინტერესოა, რომ ორმა ოჯახმა, რომელიც ცხოვრობდა პარიზის მაგისტრალთან და რომლის შვილებსაც აწუხებდათ რესპირატორული დაავადებები, შეიტანა სარჩელი იმ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელიც მათ მიაყენა საფრანგეთის სახელმწიფომ ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ უშედეგო ბრძოლით. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის სახელმწიფოს უმოქმედობა ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ მანამდე უკვე დადგენილი იყო, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლემ აღიარა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჰაერის დაბინძურებასა და დაავადებებს შორის. საფრანგეთის სახელმწიფოს კი დაეკისრა    2 000 და 3 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაზარალებული ოჯახებისათვის.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირი

ანალიზის ჩარჩო

პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ პირველად გაიხსენა 2022 წლის 22 დეკემბერს ევროკავშირის იუსტიციის სასამართლოს (“CJEU”) გადაწყვეტილება საქმეზე C-61/21 ჰაერის ხარისხის შესახებ ევროპულ დირექტივებთან დაკავშირებით. ეს დირექტივები შეიცავს ჰაერის ხარისხის ზღვრულ მნიშვნელობებს.

ამ გადაწყვეტილებაში ევროკავშირის იუსტიციის სასამართლომ დაადგინა:

„საბჭოს 1980 წლის 15 ივლისის 80/779/EEC დირექტივის მე-3 და მე-7 მუხლები ჰაერის ხარისხის ზღვრული მნიშვნელობებისა და გოგირდის დიოქსიდისა და შეწონილი ნაწილაკების სახელმძღვანელო მნიშვნელობების შესახებ, საბჭოს 1985 წლის 7 მარტის 85/203/EEC დირექტივის მე-3 და მე-7 მუხლები აზოტის დიოქსიდის შემცველობასთან დაკავშირებით ჰაერის ხარისხის სტანდარტების შესახებ, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის შესახებ საბჭოს 1996 წლის 27 სექტემბრის 96/62/EC დირექტივის მე-7 და მე-8 მუხლები, საბჭოს 1999 წლის 22 აპრილის 1999/30/EC დირექტივის მე-4 (1) და მე-5 (1) მუხლები, რომლებიც ეხება გოგირდის დიოქსიდის, აზოტის დიოქსიდის და აზოტის ოქსიდის, ტყვიისა და შეწონილი ნაწილაკების ზღვრულ მნიშვნელობებს ატმოსფერულ ჰაერში და ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2008 წლის 21 მაისის 2008/50/EC დირექტივის 13(1) მუხლი და 23(1) მუხლი, ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და „სუფთა ჰაერი ევროპისთვის“ შესახებ, უნდა გავიგოთ შემდეგნაირად: მათი მიზანი არ არის ინდივიდებისთვის უფლების მინიჭება, რომ მიიღონ კომპენსაცია სახელმწიფოსგან დანაკარგისა და ზიანის პრინციპით მისივე პასუხისმგებლობის შესაბამისად, რომელიც წევრ სახელმწიფოს ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად ეკისრება“.

მიუხედავად იმისა, რომ პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ აქედან დაასკვნა, რომ ჰაერის ხარისხის შესახებ ევროპული დირექტივები არ ანიჭებს კონკრეტულ უფლებებს ინდივიდებს, რომ მიიღონ კომპენსაცია ამ დირექტივების დარღვევით გამოწვეული დანაკარგისა და ზიანისთვის, მან მიიჩნია, რომ საფრანგეთის კანონმდებლობით, ეს არ გამორიცხავს საფრანგეთის სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.

პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ განიხილა საფრანგეთის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საფრანგეთის ადმინისტრაციული სამართლის თვალსაზრისით:

„სასამართლომ უნდა გამოსცეს გადაწყვეტილება ინდივიდუალური დავის შესახებ დაინტერესებული პირისთვის დაბინძურების ზემოქმედების შედეგებზე, რომელშიც დამნაშავეა სახელმწიფო, გამოიკვლიოს მის წინაშე განხილული უახლესი სამეცნიერო ინფორმაცია და გადაწყვიტოს, არსებობს თუ არა ასეთი კავშირის არსებობის ალბათობა. ასეთი ალბათობის არსებობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და აღიაროს მიზეზობრივი კავშირის არსებობა დაბინძურებასა და გამოვლენილ სიმპტომებს შორის, თუ ეს სიმპტომები გამოვლინდა ამ დაავადებისათვის დამახასიათებელ ვადებში და თუ საქმის ფაილიდან არ ჩანს, რომ ეს სიმპტომები სხვა მიზეზების გამო გამოვლინდა, გარდა დაბინძურების ზემოქმედებისა.“

კავშირი რესპირატორულ დაავადებებსა და ჰაერის დაბინძურების მაღალ დონეს შორის

ექსპერტთა დასკვნამ დაადასტურა სავარაუდო სიმპტომებსა და დაბინძურებას შორის კავშირის არსებობა.

პირველ საქმეში პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ:

„სამეცნიერო კვლევები ადგენს ეპიდემიოლოგიურ და სტატისტიკურად მნიშვნელოვან კავშირს ახალშობილთა ასთმასა და დაბინძურებას შორის, განსაკუთრებით აზოტის დიოქსიდის (NO2, ავტომობილებით გამოწვეული დაბინძურება), 2,5 მიკრონზე ნაკლები დიამეტრის ნაწილაკებისა (PM 2.5) და ოზონის მაღალი კონცენტრაციის პირობებში. თუმცა, დაბინძურება არ არის ერთადერთი ახსნა ბავშვებში გამოწვეული ბრონქიოლიტისთვის, რადგან გამოვლინდა რესპირატორული სინციციალური ვირუსი (RSV), როგორც პასუხისმგებელი ბრონქიოლიტის შემთხვევების 60-80%-ზე. დაბინძურება ხელს უწყობს ამ ვირუსული ინფექციების განვითარებას, დაბინძურებასა და რესპირატორულ სიმპტომებს შორის რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე პერიოდებით, რაც იწვევს ვირუსით გამოწვეული ასთმის შემთხვევების გამოვლენას ჩვილებში. დაბინძურებამ შეიძლება გამოიწვიოს ხიხინის სიმპტომები, რომლებიც სულაც არ არის ინფექციური ხასიათის. სხვა ფაქტორებმა, როგორიცაა ალერგია, მშობლების მიერ თამბაქოს მოწევა, საყოფაცხოვრებო ქიმიკატების ზემოქმედება ან ამინდი, შეიძლება ხელი შეუწყოს სიმპტომების გაჩენას, თუმცა, სტატისტიკური კვლევების მიხედვით, მძიმე ბრონქიოლიტის 30%-დან 50%-მდე გამოწვეულია დაბინძურებით.“

განსახილველ საქმეში ბავშვს ასთმის ჰქონდა დიაგნოზი. რამდენჯერმე სიმპტომები დაემთხვა დაბინძურების იმ პერიოდებს, როდესაც ჰაერის დაბინძურების დონე აღემატებოდა დასაშვებ მაჩვენებელს. პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ბავშვის საცხოვრებელ გარემოში სხვა ფაქტორები არ აღინიშნებოდა  (მოწევა, ალერგია და ა.შ.). უპირველეს ყოვლისა, მან აღნიშნა, რომ სამხრეთ საფრანგეთში გადასვლამდე ოჯახი ცხოვრობდა Saint-Ouen (Seine-Saint-Denis)-ში, მაგისტრალიდან 700 მეტრში. სამხრეთ საფრანგეთში გადასვლის შემდეგ, რესპირატორული დისკომფორტის შემთხვევები არ დაფიქსირებულა და დაავადების მკურნალობა შეწყდა.

მეორე საქმეში პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ აღნიშნა:

„სამეცნიერო კვლევები იძლევა არგუმენტებს დაბინძურებასა და ოტიტის გაჩენას შორის კავშირის არსებობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ჟანგბადით გაჯერებულ აზოტის ნაერთებთან მიმართებაში, რომლებიც წარმოიქმნება შიდა წვის ძრავების მუშაობის შედეგად და იწვევს სასუნთქი გზების გაღიზიანებას. კვლევებმა აჩვენა კავშირი მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდასა და ამ პათოლოგიების ზრდას შორის კონცენტრაციის მომატებიდან ორი-სამი დღის განმავლობაში. ამ გამოკვლევებმა ექსპერტები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ოტიტის შემთხვევების დაახლოებით 30% გამოწვეულია ამ ტიპის დაბინძურებით, ესე იგი, ოტიტის 3 ან 4 შემთხვევიდან ერთი ჰაერის დაბინძურებითაა გამოწვეული. კვლევები ასევე გვიჩვენებს, რომ  ოტიტის გამომწვევი მრავალი მიზეზები შეიძლება იყოს, უმთავრესი კი არის საზოგადოების გარემოცვაში, ისევე როგორ მწეველი მშობლების გარემოცვაში ცხოვრება“.

მოცემულ შემთხვევაში, ბავშვს აღენიშნებოდა ოტიტის განმეორებითი შემთხვევები. სიმპტომები დაემთხვა დაბინძურების იმ პერიოდებს, როდესაც ჰაერის დაბინძურების დონე აღემატებოდა დასაშვებ მაჩვენებელს. სხვა ფაქტორები არ იყო გამოვლენილი, ოჯახი ცხოვრობდა პარიზის მაგისტრალთან ახლოს და ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნებოდა მას შემდეგ, რაც ოჯახი გადავიდა პარიზის რეგიონის გარეთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ორივე შემთხვევაში დაზარალებულები იყვნენ ჩვილები როდესაც პირველად გამოვლინდა სიმპტომები, და რომ ოჯახების გადასახლებამ პარიზისგან მოშორებით ჩვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა შესამჩნევად გააუმჯობესა.

ყველა ამ მიზეზის გამო, პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ სიმპტომების ნაწილი, რომლებიცც ბავშვებს გამოუვლინდათ თითოეულ შემთხვევაში, გამოწვეული იყო ჰაერის დაბინძურების მაღალი დონეებით, რაშიც დამნაშავე იყო საფრანგეთის სახელმწიფო.

 

ზიანი

ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მოთხოვნილი იყო რამდენიმე სახის ზიანის ანაზღაურება, თუმცა პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ აღიარა მხოლოდ ერთი სახის ზიანის არსებობა:

  • მიღებული ზიანი: როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ზარალის კომპენსაციის მიზნით, პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ საფრანგეთის სახელმწიფოს დააკისრა 2000 ევროს ანაზღაურება თითოეულ შემთხვევაში;
  • კომფორტის/სიამოვნების დაკარგვა: მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეები დასასვენებელ აქტივობებში ბავშვების ჩართვის შეუძლებლობას ამტკიცებდნენ, პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო დადასტურებული, რომ ბავშვი „შესაძლოა ჩართულიყო კონკრეტულ დასასვენებელ აქტივობაში“ (პირველ შემთხვევაში) ან „ოპერაციის დაწყებამდე მიიღებდა მონაწილეობას ასეთ აქტივობაში“ (მეორე შემთხვევაში);
  • საცხოვრებელი პირობების დარღვევა: პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დადასტურდა ამ ზიანის განსხვავება მიღებული ზიანისგან.
  • მორალური ზიანი საფრანგეთის სახელმწიფოს უმოქმედობით გამოწვეული ფსიქოლოგიური ზიანის გამო: პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შფოთვა „არ არის ისეთი გამონაკლისი, რომ კომპენსაცია მიიღონ მიყენებული ზარალისგან განცალკევებით.“
  • მორალური ზიანი დაბინძურების გამო შფოთვის შესახებ: პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს „პირადი და დოკუმენტირებული“ მტკიცებულება, რომ „დაბინძურების მაღალი დონეების არსებობის გამო ბავშვები სერიოზული პათოლოგიისა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირების რისკის ქვეშ დადგნენ“.

მშობლებთან დაკავშირებით, ასევე მოთხოვნილ იქნა სხვადასხვა სახის ზიანის ანაზღაურება, მაგრამ პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში აღიარა ზიანის არსებობა, რომელიც გამოწვეული იყო საცხოვრებელი პირობების დარღვევით:

  • ზიანის ატანა: პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ფაქტი, რომ მშობლები თავად დაზარალდნენ საფრანგეთის სახელმწიფოს შეცდომის გამო, არ გამოვლენილა.
  • საცხოვრებელი პირობების დარღვევა: პირველ საქმეში, პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვის პათოლოგიებმა ოჯახური ცხოვრება დაარღვია და ამ ზარალისთვის საფრანგეთის სახელმწიფოს დააკისრა 1 000 ევროს გადახდა.
  • მორალური ზარალი საფრანგეთის სახელმწიფოს უმოქმედობით გამოწვეული ფსიქოლოგიური ზიანის გამო: პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შფოთვა „არ არის ისეთი გამონაკლისი, რომ კომპენსაცია მიიღონ მიყენებული ზარალისგან განცალკევებით.“
  • მორალური ზიანი შფოთვის გამო დაბინძურების შესახებ: ისევე, როგორც ბავშვის შემთხვევაში, პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს „პირადი და დოკუმენტირებული“ მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი „დაბინძურების მაღალი დონეების არსებობის გამო სერიოზული პათოლოგიისა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირების რისკის ქვეშ დადგნენ“.
  • მატერიალური ზიანი (ზეგავლენა მშობლების პროფესიულ ცხოვრებაზე, სამედიცინო და მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლისა და სამუშაოს ცვლილების ხარჯები): მეორე შემთხვევაში, გარდა არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისა, მოითხოვეს მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც. მოთხოვნები მთლიანად უარყოფილ იქნა მტკიცებულებების არარსებობის გამო.

როგორც ასეთი, კომპენსაციის მიღებისათვის, აუცილებელია, ფლობდე ზუსტ დოკუმენტაციას სამედიცინო კონსულტაციებისა და მკურნალობის შესახებ, ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებასა და მასზე მოქმედ ფაქტორებზე (სკოლა, დასასვენებელი/გასართობი აქტივობები, პროფესიული და ოჯახური ცხოვრება), ასევე, დაბინძურების დონეზე.

იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომ ყოველწლიურად 30 წელზე მეტი ასაკის 40 000-მე ადამიანის გარდაცვალება შესაძლოა გამოწვეული იყოს მტვრის უწვრილესი ნაწილაკების ზემოქმედებით, აგრეთვე, ცნობილი, როგორც მყარი ნაწილაკები (PM 2.5), (2) და დაბალი ემისიის ზონების დადგენა (zones à faibles émissions ან “ZFE”) საფრანგეთის დიდ ქალაქებში ამწვავებს სირთულეებს, (3) ამ ტიპის სამართალწარმოება მომავალში ფართოდ უნდა გავრცელდეს.

 

გამოყენებული წყაროები:

(1) https://www.soulier-avocats.com/en/grande-synthe-case-season-3-the-judge-tries-to-keep-up-the-pressure-on-the-french-government-to-achieve-the-objective-of-reducing-greenhouse-gas-emissions-by-40-by-2030/ ,

https://www.soulier-avocats.com/en/air-pollution-the-french-state-fined-again/ .

(2) https://www.santepubliquefrance.fr/presse/2021/pollution-de-l-air-ambiant-nouvelles-estimations-de-son-impact-sur-la-sante-des-francais

(3)  https://www.senat.fr/rap/r22-738/r22-7381.pdf