31 მაისი თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა და 1988 წლიდან დღემდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (World Health Organization) ამ დღის აღნიშვნით ცდილობს, ხაზი გაუსვას სიგარეტისა და თამბაქოს სხვა პროდუქტების საზიანო ეფექტს. თუმცა, ამ დღის აღნიშვნის პირველი მცდელობა 1987 წელს იყო, როდესაც ჯანმომ მიიღო რეზოლუცია (WHA40.38), რომლის თანახმად ორგანიზაცია მოითხოვდა 1988 წლის 7 აპრილი გამოცხადებულიყო „მოწევის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღედ“. საბოლოოდ კი 1988 წელს მიიღეს რეზოლუცია (WHA42.19), რომელიც მოითხოვდა თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ 31 მაისი დაწესებულიყო.[1]
თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას თამბაქოს მოხმარების საშიშროების, თამბაქოს კომპანიების ბიზნეს პრაქტიკების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და ეხმარება ხალხს გაიაზრონ თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ჯანსაღი ცხოვრების შესანარჩუნებლად და მომავალი თაობების დასაცავად.
თამბაქოს ნებისმიერი ტიპის პროდუქციის გამოყენება არის ადამიანისთვის საზიანო, განსაკუთრებით ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის, თუმცა CDC-ის (Centers for Disease) კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით 14 მილიონზე მეტი ახალგაზრდა (13-დან 15 წლამდე ასაკის ფარგლებში) იყენებს თამბაქოს. თამბაქოს კომპანიები კი მილიონობით დოლარს ხარჯავენ თამბაქოს მარკეტინგში, რაც მოიცავს ისეთი პროდუქტების რეკლამირებას, როგორიცაა სიგარეტი, სიგარა, ელექტრო სიგარეტი და სხვა.[2]
მსოფლიოში თამბაქოს მავნე ზემოქმედება არის მუდმივად მზარდი და იგი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე არამედ ჩვენს საცხოვრებელ გარემოსა და ზოგადად ბუნებაზე. სიგარეტის ბოლი ზიანს აყენებს ჩვენი პლანეტის ისედაც მწირ რესურსებსა და ეკოსისტემას. თამბაქოს მოყვანა, წარმოება და გამოყენება წამლავს ჩვენს წყალს, ნიადაგს, სანაპიროებს და ქალაქის ქუჩებს ქიმიკატებით, ტოქსიკური ნარჩენებით, სიგარეტის ნამწვით, მათ შორის, მიკროპლასტმასისა და ელექტრონული სიგარეტის ნარჩენებით. 2022 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით ვიგებთ, რომ მსოფლიოში 600 მილიონამდე ხე მოიჭრა სიგარეტის დასამზადებლად, დაიხარჯა 22 მილიარდი ტონა წყალი და ჰაერში გამოიყო 84 მილიონი ტონა CO2, რამაც საგრძნობლად აამაღლა გლობალური ტემპერატურა. გარდა ამისა, თამბაქო ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტ ადამიანს კლავს.[3]
შესაბამისად, 31 მაისის გლობალური კამპანია მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ცნობიერების ამაღლებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია და მიზნად ისახავს ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს მიაწოდოს სწორი ინფორმაცია თამბაქოს მოხმარების საზიანო ეფექტზე ჯანმრთელობასა თუ გარემოზე.
[1] https://www.who.int/campaigns/world-no-tobacco-day
[2] https://www.cdc.gov/tobacco/features/world-no-tobacco-day/index.html
[3] https://www.who.int/campaigns/world-no-tobacco-day/2022