უაინონა ლადუკი არის ამერიკელი აქტივისტი, ეკონომისტი და ავტორი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა ადვოკატირებას ადგილობრივებისთვის თავიანთი მიწების, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული ტრადიციების კონტროლის უფლებაზე. ლადუკის საქმიანობა აერთიანებს ეკონომიკურ და გარემოსდაცვით მიდგომებს, რათა ხელი შეუწყოს, როგორც საკუთარი თემის (White Earth Indian Reservation), ისე სხვა ადგილობრივი ხალხების მდგრად განვითარებას.
უაინონა ლადუკი 1959 წლის 18 აგვისტოს ლოს ანჯელესში, ანიშინააბეს (Anishinaabe) ტომში დაიბადა და მიწასთან და ადგილობრივ ტრადიციებთან მჭიდრო კავშირში გაიზარდა. აღზრდის ამგვარმა მეთოდმა მას ბუნებისადმი ღრმა პატივისცემა და მომავალი თაობებისთვის დედამიწის შენარჩუნების სურვილი ჩაუნერგა.
ნამდვილი გარემოსდაცვითი თავგადასავალი მისთვის დაიწყო მაშინ, როდესაც ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა. აქ მან კარგად გააანალიზა მსოფლიოს წინაშე მდგარი ეკოლოგიური გამოწვევები და გაიაზრა სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა. ჰარვარდში სწავლისას ზაფხულის განმავლობაში ლადუკი აწარმოებდა კამპანიას ნევადაში ნავაჰოს მიწაზე ურანის მოპოვების წინააღმდეგ; და ჟენევაში გაეროს წინაშე ჩვენებაც მისცა ინდიელების მიწების ექსპლუატაციის შესახებ.
ლადუკის ერთ-ერთი პირველი გარემოსდაცვითი ბრძოლა იყო ნავთობსადენი მილის დაგეგმილი პროექტის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ნაკრძალის (White Earth Indian Reservation) ხელუხლებელ წყლებს. მან გააანალიზა, რომ გარემოსდაცვითი სამართლიანობისათვის ბრძოლა არსებითად იყო დაკავშირებული მკვიდრი მოსახლეობის უფლებებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლასთან. სწორედ ამ გაგების საფუძველზე გახდა ლადუკი „ადგილობრივ ქალთა ქსელის“ (Indigenous Women’s Network) თანადამფუძნებელი. ეს ორგანიზაცია მიზნად ისახავდა ადგილობრივი თემების წინაშე მდგარი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მოგვარებას.
უაინონას სიმტკიცემ და თავდადებამ მსოფლიო ყურადღება მიიპყრო 1996 წელს, როდესაც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატურაზე იყრიდა კენჭს მწვანეთა პარტიიდან. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს, კანდიდატად ყოფნამ უაინონას გზა გაუხსნა, რომ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხები ყურადღების ცენტრში მოექცია და მდგრადი პრაქტიკების დანერგვის ადვოკატირება გაეწია ეროვნულ დონეზე.
ლადუკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო მისი ლიდერობა თეთრი დედამიწის ნაკრძალის მახლობლად მასიური ნაგავსაყრელის გაფართოების წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი დაუღალავად ლობირებდა, აორგანიზებდა და ატარებდა ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, რათა ხალხისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ პოტენციური ზიანის შესახებ, რაც გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას მიადგებოდა. მისმა მცდელობებმა შედეგი გამოიღო და გაფართოების გეგმა ჩაიშალა. ეს იყო გამარჯვება, რომელმაც გამოკვეთა ადგილობრივი აქტივიზმის მნიშვნელობა.
მთელი თავისი კარიერის განმავლობაში უაინონა მხარს უჭერდა მდგრად სოფლის მეურნეობას, განახლებადი ენერგიისა და სოფლის მეურნეობაში ადგილობრივი პრაქტიკების აღდგენას. იგი გახდა თეთრი დედამიწის მიწის აღდგენის პროექტის (White Earth Land Recovery Project) თანადამფუძნებელი, რომლის ფოკუსი იყო მიწის აღდგენა, ტრადიციული საკვები და მისი თემის მდგრადი ეკონომიკური განვითარება.
გარემოსდაცვითმა აქტივიზმმა ლადუკს არაერთი ჯილდო მოაპოვებინა, მათ შორის, პრესტიჟული – „Right Livelihood Award“, რომელიც თავისი მნიშვნელობით ნობელის პრემიასთან იგივდებოდა. მისმა შრომამ გარემოსდაცვითი სამართლიანობისათვის არაერთი თემი შთააგონა, მსოფლიოს გარშემო ებრძოლათ საკუთარი უფლებებისათვის და დაეცვათ თავიანთი საგვარეულო მიწები.
უაინონა ლადუკი დღესაც აგრძელებს გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლას და არის დასტური იმისა, რომ ერთი ადამიანის თავდადებამ დედამიწისა და საკუთარი საზოგადოების მიმართ, შესაძლოა, მყარი და გრძელვადიანი შედეგი მოიტანოს.
დღეისათვის, 6 შვილის დედა, რომელთაგან სამი საკუთარია, სამი – აყვანილი, ძირითად დროს ფერმერობას უთმობს. მისი ფერმა თეთრი დედამიწის ნაკრძალში მდებარეობს და მოჰყავს მემკვიდრეობითი ბოსტნეული (კულტურული და ეთნიკური მნიშვნელობის ხარისხის ბოსტნეული) და კანაფი. ამით ლადუკი ცდილობს კანაფის გარემოსდაცვითი უპირატესობების პოპულარიზებას – ვინაიდან, ზრდისთვის მას უფრო ნაკლები წყალი სჭირდება, ვიდრე ბამბას; შეუძლია, ჩაანაცვლოს ნავთობის ბაზაზე დამზადებული სინთეტიკა ტანსაცმელსა და სხვა პროდუქტში; უფრო მეტ ნახშირბადს შთანთქავს, ვიდრე გამოყოფს. ფერმისა და არაკომერციული სააგენტოს გამოყენებით ლადუკის მისიაა, შექმნას ეკონომიკა, რომელსაც ხელმძღვანელობენ ადგილობრივი ქალები და, რომელიც დაფუძნებულია ადგილობრივი წარმოების საკვებზე, ენერგიასა და ბოჭკოზე, რომელიც არ იქნება გარემოსთვის ზიანის მომტანი.
უაინონა რჩება იმედის სიმბოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჯერა, რომ მდგრადი და სამართლიანი მსოფლიოსთვის ბრძოლა ნებისმიერ ძალისხმევად ღირს.
გამოყენებული წყარო: https://www.womenshistory.org/education-resources/biographies/winona-laduke