• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • თებერვალი 1, 2024

vandana_shivaვანდანა შივა არის ინდოელი ფიზიკოსი, სოციალური და გარემოსდაცვითი აქტივისტი, რომელმაც დააარსა მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების პოლიტიკის კვლევითი ფონდი (Research Foundation for Science, Technology, and Natural Resource Policy) – ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს სოფლის მეურნეობაში მდგრადი მიდგომების დანერგვაზე.

შივა 1952 წელს დეჰრადუნში დაიბადა და ჰიმალაის მთებქვეშ, ბუნებით გარშემორტყმულ გარემოში იზრდებოდა. დედამისი იყო ფერმერი, ხოლო მამა – კონსერვაციონისტი და ადგილობრივი ტყის კურატორი.

ვანდანა ფიზიკას სწავლობდა და მოგვიანებით დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტში (კანადა) დოქტორის ხარისხიც მოიპოვა კვანტურ თეორიაში. სწორედ საზღვარგარეთ სწავლისას გაეცნო შივა ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის საზიანო შედეგებს, განსაკუთრებით, კი, ქიმიური პესტიციდებისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო/GMO) ნეგატიურ გავლენას გარემოსა და ფერმერების საარსებო წყაროებზე.

გარემოს დაცვის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი შივას შინ დაბრუნების შემდეგ გაუჩნდა, როდესაც ნახა, რომ მისი ბავშვობისდროინდელი საყვარელი ტყე გაეჩეხათ ვაშლის ბაღის გასაშენებლად.

სწორედ ინდოეთში დაბრუნების შემდეგ, შივამ 1982 წელს დააარსა მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების პოლიტიკის კვლევითი ფონდი; რაც იყო მისი პირველი, მნიშვნელოვანი და ინოვაციური საქმე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მარცვლეულზე ფერმერთა უფლებების (seed sovereignty) შენარჩუნების მიმართულებით.

ვანდანა იაზრებდა ფერმერობის ტრადიციული პრაქტიკებისა და მარცვლეულის გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობას.

ამ საქმიანობამ საფუძველი ჩაუყარა „ნავდანიას / Navdanya“ ჩამოყალიბებას; ესაა მოძრაობა, რომელიც იცავს ადგილობრივ კულტურებს ინდოეთში და, ამავე დრო, ხელს უწყობს რეგენერაციულ სოფლის მეურნეობას. „ნავდანია“ ანუ, სხვანაირად, “ცხრა თესლი/Nine Seeds” ან “ახალი საჩუქარი/New Gift,” რომელსაც ფერმერები უძღვებიან არის ქალებზე ორიენტირებული და მიზნად ისახავს მწარმოებლების განათლებას რეგიონული, მემკვიდრეობითი მცენარეებისა და კლიმატისადმი მდგრადი საკვების შესახებ.

ვანდანამ მთელი ინდოეთის გარშემო იმოგზაურა, რათა შეეგროვებინა და შეენახა ტრადიციული კულტურები/თესლები, შეექმნა თესლის ბანკი და ფერმერთა ქსელი, რომლებიც  მდგრადი სოფლის მეურნეობის მომხრე იყვნენ. შივას საქმიანობამ გააძლიერა უამრავი ფერმერი, რათა დაებრუნებინათ კონტროლი საკუთარ მარცვლეულსა და ცხოვრებაზე და გათავისუფლებულიყვნენ მულტინაციონალური კორპორაციების ძალაუფლებისგან.

ქვეყნის გარშემო ორმა მილიონმა ფერმერმა შეიცვალა პრაქტიკა ორგანული მეურნეობისკენ და ინიციატივის ფარგლებში 150 სათემო თესლის ბანკი შეიქმნა. პროექტის წყალობით შენარჩუნდა ბრინჯის 3,000, ხორბლის 215, რაჯმას 130, პულსების (პარკოსანი მცენარე) 97, სუნელების 58, სამედიცინო მცენარეების 48 და ბასმათის 46 სახეობა; და ეს ჩამონათვალი კიდევ არ არის სრული.

ვანდანას აქტივიზმი ინდოეთის საზღვრებს გასცდა. ის გახდა გარემოსდაცვითი სამართლიანობის გლობალური ხმა, რომელიც ხმამაღლა ებრძოდა კორპორატიულ კონტროლს სოფლის მეურნეობაზე და მსოფლიო მასშტაბით ადვოკატირებდა მდგრადი პრაქტიკების დანერგვას სოფლის მეურნეობაში. გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და სიცოცხლის ფორმების დაპატენტების წინააღმდეგ მისმა კამპანიებმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და გახდა თესლსა და საკვებზე სუვერენიტეტისათვის გლობალური მოძრაობის შთაგონება.

გარდა მდგრადი სოფლის მეურნეობისთვის ბრძოლისა, შივა არის მტკიცე ეკოფემინისტი. მისმა პირველმა წიგნმა – „დარჩე ცოცხალი“ (Staying Alive), შეცვალა ქალთა როლის აღქმა განვითარებად ქვეყნებში და წარმოაჩინა ქალთა, როგორც მზრუნველთა და ბუნების ‘მფარველთა’ მნიშვნელოვანი როლი. 

მისი საქმიანობისთვის შივა 1993 წელს გახდა „Right Livelihood“ ჯილდოს მფლობელი, ეს ჯილდო თავისი მნიშვნელობით ნობელის პრემიასთან იგივდება. 2003 წელს, კი ჟურნალმა „TIME”-მა მას მიანიჭა „გარემოსდაცვითი გმირის“ წოდება.

შივა დღესაც განაგრძობს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მარცვლეულის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ის ამ საკითხებზე საერთაშორისო მასშტაბებით საუბრობს, ბოლო დროს ჩატარებულ ვებინარებში კი ასევე განიხილავს, როგორ აკავშირებს მებაღეობა ადამიანებს ბუნებასთან და როგორ შეუძლია ამ პროცესს, განკურნოს, როგორც ადამიანი, ისე დედამიწა.

შივას ხელმძღვანელობა და საქმიანობის ფართო მასშტაბი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რატომ არიან ქალები მთავარი ფიგურები კლიმატის კრიზისის დაძლევაში. რეგენერაციული სოფლის მეურნეობა, განახლებადი ენერგია და ეკოსისტემის კონსერვაცია არის სამი მთავარი წყარო, რითაც შეგვიძლია, გლობალური ტემპერატურის მატება 1,5 გრადუსამდე შევაჩეროთ.

 

გამოყენებული წყაროები:

https://www.oneearth.org/agricultural-hero-vandana-shiva/#:~:text=In%201991%2C%20Vandana%20Shiva%20created,nature%20near%20the%20Himalayan%20foothills.

https://www.britannica.com/biography/Vandana-Shiva