“ჭიაკოკონობის ღამეს” ნარჩენების დაწვაზე კონტროლი მკაცრდება
აღდგომის წინა ოთხშაბათს “ჭიაკოკონობის” რიტუალი იმართება ხოლმე, თუმცა ბოლო წლებში მისი აღნიშვნის მასშტაბმა იკლო, რაც გვახარებს და იმედი გვაქვს, ამ ტრადიციაზე კიდევ ბევრი იტყვის უარს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნებისმიერი ტიპის ნარჩენის, მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის ღია წესით დაწვა აკრძალულია.
ნარჩენების ღია წესით დაწვა ჯარიმდება 500 ლარით, ხოლო საბურავის, რეზინის დაწვა 1 500 ლარით.
აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.
უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, „ჭიაკოკონობის ღამეს“ კონტროლს გაამკაცრებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.