• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
რატომ არის ქვითარი ჯანმრთელობისთვის სახიფათო?

რატომ არის ქვითარი ჯანმრთელობისთვის სახიფათო?

ქვითარი, რომელსაც პროდუქტის შეძენისას გვაძლევენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ონკოლოგიური, რეპროდუქციული პრობლემები, ალერგიული რეაქცია და ინტოქსიკაცია – ეს რისკების არასრული ჩამონათვალია. მიზეზი კი, არის ტოქსიკური ნივთიერება ბისფენოლ A (BPA), რომელიც ქვითრის დასამზადებლად გამოიყენება.

ეს ნივთიერება ყველა თერმო ქაღალდზეა დატანილი და ამის საშუალებით იბეჭდება მასზე ნაწერი.

ბისფენოლ A ადამიანის ორგანიზმში მარტივად, კანზე შეხებითაც, ხვდება. ტოქსიკური ნივთიერებით კონცენტრირებულ ქაღალდთან 5 წამიანი კონტაქტიც საკმარისია, რომ მან კანიდან ორგანიზმში შეაღწიოს. ამასთან, მშრალი ხელი ნაკლებად იწოვს ნივთიერებას, რაც უფრო ტენიანია ხელი, უფრო მეტია ექსპოზიციაც. ჭარბი დოზის აკუმულაციის შემთხვევაში კი, შეუქცევადი პროცესები ვითარდება – დროთა განმავლობაში იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, უშვილობას, მიჩნეულია დიაბეტი ტიპი 2-ის მაპროვოცირებლად და მოიაზრება კანცეროგენთა რიცხვში.

ტოქსიკური ქაღალდი ყველაზე საშიში იმ ადამიანებისთვისაა, ვისი პირდაპირი მოვალეობაც მათი ბეჭდვაა. მოლარეებს დღის განმავლობაში ათობით ქვითართან შეხება უწევთ.

ამ ნივთიერების მიმართ ყველაზე მოწყვლადები არიან ბავშვები და ორსულები, ვინაიდან ეს ნივთიერება აფერხებს ნაყოფის განვითარებას და მოქმედებს მის თავის ტვინსა და რეპროდუქციულ სისტემაზე. ასევე შეიძლება, გამოიწვიოს ჰორმონალური დისბალანსი და ენდოკრინული დარღვევები.

რაც შეეხება ბავშვებზე ზემოქმედებას, ინტოქსიკაციის შემთხვევაში ყველაზე მარტივი შედეგია ალერგია, თუმცა საფრთხე გაცილებით დიდია. ირკვევა, რომ პატარებში ქვითრის ქაღალდები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და არის შემთხვევები, როცა ბავშვები ამ ფურცელს პირშიც იდებენ.

ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, ხანგრძლივი ზემოქმედებისას ნივთიერება აზიანებს სხვადასხვა ორგანოთა ქსოვილებს, მათ შორის თავის ტვინის, იმუნური სისტემის, ენდოკრინული სისტემის.

ბისფენოლ A-თი დამუშავებული ქაღალდი მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია გარემოსთვის. ის პლასტმასისა და პოლიეთილენის მსგავსად არადეგრადირებადია.

თერმო ქაღალდზე ქვითრის ბეჭდვისას არ გამოყენება საღებავი და მის ფუნქციას საშიში მჟავა ასრულებს. გახურებად ქაღალდზე დატანილი ბისფენოლ A გახურებისას იცვლის ფერს და სწორედ ამ დროს აქტიურდება ტოქსიკური ნივთიერება.

როგორ უნდა მოვიქცეთ?

პროდუქციის შეძენის შემდეგ არ მოვითხოვოთ ქვითარი ან გამოვიყენოთ ელექტრონული ქვითარი;
მათთვის, ვისთვისაც გარდაუვალია ასეთ ქაღალდთან შეხება, სასურველია მინიმუმამდე დაიყვანონ ქვითართან ფიზიკური კონტაქტის დრო ან გამოიყენონ ხელთათმანი.

საფრთხის გათვალისწინებით, უკვე დაწყებულია მუშაობა ქვითრის ქაღალდის ტექნოლოგიურ ცვლილებაზე და ბისფენოლის შემცველობის ნებისმიერი ნაწარმის აკრძალვაზე.

ინფორმაცია პოსტის სახით იხილეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.