დღეს, 28 დეკემბერს, „ეკო ცენტრისა“ და „გავიგუდეთ“ ორგანიზებით 2022 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ჩვენი ერთგული მოხალისეები და გარემოსდაცვითი საკითხებითა და ჩვენი საქმიანობით დაინტერესებული ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
მონაწილეებს პრეზენტაციის სახით ჩვენ მიერ 2022 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობებისა და ღონისძიებების შესახებ კიდევ ერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია. ახალგაზრდებს გავაცანით, წლევანდელი წლის მნიშვნელოვანი შედეგები, ის პროგრესი, რასაც ჩვენი აქტივიზმით მივაღწიეთ. მოვუყევით იმ მნიშვნელოვანი თანამშრომლობებისა და შეხვედრების შესახებ, რომლებიც წელს დაიწყო და იმედი გვაქვს, მომავალშიც წარმატებულად გაგრძელდება.
2022 წლის მიღწევა იყო ისიც, რომ „გავიგუდეთ“ გახდა ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის სამუშო ჯგუფის წევრი. ვიმედოვნებთ, ჩვენი ჩართულობით შევძლებთ გეგმა მაქსიმალურად იყოს მორგებული რუსთავის საჭიროებებს, რათა გაუმჯობესდეს ქალაქში არსებული გარემო.
ასევე, აღსანიშნავია „ეკო ცენტრის“ მიერ ნარჩენების შესამცირებლად დაწყებული კამპანიაც, რომელიც პლასტმასის გამოყენების შემცირებისა და გადამუშვების მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება.
ანგარიშის ბოლოს დისკუსიაც გაიმართა და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, თავიანთი აზრი დაეფიქსირებინათ ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით.
შეხვედრის მეორე ნაწილი კი, სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად საახალწლო ანიმაციური ფილმის ჩვენებას დაეთმო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით სიკეთის ძალაში და ერთად ვნახეთ როგორი გადამდები ძალა აქვს პატარა სიკეთესაც კი.
„ეკო ცენტრი“ და „გავიგუდეთ“ ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ.