• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • დეკემბერი 13, 2022

13 დეკემბერს ჩვენი გუნდი დაბალემისიანი განვითარების კონცეფციის ონლაინ საჯარო განხილვას დაესწრო.

საქართველომ დაბალემისიანი განვითარების კონცეფცია შეიმუშავა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე.

2017 წლის 7 ივნისიდან საქართველოსთვის ოფიციალურად ძალაში შევიდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმება“. აღნიშნული შეთანხმება კლიმატის ცვლილების მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისად ითვლება, რომლის ძირითადი მიზანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების და ეკონომიკის სექტორებზე ნეგატიური ზემოქმედების მნიშვნელოვნად შემცირება, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C-მდე შეზღუდვით და/ან დამატებით 1.5˚C-მდე შეზღუდვის მცდელობით.

პარიზის შეთანხმება მოუწოდებს ქვეყნებს – შეიმუშაონ დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიები. პარიზის შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ, შეიმუშავა დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი კონცეფციის პროექტი, კონცეფცია განსაზღვრავს ეროვნული ემისიებისა და შთანთქმის სავარაუდო მაჩვენებლების დიაპაზონს და აყალიბებს ხედვას 2050 წლისთვის, რომელიც დამყარებულია სათბურის გაზების ემისიისა და შთანთქმის პროგნოზებზე სათბურის გაზების ემიტორი და შთანმთქმელი სექტორებიდან.

შესაბამისად, დოკუმენტის შემუშავება არის იმ სცენარის ნაწილი, რომელიც ემსახურება 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალურობის მიღწევას.

კლიმატნეიტრალურობის მისაღწევად დამატებითი ღონისძიებების/პოლიტიკის გატარებაა საჭირო, რაც მოიცავს:

  • ტექნოლოგიურ გადაიარაღებას ყველა სექტორში;
  • ახალი რეგულაციების შემოღებას, რაც ხელს უწყობს ნახშირბად-ნეიტრალობას;
  • დამატებით ფინანსურ რესურსებს დამატებითი ზომების დასაფინანსებლად.

მოცემულ ეტაპზე კი საქართველოსთვის მთავარი სამიზნე ემისიების 35%-ით შემცირება  1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით, რაც ასევე ჩადებულია ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტში.

საქართველოს გრძელვადიანი დაბალემისიანი განვითარების კონცეფცია შეგიძლიათ, იხილოთ ამ ბმულზე.