15 ნოემბერს, ქ. რუსთავის მერიაში ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership) პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას „ეკო ცენტრის“ გარდა, ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა გახსნა ქ.რუსთავის მერმა.
ღია მმართველობის პარტნიორობა ჰორიზონტალურ თანამშრომლობას ეფუძნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართვას გულისხმობს.
ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამაში საქართველოდან რამდენიმე მუნიციპალიტეტია ჩართული, მათგან ერთ-ერთია რუსთავი. პროგრამა გულისხმობს მუნიციპალიტეტის მხრიდან რამდენიმე ვალდებულების აღებას, რომელთა განხორციელებისათვის დაახლოებით 3 წლიანი ვადაა გათვალისწინებული.
შეხვედრაზე ქალაქისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პრობლემა გამოიკვეთა, თუმცა დისკუსიისა და აზრთა შეჯერების შედეგად, გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე პროგრამის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება გარემოსდაცვით საკითხებსა და არასამთავრობო სექტორის გაძლიერებაზე.
ჩვენი გუნდი, რასაკვირველია, მიესალმება OGP-ის ფარგლებში რუსთავში გარემოსდაცვითი თემის წინ წამოწევას, თუმცა, ვფიქრობთ, საკითხები ისე უნდა იყოს განსაზღვრული, რომ სრულად არ დაემთხვეს ჰაერის სამოქმედო გეგმას და სამოქალაქო სექტორის რესურსები სწორად გადანაწილდეს. მათ შორის, ხაზი გავუსვით გენერალური გეგმის შემუშავებისას მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას და დამატებით კონსულტაციებს, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი ქაოტური ურბანული განაშენიანება, როგორიც თბილისშია.
რაც შეეხება, სამოქალაქო სექტორის გაძლერების მიზანს – ამ მიმართულებითაც ხაზი გაესვა მერთან ინტენსიური შეხვედრების მნიშვნელობას, ერთობლივი მსჯელობისა და პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზების განხილვას, სამოქალაქო სექტორის ჩართვას ურბანულ საკითხებსა და ქალაქის პოლიტიკის განსაზღვრაში.