• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • აგვისტო 10, 2023

დღეს, 10 აგვისტოს, ჩვენი გუნდი ორ მნიშვნელოვან დოკუმენტთან დაკავშირებით ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს დაესწრო.

შეხვედრები გაიმართა საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის ფარგლებში კლიმატის სამოქმედო გეგმების განახლების მიზნით, რომლებიც შემუშავდება 2024 – 2025 წლებისთვის.

ერთი სამოქმედო გეგმა შეეხებოდა 2030 წლისთვის საბაზისო სცენარით გათვალისწინებულ პროგნოზთან შედარებით ტრანსპორტის სექტორში სათბურის აირების ემისიების 15%-ით შემცირებას.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია იმ ამოცანების შესახებ, სადაც დღეის მდგომარეობით, ყველაზე დიდი პროგრესია მიღწეული, ასევე დასახელდა ის ამოცანები, სადაც ჯერ კიდევ ჩამორჩენაა. როგორც ირკვევა, ყველაზე დიდი პროგრესი არის საქართველოში რეგისტრირებული ჰიბრიდული ავტომობილების წილის მიმართულებით, რომლის საბაზისო და საბოლოო მაჩვენებლები პროცენტებში გამოიყურება შესაბამისად 4.9% და 20%.

ხოლო ჩამორჩენაა, მაგალითად, ისეთი ამოცანის შესრულების მიმართულებით, როგორიცაა თბილისში მგზავრობის პროცენტული წილი, რომელიც არამოტორიზებული ტრანსპორტით (ველოსიპედით/ფეხით გადაადგილება) ხორციელდება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბიოსაწვავის წარმოებისა და ამგვარი წარმოებების პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე.

ასევე, შეხვედრაზე განიხილეს აქტივობა, რომელიც სატრანსპორტო ემისიების მართვის მიმართულებით განხორციელდება – ესაა საავტომობილო გამონაბოლქვის კონტროლი გზებზე. შემოწმებები დაიწყება 4 სექტემბრიდან საქართველოს 3 დიდ ქალაქში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 5 ეკიპაჟი იმოძრავებს თბილისში, 2-2 ეკიპაჟი – ქუთაისსა და ბათუმში და 1 ეკიპაჟი – რუსთავში.

ჩვენ ეს შეხვედრაც გამოვიყენეთ, რათა კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი რუსთავ – თბილისს შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის პრობლემაზე, რაც ხშირად კერძო ავტომობილით გადაადგილების წამახალისებელი ხდება და უარყოფითი გავლენა აქვს, როგორც ჰაერის ხარისხზე, ასევე სატრანსპორტო ნაკადებზე. კერძოდ, კი, გვაინტერესებდა რაიმე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა თუ იგეგმება ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

უწყების წარმომადგენლისგან მივიღეთ პასუხი, რომ ეს კომენტარი ჩაემატება სამოქმედო გეგმას, შემდგომ განიხილავენ და ასე გადაწყდება მისი გეგმაში საბოლოოდ ასახვის საკითხი.

მეორე შეხვედრა გაიმართა მრეწველობის სექტორის ტექნიკური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში და წარმოდგენილი იყო განახლებული აქტივობები და ინდიკატორები 2024 – 2025 წლების კლიმატის სამოქმედო გეგმის მრეწველობის სექტორის ნაწილთან დაკავშირებით.

გეგმის ამ ნაწილით განსაზღვრული მიზანი გულისხმობს 2030 წლისთვის მრეწველობის სექტორის დაბალნახშირდაბიანი მიდგომების განვითარების ხელშეწყობას კლიმატგონივრული და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მომსახურებების წახალისებით, რამაც საბლოოდ, მრეწველობის სექტორიდან სათბურის აირების ემისიები 5%-ით უნდა შეამციროს.