• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • ივლისი 29, 2024

mega_cementi29 ივლისს რუსთავის მერიაში ჩატარდა შპს „მეგა ცემენტის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების შესახებ სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა.

სჯარო განხილვას ჩვენი გუნდი „ეკო ცენტრის“ აკადემიის წევრებთან (13 აკადემიელი) ერთად დაესწრო. პროექტთან დაკავშირებით აკადემიელებმა არაერთი კითხვა დასვეს, რომლებიც მანამდე მათი ჩართულობით სამუშაო შეხვედრაზე მოვამზადეთ. სამუშაო შეხვედრას მოწვეული ექსპერტი უძღვებოდა.

რაც შეეხება დაგეგმილ საქმიანობას, კომპანია გეგმავს საწარმოს წარმადობის ზრდას წელიწადში 46 800 ტონიდან 204 000 ტონამდე. გაზრდილი წარმადობის პირობებში, საწარმო ნაცვლად 260 დღისა იმუშავებს 340 დღე წელიწადში. შესაბამისად, საწარმოში არსებული წისქვილი 15 ტ/სთ-ის ნაცვლად, იმუშავებს 25 ტ/სთ დატვირთვით. აქვე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საწარმოში წისქვილის შეცვლა არ იგეგმება და გამოყენებული იქნება არსებული წისქვილი, რომელიც კომპანიის მიერ გაიტესტა ერთჯერადად და დადგინდა, რომ შეუძლია გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილება. საწარმოს მიერ წარმადობის გაზრდა განპირობებულია ქვეყანაში არსებულ გაზრდილ მოთხოვნაზე ცემენტისა და სამშენებლო მასალების მიმართ.

ზემოქმედება ატმოსფერულ ჰაერზე: აღსანიშნავია, რომ არსებულ ოთხ სილოსს გააჩნია საერთო ჰაერ გამშვები მილი, რომელზეც დაყენებულია ერთი შემკრები მილი შესაბამისი ფილტრით. ხოლო, 3 ახალ სილოსს ინდივიდუალურად დაუყენდება ფილტრები ექსპლუატაციაში გაშვებამდე. სილოსებზე არსებული და სამომავლოდ დასამონტაჟებელი ფილტრების მტვერდაჭერის ეფექტურობაა 99.9%. როგორც საწარმოს ხელმძღვანელმა განაცხადა, წისქვილზე ამჟამად არის დამონტაჟებული ფილტრები და თვითმონიტორინგის სისტემა, თუმცა, მისი ჩართვის ნებართვა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე არ აქვს.

მათივე განცხადებით, ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ექნება თუ არა ატმოსფერულ ჰაერში ემისიების ზრდას ადგილი, წარმოდგენილი იქნება გზშ ანგარიშთან ერთად.

ამ პროექტთან დაკავშირებით აკადემიელების მიერ გაჟღერებულ კომენტარებს თქვენც გთავაზობთ. ასევე, ეს კომენტარები ტრადიციულად გავუგზავნეთ სამინისტროს.

– სკოპინგის ანგარიშში, (3.2-პუნქტში) საწარმოს ტერიტორიაზე მოწყობილია ყველა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც გათვალისიწინებული იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 11 ივნისის N2-853 ბრძანებით გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით. თუმცა , შესაბამისი ნებართვის გარეშე, საწარმოს ტერიტორიაზე მოხდა 3 ცალი სილოსის დამატება, თითოეული წარმადობით 65 ტონა, რომელიც ამ ეტაპზე, როგორც თქვენ აღნიშნეთ ექსპლოატაციაში არ არის გაშვებული. რამდენად მართებულია ეს ფაქტი?

– ანგარიშში (3.2-პუნქტის 5-ე აბზაცში) ვკითხულობთ, რომ საწარმოში წისქვილის შეცვლა არ იგეგმება და გამოყენებული იქნება არსებული წისქვილი, რომელიც კომპანიის მიერ გაიტესტა ერთჯერადად და დადგინდა, რომ სრული დატვირთვით ამუშავების შემთხვევაში, წისქვილს 15ტ/სთ-ს ნაცვლად შეუძლია აწარმოოს 25 ტ/სთ. საინტერესოა რამდენად ვარგისიანია ძველი წისქვილი და ხომ არ არის საშიშროება რომ მისმა დამატებითი დატვირთვით ამუშავებამ გამოიწვიოს დამატებითი ემისიების წარმოქმნა.

– ამავე ანგარიშში (3.3-პუნქტის 3-ეაბზაცში), წერია, რომ ობიექტზე შემოტანილი ნედლეულის განთავსება ხდება გადახურული ანგარის ტიპის შენობის ტერიტორიაზე მოწყობილ მოედანზე. ნედლეულის მიწოდება შესარევად ხდება ამავე ტერიტორიაზე

მოწყობილ ნედლეულის შემრევ ორმოში. ორმოში შერევის შემდეგ, ნედლეული შესაბამისი დოზირებით ჩაიტვირთება მიმღებ ბუნკერებში. გთხოვთ, დააზუსტოთ რა ტიპის ანგარია, მხოლოდ გადახურულია თუ შემოსაზღვრულია სამი მხრიდან.

– ამავე პუნქტში, ასევე დაკონკრეტებას მოითხოვს, ცემენტის ტომრებში შესაფუთი დანადგარისთვის განკუთვნილი ანგარის ტიპის შენობის დახასიათბაც.

– ანგარიშში (6.0-პუნქტის 5-ე აბზაცი) აღნიშნულია, რომ არსებულ ოთხ სილოსს გააჩნია საერთო ჰაერ გამშვები მილი, რომელზეც დაყენებულია ერთი შემკრები მილი შესაბამისი ფილტრით. ხოლო, 3 ახალ სილოსს ინდივიდუალურად დაუყენდება ფილტრები ექსპლოატაციაში გაშვებამდე. სილოსებზე არსებული და სამომავლოდ დასამონტაჟებელი ფილტრების მტვერდაჭერის ეფექტურობაა 99.9%.

გთხოვთ, განგვიმარტოთ, ექსპლუატაციაში არსებულ სილოსებზე რა სახის ფილტრები აყენია და გაქვთ თუ არა დამონტაჟებული თვითმონიტორინგის სისტემები. ასევე, გთხოვთ, ამ ბმულზე იხილოთ თქვენი საწარმოს ფოტო, სადაც ჩვენი აზრით 99,9%-იანი გაფილტრვა ნამდვილად არ არის დაფიქსირებული.

ასევე გეგმავთ თუ არა ახალ სილოსებზე თვითმონიტორინგის სისტემების დაყენებას?

– რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებებს (9.4 პუნქტში) აღნიშნავთ, რომ სატრანსპორტო საშუალებების საბურავები, ტრანსპორტის მიერ საწარმოო ტერიტორიის დატოვებამდე გასუფთავდება მტვრისგან. ამასთან, მშრალ ამინდში გათვალისწინებულია მისასვლელი გზის იმ მონაკვეთის მორწყვა, რომელიც უშუალოდ საწარმომდე მიდის ყოველ 2 საათში, რათა დამტვერიანება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. საინტერესოა რამდენად ხდება ახლა ამ პროცედურების დაცვა.

– საინტერესოა გამწვანების თემაც, რამდენად გაქვთ თუ არა დათვლილი ხეების რაოდენობა, რომელიც დაირგვება საწარმოს პერიმეტრზე და ხომ არ ექნება ამას მხოლოდ სიმბოლური სახე, რადან თუ თავად საწრმოს ტერიტორია არ იძლევა ხეების დარგვის შესაძლებლობას, ეს ჩანაწერი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

– ანგარიშის 11-ე პუნქტში აღნიშნავთ, რომ საწარმოს საქმიანობის დროს, მტვერდამჭერ სისტემებში ფილტრებზე დაჭერილი ცემენტის მტვერი გადის სარეალიზაციოდ.

საინტერესო იქნებოდა დაზუსტება, თუ სად გადის მოცემული მტვერი.

ანგარიშის, ასევე 11-ე პუნქტში წერთ, რომ საწარმოს ექსპლოატაციის ეტაპზე მოსალოდნელი ყველა სახის ნარჩენების მართვის საკითხები მოცემულია წინამდებარე დოკუმენტის ნარჩენების მართვის გეგმაში. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხი, ნარჩენების მართვის გეგმაში არ იძებნება.

კომენტარები სამინისტროსთვის:

– სასურველია შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მიერ სამინისტროში გამოგზავნილი წერილები გაეგზავნოს კომპანიასაც, რათა სამომავლო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმავე საქმიანობაზე არ მოხდეს წინა დოკუმენტში არსებული ხარვეზის დუბლირება. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია ხარვეზდება და წერილში გათვალისწინებულია ჩვენი შენიშვნებიც, სასურველია, რომ ამ წერილის გამოგზავნა მოხდეს ჩვენთანაც ან გვეცნობოს. შენიშვნების არგათვალისწინების შემთხვევაში კი, სასურველია, გვეცნობოს ამის მიზეზი.

– გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტიურად ადევნებს თვალს სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს, რუსთავში არსებული/დაგეგმილი საწარმოების შესახებ, ესწრება საჯარო განხილვებს და აგზავნის შენიშვნებს, სასურველია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე, კომპანიასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, გამოგვეგზავნოს ჩვენც.

 

 

მასალა მომზადებულია USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით