6-8 სექტემბერს “ეკო ცენტრის” ორგანიზებით ადვოკატირებისა და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ 3 დღიანი ტრენინგი სასტუმრო “ვილა მოსავალში” ჩატარდა.
ტრენინგის მონაწილეები იყვნენ გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეები რუსთავიდან, გარდაბნიდან, მარნეულიდან, ბოლნისიდან, კასპიდან, ნინოწმინდიდან და თბილისიდან.
ჩვენი შეკრება დაიწყო საწარმოო ტურით რუსთავში. მონაწილეთა უმრავლესობას აქამდე ინფორმაცია არ ჰქონდა რუსთავის საწარმოო ზონის მასშტაბებისა და მდგომარეობის შესახებ და გვიხარია, რომ ეს ტური მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების წყარო იყო მონაწილეთათვის და რუსთავის ამ მხარესაც გაეცნენ.
თეორიული ნაწილი “ვილა მოსავალში” გავაგრძელეთ „გავიგუდეთ“ და „ეკო ცენტრის“ საქმიანობის გაცნობით.
განვიხილეთ ჰაერის დაბინძურების მიზეზები, ის გამოწვევები და პროგრესი, რაც წლების განმავლობაში გავიარეთ ამ მიმართულებით. ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება ადამიანების ჯანმრთელობაზე და ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რესპირატორული დაავადებები, ნერვული სისტემის პრობლემები, მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების რისკები.
მონაწილეებს გავაცანით ადვოკატირების არსი, სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა. განვიხილეთ აქტივიზმის რისკები და ამ რისკების მენეჯმენტის ტექნიკები. საკითხის უკეთ გასარკვევად გავაკეთეთ პრაქტიკული სავარჯიშოც – პრობლემასთან დაკავშირებული ინტერესთა ჯგუფებისა და მათი საქმიანობის ანალიზის შესახებ.
ვისაუბრეთ მედია ადვოკატირების შესახებ, როგორც ამა თუ იმ პრობლემის დღის წესრიგში შენარჩუნების და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრის მნიშვნელოვან გზად.
ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვასთან დაკავშირებით პრაქტიკული სავარჯიშოც გავაკეთეთ. ახალგაზრდებმა საინტერესო თემებზე შემოგვთავაზეს ადვოკატირების კამპანიის საინტერესო იდეები.
ტრენინგის განმავლობაში ვისაუბრეთ ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ; განვიხილეთ მოქალაქეთა მონაწილეობის სამართლებრივი ფორმები, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესი და ვადები, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკები. ამასთან გავეცანით გარემოსდაცვითი საკითხების მოსაძიებლად არსებულ ბაზებს.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
გვიხარია, რომ ძალიან აქტიური ადამიანებით გაფართოვდა ჩვენი გარემოსდამცველთა ქსელი და ჩართულობისთვის მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის “სამოქალაქო ჩართულობა მწვანე მომავლისთვის” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) გრანტით, ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით.