• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • აპრილი 20, 2024

maswavleblebis_treningiდღეს, 20 აპრილს, ჩავატარეთ ტრენინგი მასწავლებლებისთვის; რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა საგნის მასწავლებლები რუსთავიდან, გარდაბნიდან, ლემშვენიერადან, სოფ. ვაზიანიდან და თბილისიდან.

ტრენინგი ჩატარდა „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით პროექტის – „გარემოსდამცველ ქალთა გაძლიერება და ნარჩენების შემცირების კამპანია“ ფარგლებში.

ტრენინგის მიზანი იყო მასწავლებლების გაძლიერება და სკოლებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების პოპულარიზაცია.

ტრენინგზე ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჰაერის დაბინძურების პრობლემა რუსთავში, ჰაერის დაბინძურების წყაროები; ასევე განვიხილეთ ჰაერის დაბინძურების პრობლემა ადამიანის ჯანმრთელობაზე და შესაბამისი მონაცემები გავაცანით ტრენინგის მონაწილეებს; გარდა ამისა, მასწავლებლებს გავაცანით, როგორ შეიძლება ჰაერის ხარისხის შემოწმება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის (air.gov.ge) გამოყენებით და მივაწოდეთ ინფორმაცია, იმ მცენარეების შესახებ, რომლებიც სახლში ჰაერის გაწმენდაში გვეხმარება.

დამატებით, ვისაუბრეთ მდგრადი განვითარების მიზნების კავშირზე ჰაერის დაბუნძურებასთან, კლიმატის ცვლილების შერბილებასთან და, ასევე, განვიხილეთ ჰაერის დაბინძურების შემცირების ხერხები ინდივიდუალურ დონეზე.

ტრენინგის მეორე სესია დაეთმო ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევის შესახებ საუბარს – ეს გახლავთ პლასტმასით დაბინძურება და მისი უარყოფითი შედეგები გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. განვიხილეთ პლასტმასის ნარჩენების წარმოქმნის სტატისტიკა მსოფლიოში და საქართველოში.

დასკვნით ეტაპზე ვისაუბრეთ, იმ მეთოდებისა და პრაქტიკების შესახებ, როგორ გავხდეთ ეკო-მეგობრულები – როგორ შევამციროთ პლასტმასის ნარჩენი და როგორ შევამციროთ პლასტმასის ზემოქმედების უარყოფითი გავლენა გარემოსა და ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

გვიხარია, რომ ჩვენს ტრენინგს დიდი დაინტერესება ჰქონდა რეგიონული მასშტაბით და იმედი გვაქვს, ჩვენი მეგობარი მასწავლებლების დახმარებით სკოლებში კიდევ უფრო ამაღლდება გარემოსდაცვითი ცნობიერება და პასუხისმგებლობა.