14, 15 და 16 ოქტომბერს „ეკო ცენტრის“ ორგანიზებით ადვოკატირებისა და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს ქალაქგარეთ, კაჭრეთში, ვუმასპინძლეთ პროექტის – “გარემოსდამცველთა ქსელის გაძლიერება ქვემო ქართლში” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) გრანტით, ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვითი საკითხებითა და ამ პრობლემების გადაჭრის გზების ტექნიკებით დაინტერესებულმა პირებმა რეგიონული მასშტაბით – რუსთავიდან, გარდაბნიდან, მარნეულსა და ბოლნისიდან. მათ შორის იყვნენ ამ ქალაქებში არსებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აქტივიზმში ჩართული ახალგაზრდები, მასწავლებლები.
ჩვენი შეკრება დაიწყო საწარმოო ტურით რუსთავში. მონაწილეთა უმრავლესობას აქამდე ინფორმაცია არ ჰქონდა რუსთავის საწარმოო ზონის მასშტაბებისა და მდგომარეობის შესახებ და გვიხარია, რომ ეს ტური მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების წყარო იყო მონაწილეთათვის და რუსთავის ამ მხარესაც გაეცნენ.
შემდეგი ეტაპი უკვე კაჭრეთში გაგრძელდა და ვისაუბრეთ „გავიგუდეთ“ და „ეკო ცენტრის“ შესახებ; ჩვენს განვლილ გზაზე, ჩვენს საქმიანობასა და სამომავლო მიზნებზე. მონაწილეებს მოვუყევით იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვა „გავიგუდეთ“-მა ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან, ვისაუბრეთ პოლიტიკის იმ დოკუმენტების შესახებ, რომლის შემუშავებაშიც „გავიგუდეთ“ იყო და არის ჩართული ჰაერის გაუმჯობესების კუთხით.
ვისაუბრეთ შენობის შიდა ჰაერის დაბინძურების შესახებ და ვიმსჯელეთ, როგორ და რა ინდივიდუალური ქმედებებით შეიძლება, დავიცვათ ჰაერი.
ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ იმ საკითხებისა და სტატისტიკის განხილვით, რა გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება ადამიანების ჯანმრთელობაზე და ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რესპირატორული დაავადებები, ნერვული სისტემის პრობლემები, მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების რისკები.
ამ დღის ნაწილი იყო, ასევე, მონაწილეებისათვის ადვოკატირების არსის გაცნობა, სამოქალაქო ჩართულობის განმარტება, აქტივიზმის რისკების გაცნობა და ამ რისკების მენეჯმენტის ტექნიკები. საკითხის უკეთ გასარკვევად გავაკეთეთ პრაქტიკული სავარჯიშოც – პრობლემასთან დაკავშირებული ინტერესთა ჯგუფებისა და მათი საქმიანობის ანალიზის შესახებ.
დღის ბოლოს კი, ვისაუბრეთ მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობებზე და განვიხილეთ წარმატებული პრაქტიკები.
ვისაუბრეთ მედია ადვოკატირების შესახებ, როგორც ამა თუ იმ პრობლემის დღის წესრიგში შენარჩუნების და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრის მნიშვნელოვან გზად.
ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვასთან დაკავშირებით პრაქტიკული სავარჯიშოც გავაკეთეთ. ახალგაზრდებმა საინტერესო თემებზე შემოგვთავაზეს ადვოკატირების კამპანიის საინტერესო იდეები.
მესამე დღეს ვისაუბრეთ ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ; განვიხილეთ მოქალაქეთა მონაწილეობის სამართლებრივი ფორმები, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესი და ვადები, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკები. ამასთან გავეცანით გარემოსდაცვითი საკითხების მოსაძიებლად არსებულ ბაზებს.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგის მონაწილეები თითოეული სესიის დროს აქტიურად იყვნენ ჩართული და დისკუსიებიც გაიმართა. ასევე, შემოგვთავაზეს ბევრი საინტერესო იდეა სამომავლო თანამშრომლობების და ეკო-მეგობრული მიდგომების პოპულარიზაციის შესახებ.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
გვიხარია, რომ ჩვენი გარემოსდამცველთა ქსელი რეგიონული მასშტაბით გაფართოვდა აქტიური ახალგაზრდებით.