• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • იანვარი 5, 2023

4-5 იანვარს „ეკო ცენტრის“ ორგანიზებით მწვანე ადვოკატირების შესახებ  ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგი განხორციელდა „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით, პროექტის “ადვოკატირება სუფთა ჰაერისთვის რუსთავში“ ფარგლებში და მარნეულში არსებულ საინიციატივო ჯგუფ „მწვანე აზროვნებასთან“ თანამშრომლობით. შესაბამისად, ჩვენი ძირითადი სამიზნე აუდიტორია აქტივიზმით, ადვოკატირების პრაქტიკითა და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მარნეულელი ახალგაზრდები იყვნენ.

ტრენინგის ორდღიანი მოდული დატვირთული იყო, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილით.

ტრენინგის ფარგლებში, ახალგაზრდებს გავუზიარეთ გარემოსდაცვითი ადვოკატირების გამოცდილება სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ მაგალითზე. განვმარტეთ, რას გულისხმობს მწვანე ადვოკატირება, განვიხილეთ ადვოკატირების განხორციელების ეტაპები და ინსტრუმენტები და ვისაუბრეთ, რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ პროცესს საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში. ამასთან, დეტალურად ვისაუბრეთ სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე, იმ გამოწვევებზე, რაც მოძრაობამ დაარსების დღიდან გაიარა და იმ მიღწევებზე, რასაც ჩვენი აქტივიზმისა და ადვოკატირების კამპანიების შედეგად მივაღწიეთ.

გარდა ამისა, მონაწილეებს სიღრმისეულად გავაცანით რუსთავში არსებული ჰაერის დაბინძურების პრობლემა; მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომაა ჰაერი დაბინძურებული და რომელია ის დამაბინძურებლები, რომელთა მომატებული კონცენტრაციის შედეგად რუსთავში 2022 წელს დღეების 71%-ის განმავლობაში ცუდი ან ძალიან ცუდი ხარისხის ჰაერი გვქონდა. ასევე, განვიხილეთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მყარი ნაწილაკებით (PM) ჰაერის დაბინძურებას გარემოსა თუ ადამიანის ჯანმრთელობაზე, გავეცანით ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების სტატისტიკასა და ჰაერის დაბინძურების ეკონომიკურ ხარჯს.

დამატებით, ტრენინგის ფარგლებში განვიხილეთ ისეთი თემები, როგორიცაა შენობის შიდა ჰაერის დაბინძურება და ჰაერის დაბინძურება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან კავშირში.

ტრენინგი საკმაოდ ინტერაქტიულად წარიმართა, ახლაგაზრდებმა ისაუბრეს იმ გზებზე, რითაც შეგვიძლია, ჰაერის დაბინძურების შემცირებას შევუწყოთ ხელი.

ტრენინგის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში კი, გვქონდა საინფორმაციო ტური საწარმოო ზონაში და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე ენახათ საწარმოო ზონაში არსებული რეალობა, მათ შორის, რამდენიმე საწარმოს მაგალითზე ნახეს, როგორ გამოსწორდა მდგომარეობა, რაშიც „გავიგუდეთ“-ის აქტივიზმს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი.

ასევე, ორი დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის უკეთ გასააზრებლად, და პრაქტიკაში განსახორციელებელი გზების განსასაზღვრად, მონაწილეები ჩაერთნენ პრაქტიკულ სამუშაოში, რაც მოიცავდა ადვოკატირების კამპანიის მიზნების განსაზღვრას კონკრეტული პრობლემების გარშემო.

ახალგაზრდებმა იმუშავეს, როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე თავიანთ თემში არსებულ პრობლემებზე როგორიცაა, მაგალითად, ბრაკონიერობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, ნარჩენების მართვა და საცხოვრებელი გარემოს დაბინძურება და ამ პრობლემების გადასაჭრელად საინტერესო სტრატეგიებიც  შეიმუშვეს.

ჩვენ მიერ შეთავაზებული „ძალაუფლების ანალიზის“ პრაქტიკული სავარჯიშო იყო კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ახალგაზრდებს ადვოკატირების წარმატებული კამპანიის წარმართვაში დაეხმარება.

ჩვენი გუნდი მოხარულია, რომ ეკო-მებრძოლები ჩვენი ქალაქის ფარგლებს გარეთაც შემოვიკრიბეთ და წვლილი შეგვაქვს „მწვანე აზროვნების“ გაძლიერებაში.