• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • აპრილი 22, 2023

დღეს, 22 აპრილს, გიმნაზიისა და მე-11 სკოლის მოსწავლეებს ვუმასპინძლეთ. შეხვედრა დედამიწის დღეს მივუძღვენით და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ფილმის ჩვენებაც გავმართეთ.

შეხვედრა „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებს „გავიგუდეთ“ და „ეკო ცენტრის“ შესახებ ვუამბეთ; გავაცანით რუსთავში არსებული ჰაერის დაბინძურების პრობლემა და მისი გამომწვევი მიზეზები; დამატებით ფოტო ვიდეო მასალაც ვაჩვენეთ იმის დასადასტურებლად, რომ სასურველი შედეგების მისაღწევად სამოქალაქო აქტივიზმს და ბრძოლას აქვს აზრი. ასევე, გავაცანით ის უარყოფითი შედეგები, რაც დაბინიძურებული ჰაერის ზემოქმედებით ჩვენს ჯანმრთელობას ადგება.

„ეკო ცენტრის“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებაც ვუამბეთ და პლასტმასის და მაკულატურის შეგროვების კამპანიებში ჩართვისაკენ მოვუწოდეთ. მოტივაციისთვის, კი, მაკულატურის შეგროვების მიზანი გავაცანით და ვუთხარით, რომ ამით ქალაქის გამწვანებაში შეიტანენ თავიანთ წვლილს. რამდენიმე კილო მაკულატურა მათ უკვე მოიტანეს ჩვენს შემგროვებელ პუნქტში.

შეხვედრის მეორე ნაწილი, კი, კინოჩვენებას დაეთმო. მათთვის ფილმი „ერინ ბროკოვიჩი“ შევარჩიეთ, რიმელიც მოგვითხრობს მარტოხელა, წარუმატებელი ქალის შესახებ, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება, მას შემდეგ, როდესაც აღმოაჩენს, რომ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის უპასუხისმგებლო ოპერირების შედეგად წყალი კანცეროგენური ნივთიერებითაა დაბინძურებული. ესაა საინტერესო ისტორია გარემოსდაცვითი აქტივიზმისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის შესახებ.

ფილმის შემდგომ დისკუსიაც გაიმართა და ვიმსჯელეთ რამხელა როლი შეიძლება ითამაშოს 1 ადამიანის გააზრებულმა აქტიურობამ და თავდადებამ პრობლემის მოგვარებაში.