• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • მარტი 20, 2023

USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის ფარგლებში 19 მარტს მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ვუმასპინძლეთ. მათ მოკლედ გავაცანით „ეკო ცენტრისა“ და „გავიგუდეთ“ საქმიანობა, მოვუყევით, რატომ არის რუსთავში ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული და რა მიღწევები და გამოწვევები გვაქვს ამ კუთხით ქალაქში.

მოსწავლეებმა ჩვენს ოფისში ფოტო-კოლაჟიც დაათვალიერეს საწარმოო ზონიდან არსებული გამონაბოლქვის შესახებ და  ნახეს, რა მდგომარეობაში იყო ქალაქში წლების განმავლობაში.

გაცნობითი შესავლის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებთან ერთად საწარმოო ტურზე წავედით. მათთვის ქალაქის ამ ნაწილის ნახვა საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვინაიდან აქამდე ამ მასშტაბის საწარმოო ზონა ნანახი არ ჰქონდათ და არც ის წარმოედგინათ რუსთავში 50-მდე საწარმო თუ ფუნქციონირებდა. მოსწავლეებმა ჩვენი ქალაქის პრობლემა კარგად გაიაზრეს, არაერთი საინტერესო კითხვაც დაგვისვეს კანონმდებლობის აღსრულებასა თუ ჯარიმების საკმარისობასთან დაკავშირებით.

მსხვილი წარმოებების გადაიარაღებისა და ფილტრაციის სისტემის გამართვის შედეგად, საწარმოო ზონაში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი საკითხი არის გამოსასწორებელი.

იმედი გვაქვს, მას შემდეგ, რაც თვითმონიტორინგის ვალდებულების მქონე ყველა ობიქტი გამართავს სისტემას, სიტუაცია კიდევ უფრო შესამჩნევად უკეთესი იქნება.

ჩვენ, კი, გვიხარია, რომ ჩვენი ქალაქის პრობლემებით დაინტერესებული ახალგაზრდების წრე გაფართოვდა და ჩვენი ქალაქის ფარგლებს გასცდა.