• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • ივნისი 19, 2023

17-18 ივნისს „ეკო ცენტრის“ ორგანიზებითა და ქალთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი „გარემოსდაცვითი ადვოკატირებისა და სამოქალაქო აქტივიზმის“ შესახებ. ტრენინგის მიზანი იყო რუსთაველი ქალებისა და გოგონების გაძლიერება.

ტრენინგის ორდღიანი მოდული დატვირთული იყო, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილით.

ტრენინგის ფარგლებში, განვმარტეთ და სიღრმისეულად ვისაუბრეთ ადვოკატირების შესახებ. გარემოსდაცვითი ადვოკატირების კამპანია განვიხილეთ სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ მაგალითზე. განვმარტეთ, რას გულისხმობს მწვანე ადვოკატირება, განვსაზღვრეთ ადვოკატირების განხორციელების ეტაპები და ინსტრუმენტები და ვისაუბრეთ, რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ პროცესს საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში. ამასთან, დეტალურად ვისაუბრეთ სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე, იმ გამოწვევებზე, რაც მოძრაობამ დაარსების დღიდან გაიარა და იმ მიღწევებზე, რასაც ჩვენი აქტივიზმისა და ადვოკატირების კამპანიების შედეგად მივაღწიეთ.

პირველი ეტაპის ბოლოს კი, ვისაუბრეთ ადვოკატირების სტრატეგიის დაგეგმვის მექანიზმების, მათ შორის, ინფორმაციის სამართლებრივად მოძიების ტექნიკების შესახებ.

გარდა ამისა, განვიხილეთ ჰაერის დაბინძურების წყაროები და გავაცანით სტატისტიკა, იმის შესახებ, თუ რა პროცენტული წილი შეაქვს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს ჰაერის დაბინძურებაში. მონაწილეებს გავაცანით რუსთავში არსებული ჰაერის დაბინძურების პრობლემა; მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომაა ჰაერი დაბინძურებული და რომელია ის დამაბინძურებლები, რომელთა მომატებული კონცენტრაციები ყველაზე მეტად პრობლემურია რუსთავისთვის. ასევე, განვიხილეთ, რა საფრთხეებს ქმნის ჰაერის დაბინძურება გარემოსა თუ ადამიანის ჯანმრთელობისთვის. გავეცანით ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების სტატისტიკასა და ჰაერის დაბინძურების ეკონომიკურ ხარჯს.

ამასთან, მონაწილეებმა ისწავლეს, როგორ შეამოწმონ ჰაერის ხარისიხი პორტალზე – air.gov.ge.

დამატებით, ტრენინგის ფარგლებში, განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა შენობის შიდა ჰაერის დაბინძურება და ხრიკები, თუ სასარგებლო მცენარეების სახით, როგორ შეგვიძლია, შევამციროთ შენობის შიდა ჰაერის დაბინძურება. ასევე, განვიხილეთ ჰაერის დაბინძურების შემცირების კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან და ჩამოვთვალეთ ის ნაბიჯები, როგორ უნდა დავიცვათ ჰაერი დაბინძურებისგან ჩვენი ყოველდღიური ჩვევების შეცვლით.

ასევე, ვრცლად და დეტალურად ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ჰაერის დაბინძურების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, გავეცანით იმ დაავადებათა ჩამონათვალს და სტატისტიკას, რომელთაც ჰაერის დაბინძურება იწვევს; და ყურადღება გავამახვილეთ ადამიანთა იმ ჯგუფებზე, რომელნიც განსაკუთრებით მოწყვლადი არიან დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების მიმართ.

ტრენინგის ინტერაქტიულ-პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოს, რომლის დროსაც მონაწილეებმა იმუშავეს კონკრეტული პრეობლემების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების იდენტიფიცირებზე „პრობლემის ხის“ მაგალითზე. მათ იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა წყლის დაბინძურება, მიუსაფარი ცხოველები და ნარჩენების მართვა.

ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა საინფორმაციო ტურსაც რუსთავის საწარმოო ზონაში და მონაწილეებმა ადგილზე იხილეს, როგორც გაუმჯობესება რამდენიმე საწარმოს მაგალითზე, ისე საწარმოებიდან არაორგანიზებული გაფრქვევის შემთხვევები.

კიდევ ერთი პრაქტიკული სამუშაო, რაშიც ჩვენი ტრენინგის მონაწილეები  ადვოკატირების სტრატეგიის დაგეგმვის ნაწილში ჩაერთნენ, იყო პრობლემასთან დაკავშირებული ინტერესთა ჯგუფების იდენტიფიცირება და საქმიანობის ანალიზი. ასევე, ვისაუბრეთ მედიის როლზე ადვიკატირების კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

ორდღიანი ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

გვიხარია, რომ ჩვენს ეკო-მებრძოლთა რიცხვს სხვადასხვა ასაკისა და სფეროს ქალები და გოგონები შემოუერთდნენ.