• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • დეკემბერი 21, 2022

სადღესასწაულო ზეიმი ხშირად პიროტექნიკის გამოყენებასთან ასოცირდება, თუმცა, ამ ფერადი, ბრჭყვიალა განათების მიღმა არაერთი საფრთხე იმალება გარემოსა თუ ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

2021 წელს მხოლოდ ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით 30-მდე ადამიანი დაშავდა, მათი ნახევარი არასრულწლოვანი იყო. მათგან ნაწილი მსუბუქად დაშავდა, ნაწილმა მიიღო დაზიანენები სახის არეში და სამწუხაროდ თითებიც დაკარგა. 2020 წლის ახალი წლის ღამეს კი დაზიანების 81 შემთხვევა დაფიქსირდა (33 რეგიონებში, 48 – თბილისში). ასევე, ახალი წლის წინა დღეებში დამწვრობის ცენტრში არაერთი ადამიანი მოხვდა.

გარდა ფიზიკური დაზიანებისა, პიროტექნიკა ძალიან აბინძურებს გარემოს, რადგან ბრჭყვიალა ფერების მისაღებად გამოიყენება სხვადასხვა მეტალის ფხვნილი, რომელიც აფეთქების შემდგომ იშლება ნაწილაკებად და აირებად და ხვდება ჰაერში, წყალსა და ნიადაგში. მაგალითად ლურჯი ფერის მისაღებად სპილენძი გამოიყენება, მწვანე ფერის მისაღებად – ბარიუმი და წითელი ფერის მისაღებად – სტრონციუმი, მაგნიუმის ფხვნილი კი სიკაშკაშეს განაპირობებს. ფეიერვერკების შემცველობაში შესაძლოა, ასევე შედიოდეს ისეთი ტოქსიკური მეტალები, როგორიცაა ტყვია და ქრომი, ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად აშშ-სა და ბრიტანეთში, ამ მეტალების გამოყენება აკრძალულია.

ფეიერვერკების გამოყენების შედეგად ატმოსფეროში მნიშვნელოვნად იზრდება მყარი ნაწილაკების (PM) კონცენტრაცია და ეს შესამჩნევია რამდენიმე დღის გასვლის შემდეგაც კი. მაგალითისთვის, აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დამთავრებიდან 24 საათის გასვლის შემდეგ მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია 370%-მდე იყო გაზრდილი.

მყარ ნაწილაკებს უარყოფითი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე, იწვევს რესპირატორულ პრობლემებს, ამწვავებს ასთმას. მათი ხანგრძლივი ზემოქმედება კი უკავშირდება გულ-სისხლძარღვთა და სხვა არაერთი დაავადების განვითარებას.

პიროტექნიკის გამოყენებამ შესაძლოა, გამოიწვიოს სმენის დაქვეითებაც, ყურებში დაგუბების შეგრძნება, შუილი, სხვადასხვა ინტენსივობის ხმები, იშვიათად თავბრუსხვევა და პირღებინების შეგრძნებაც.

პიროტექნიკა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ფრინველებსა და ცხოველებს. ცხოველების თუ  ფრინველების ნაწილი ფეიერვერკების შედეგად იღუპება.

ფეიერვერკების გავლენას ცხოველებზე თვალსაჩინოდ შეგვიძლია დავაკვირდეთ ზოოპარკში. მაგალითად, ფეიერვერკის ხმაზე ზოოპარკის შეშინებული ბინადრები სირბილს იწყებენ, ორიენტაციას კარგავენ და კედლებს ეჯახებიან. ზოგიერთი ამ დროს იღებს საკმაოდ დიდ დაზიანებას და შიშისგან გულიც კი უსკდება. სტრესის თავიდან ასაცილებლად ზოოპარკში ცხოველებს დამამშვიდებელ პრეპარატებს აძლევენ.

გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც შინაური ცხოველები არიან და ბევრ ჩვენგანს ალბათ გვინახავს კიდეც ახალ წელს ფეირვერკების ხმაზე როგორ კანკალებენ, ყეფენ, კნავიან, მოუსვენრად დარბიან და იმალებიან მაგალითად, ძაღლები და კატები.

ასევე, 2021 წლის ახალი წლის ღამეს რომში ასობით ფრინველი დაიხოცა, ეს ფაქტი კი პიროტექნიკის მასშტაბურ გამოყენებას დაუკავშირეს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ღამის საათებში, იგულისხმება დრო 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირები – 500 ლარის ოდენობით. ხოლო თუ 1 წლის განმავლობაში კიდევ ჩავიდენთ იმავე ქმედებას, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი – 1000 ლარის ოდენობით.

თუმცა, ეს ნორმები არ ვრცელდება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე (31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე), საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღესა (9 აპრილი) და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე (26 მაისი).

ასევე, დასჯადია პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა. ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 200 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედების შემთხვევაში კი, ჯარიმები ორმაგდება.

თუმცა, სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, რომ პრაქტიკაში ეს ნორმები ფაქტობრივად არ მუშაობს. ამიტომ სანამ სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ ნორმების დაცვას და, საუკეთესო შემთხვევაში, პიროტექნიკის გამოყენებას კანონით აკრძალავს, ისევ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობამდე მივდივართ და იმედია, ბევრი ჩვენგანი უარს იტყვის პიროტექნიკის გამოყენებაზე, რადგან თუ გავიაზრებთ რამდენად საზიანოა ეს ერთი შეხედვით ლამაზი და შთამბეჭდავი ფერადი ნათება როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანების, ცხოველებისა და ფრინველებისთვის, მივხვდებით, რომ მისი გამოყენების გარეშე დღესასწაულები ბევრად უფრო მშვენიერია.

ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასაც სხვადასხვა დღესასწაულზე პიროტექნიკის ნაცვლად, ბევრად უფრო უსაფრთხო და საინტერესო სანახაობა შეუძლიათ შემოგვთავაზონ, მაგალითად ლაზერული ნათებების შოუ, დრონების შოუ, ეკო-მეგორბული და ბიოდეგრადირებადი მასალებისგან შექმნილი ფერადი წვიმა – კონფეტებსაც რომ ეძახიან, მანათობელი ჯოხები და ა.შ.

ერთი სიტყვით, ლამაზი და ფერადი გარემოს შექმნის მრავალი უსაფრთხო ალტერნატივა არსებობს. მთავარია, მოვინდომოთ და გადავწყვიტოთ, რომ ჩვენი რამდენიმეწუთიანი გართობა, ამდენ საფრთხედ არ ღირს.

„ეკო ცენტრი“ ბედნიერ და უსაფრთხო ახალ წელს გისურვებთ.