დღეს, 4 ნოემბერს, დიღმის ჭალებში საინფორმაციო ტურზე ვიმყოფებოდით. ტურში მონაწილეობა მიიღეს რუსთავის რამდენიმე სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებელმა, ასევე სხვა დაინტერესებულმა პირებმა.
დიღმის ჭალების ტურს უძღვებოდა ჭალების მცველი, აქტივისტი ანა ტრაპაიძე, რომელმაც დეტალურად მოგვიყვა დიღმის ჭალების მნიშვნელობის იქ არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.
დიღმის ჭალები ერთადერთი ადგილია თბილისში, სადაც შემორჩენილია ჭალისთვის დამახასიათებელი ფლორა და ფაუნა.
ტერიტორია 70 ჰექტარს მოიცავს და მისი დიდი ნაწილი დაზიანებულია. დიღმის ჭალები არაერთი გარემოსდაცვითი დანაშაულის მსხვერპლია.
როგორც ანამ მოგვიყვა, აქ მიმდინარეობდა ქვა-ღორღის მოპოვება ღია კარიერული წესით, რამაც ტყის დიდი ნაწილის კარგვა და ამ მასალაში ჩაფლობა გამოიწვია; ეს კარიერიც ადგილზე ვნახეთ.
ასევე აქ ძალიან დიდი პრობლემაა სამშენებლო, საყოფაცხოვრებო, სპეციფიკური თუ სხვა ტიპის ნარჩენებით დაბინძურება, ამ დაბინძურების ნაწილი ვიდეოშიცაა ასახული.
ტერიტორიის ნაწილს კი გასხვისება ემუქრება.
ანა მე-4 წელია, იბრძვის დიღმის ჭალების გადასარჩენად და ცდილობს ადამიანები და სახელმწიფო დაარწმუნოს, რომ ჭალის ტყეს უნიკალური მნიშვნელობა აქვს, როგორც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, ისე ეკოლოგიური თუ საგანმანათლებლო კუთხით.
ასეთივე მნიშვნელობის ჭალის ტყე რუსთავშიც გვაქვს, პრობლემების ნაწილი კი საერთოა და თითოეული ჩვენგანის ვალია ვიზრუნოთ ამ უნიკალური მნიშვნელობის ადგილებზე, ვიბრძოლოთ მათ დასაცავად და შევინარჩუნოთ.
იხილეთ ვიდეო ჩვენი ტურის შესახებ.