დღეს, 29 აპრილს, მწვანე გრანტების გლობალური ფონდის მხარდაჭერით დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმის სტუმრები ვიყავით.
ტურს ესწრებოდნენ ახალი სამგორის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც გაიმარჯვეს პლასტმასას კონკურსის III ეტაპზე.
ტურს უძღვებოდა ჭალების მცველი, ანა ტრაპაიძე, რომელიც 4 წელზე მეტია, იბრძვის დიღმის ჭალების გადასარჩენად და ცდილობს ადამიანები და სახელმწიფო დაარწმუნოს, რომ ჭალის ტყეს უნიკალური მნიშვნელობა აქვს, როგორც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, ისე ეკოლოგიური თუ საგანმანათლებლო კუთხით.
დიღმის ჭალები ერთადერთი ადგილია თბილისში, სადაც შემორჩენილია ჭალისთვის დამახასიათებელი ფლორა და ფაუნა. ტერიტორია 70 ჰექტარ ჭალის ტყეს მოიცავს და მისი დიდი ნაწილი დაზიანებულია. დიღმის ჭალები არაერთი გარემოსდაცვითი დანაშაულის მსხვერპლია. როგორც ანამ მოგვიყვა, აქ მიმდინარეობდა ქვა-ღორღის მოპოვება ღია კარიერული წესით, რამაც ტყის დიდი ნაწილის კარგვა და ამ მასალაში ჩაფლობა გამოიწვია; ეს კარიერიც ადგილზე ვნახეთ. ასევე აქ ძალიან დიდი პრობლემაა სამშენებლო, საყოფაცხოვრებო, სპეციფიკური თუ სხვა ტიპის ნარჩენებით დაბინძურება.