• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • აპრილი 28, 2023

27 აპრილს, ქ. რუსთავის მერიაში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს შევხვდით.

შეხვედრას 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრის მიზანი იყო ქალაქში არსებული პრობლემების, გამოწვევების, მოსახლეობის ინტერესების და საჭიროებების გაჟღერება; თავის მხრივ, კი, მერმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რა ნაბიჯები იდგმება მუნიციპალიტეტის მხრიდან ამ მიმართულებებით.

შეხვედრაზე გაჟღერებულ საკითხებს შორისაა საზოგადოების ჩართულობის ფორმების გაძლიერების მნიშვნელობა და მერიის გეგმები მოქალაქეებთან კომუნიკაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით.

როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, ქალაქში მიმდინარეობს და აქტიურად იგეგმება საზოგადოებასთან კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის დამკვიდრება. მაგალითად, ამჟამად მოქმედებს მრჩეველთა საბჭო, რომელიც 40 სხვადასხვა გამოცდილების და სამუშაო პროფილის მქონე ადამიანისგან შედგება; ასევე 1 მარტიდან დაიწყო კამპანია „თაობა მომავლისთვის“, რომლის ფარგლებში მერი პირისპირ შეხვდა სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებს და მოისმინა მათი საჭიროებები. დამატებით, იგეგმება ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნაც, რათა ახალგაზრდებს მერიასთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მიეცეთ.

სამოქალაქო სექტორი ამ ყველაფერს მიესალმება, თუმცა აღინიშნა ამ ჩართულობის შედეგების წარმოჩენის საჭიროებაც, რათა ყველასთვის თვალსაჩინო იყოს კონკრეტულმა მექანიზმმა რა შედეგი გამოიღო.

შეხვედრაზე გაჟღერდა ქალაქის ინტენსიური განაშენიანების პრობლემა, განსაკუთრებით პრობლემურია ისეთი სივრცეების ათვისება, რისი გამოყენებაც სარეკრეაციო მიზნებისთვის იყო შესაძლებელი და ახლა ამ ადგილებზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

მერის განმარტებით, გარკვეულ ტერიტორიებზე წინა წლებში გაცემულ სამსენებლო ნებართვებს ამ ეტაპზე ვეღარ გააუქმებენ, თუმცა ახალი დაგეგმარებით ამგვარი სივრცეების ათვისების საკითხს ყურადღება მიექცევა და ეცდებიან, რომ ახალი განაშენიანება კანონის ფარგლებში იყოს მოქცეული. ასევე, ამ მიმართულებით შესაძლოა, გენ-გეგმაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდეს.

კიდევ ერთი საკითხი შეეხებოდა რუსთავი-მარნეულის შორის პირდაპირი გადაადგილების პრობლემას.

მერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, პირველ რიგში, რუსთავ-თბილისის დამაკავშირებელი გზის პრობლემის მოგვარებას დაეთმობა ძირითადი ყურადღება.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც შეხვედრაზე ვისაუბრეთ არის წყლის პრობლემა რუსთავში.

მერის განმარტებით, კომპანია GWP-ს აღებული აქვს ვალდებულება, რომ დაახლოებით 30 მლნ ლარის პროექტების განხორციელებით გაუმჯობესდეს ქალაქში წყლის მიწოდების პრობლემა, იქნება ეს ძველიდან ახალ მილებზე გადართვა, საკანალიზაციო სისტემის მოგვარება და ა.შ.

ამ საკითხების გარდა, შეხვედრაზე განვიხილეთ რუსთავის შემოსასვლელში და სხვა ადგილებში არსებული მოედნების რეაბილიტაციის საკითხი, უკანონოდ აშენებული ფარეხებისა და შემოღობილი ტერიტორიების პრობლემა, გენდერული საკითხების გადაწყვეტის საკითხი.

ჩვენი მხრიდან უმთავრესი აქცენტი გაკეთდა სამოქალაქო სექტორთან თემატური შეხვედრების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ შევთავაზეთ მერს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, ისევე, როგორც სხვა გარემოსდაცვითი აქტივობების შესახებ სხვადასხვა მინიმუმ კვარტალში ერთხელ სამუშაო შეხვედრის ორგანიზება.