დღეს, 6 აპრილს, რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში „ალტერნატიული განათლების აკადემიას“ ვესტუმრეთ და ჩვენი საქმიანობა გავაცანით.
აკადემია ახორციელებს ახალგაზრდულ გაცვლით პროექტს “Skillful You-th for Better Future”, რომელშიც მონაწილეობას იღებს 28 უკრაინელი, ნიდერლანდელი, პოლონელი და ქართველი ახალგაზრდა. პროექტის ერთ-ერთი მიზანია ახალგაზრდებში ლიდერული უნარების განვითარება და სასურველი ცვლილებების განხორციელებისაკენ მათი მოტავაციის ხელშეწყობა.
ჩვენი სტუმრობის ფარგლებში პროექტის მონაწილეებს „გავიგუდეთ“ მაგალითზე გავაცანით სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და აქტივიზმის როლი; მოვუყევით, რას გულისხმობს რუსთავში ჰაერის დაბინძურება, რა გზა განვლო მოძრაობამ 5 წლის განმავლობაში და როგორ შეძლო ადვოკატირების კამპანიის მეშვეობით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პრობლემის მიტანა გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე. ჩვენი აქტივიზმის შედეგების შესახებაც ვუამბეთ. მათ შორის, გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ წინა წლებთან შედარებით საწარმოო ზონაში ვითარება გაუმჯობესდა და დიდ დამაბინძურებელთა ნახევარმა უკვე შეასრულა 2021 წელს ძალაში შესული რეგულაცია თვითმონიტორინგის დამონტაჟებასთან დაკავშირებით; იმასაც გავუსვით ხაზი, რატომაა ამ ხელსაწყოს დამონტაჟება მნიშვნელოვანი და რომ ეს ცვლილებები სწრაფად და მარტივად არ მომხდარა.
გარდა ამის,ა ვუამბეთ ჰაერის დაბინძურებას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანის ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე და რა საფრთხის წინაშე ვდგავართ, როდესაც დაბინძურების დონე დასაშვებ ნორმებს აჭარბებს.
ასევე, ვისაუბრეთ „ეკო ცენტრის“ საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ქალაქში შედარებით სუფთა და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიმართულებით.
შეხვედრა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეები ჩვენი პრობლემის კონტექსტს არ იცნობდნენ, ყურადღებით მოუსმინეს ქალაქის წინაშე არსებულ პრობლემას და არსებულ ვითარებასა თუ ჩვენს პრობლემასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე არაერთი კითხვა დაგვისვეს.
მასალა მომზადდა „ეკო ცენტრის“ მიერ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია „ეკო ცენტრი“. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.