• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • აპრილი 22, 2023

დღეს, 22 აპრილს, „დედების სივრცის“ და მე-18 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრებს შევხვდით. შეხვედრა “ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით გაიმართა.

მონაწილეებს გავაცანით ჩვენს ქალაქში არსებული გარემოსდაცვითი  გამოწვევები. უმთავრესი აქცენტი, რა თქმა უნდა, ჰაერის დაბინძურების პრობლემასა და „გავიგუდეთ“ საქმიანობის აღწერას დაეთმო. ვისაუბრეთ მოძრაობის ჩამოყალიბების ისტორიაზე, განვლილ ეტაპებზე, აქტივიზმის სირთულეებსა და მიღწეულ შედეგებზე. განვიხილეთ, ის ძირითადი დამაბინძურებლები, რის გამოც რუსთავში ჰაერის ხარისხი უმრავლეს შემთხვევაში ცუდი ან ძალიან ცუდია. ასევე, ვისაუბრეთ ჰაერის დაბინძურების საფრთხეებზე და იმ მოკლევადიან თუ გრძელვადიან შედეგებზე, რაც დაბინძურებული ჰაერის სუთქვით ადგება ჩვენს ჯანმრთელობას. განსაკუთრებულად გამოვყავით ის პრობლემები, რასაც ჰაერის დაბინძურება ქალთა ჯანმრთელობას უქმნის; მათ შორის: დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებით დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაცია) რისკი იზრდება 33%-ით; ჰაერის დაბინძურებაუარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე და ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. განვიხილეთ ჰაერის დაბინძურების ეკონომიკური ხარჯი და სოციალური ტვირთი.

ამ ყველაფრის ფონზე, კი ხაზი გავუსვით ქალთა როლს და მათ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ.

დამატებით, მონაწილეებმა პორტალიდან ჰაერის ხარისხის შემოწმებაც ისწავლეს.

გარდა ამისა, მონაწილეებს „ეკო ცენტრის“ საქმიანობა გავაცანით და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებაც მივაწოდეთ ინფორმაცია. ნარჩენების შემცირებისა და გადამუშავების მნიშვნელობის ფარგლებში ვისაუბრეთ ჩვენი კამპანიების – პლასტმასის ნარჩენისა და მაკულატურის შეგროვების შესახებ. მათ შორის, შეხვედრის რამდენიმე მონაწილემ ჩვენს შემგროვებელ პუნქტში უკვე მოიტანა დახარისხებული პლასტმასა.

შეხვედრის ბოლოს საინტერესო დისკუსია გაიმართა. არაერთი საინტერესო კითხვა დაგვისვეს ეკო-მეგობრული ცხოვრების წესის დასანერგად გადასადგმელი ნაბიჯების თუ ქალაქში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ. მონაწილეებმა თავიანთი შეფასებები  და ემოციები ინდივიდუალურად გაგვიზიარეს და გვიხარია, რომ ჩვენი შეხვედრა მათთვის სიახლეების მომტანი აღმოჩნდა. იმედი გვაქვს, მათთან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას.