• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • მაისი 30, 2023

დღეს, 30 მაისს, რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის ქართველი და უცხოელი მონაწილეებისთვის „გავიგუდეთ“ და „ეკო ცენტრის“ საქმიანობებისა და გამოცდილების გასაზიარებლად ვიყავით მიწვეული.

პროექტში – „We Raise by Lifting Others” – მონაწილეობს 32 ახალგაზრდა საქართველოდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან და ლატვიიდან. პროექტის თემაა ნარჩენების მართვა და გარემოს დაცვა და მიზნად ისახავს, ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, განსაკუთრებული აქცენტი კი ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობაზე, მათ ხელახალ გამოყენებაზე და საზოგადოებაში ამ ჩვევების დანერგვაზე კეთდება. ამასთან, დისკუსიების პრეზენტაციების, პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით ახალგაზრდები ეცნობიან, როგორ გავლენას ახდენს განსხვავებული კულტურა და ტრადიციები ნარჩენებთან მოპყრობის ყოველდღიურ ჩვევებზე. კულტურული მრავალფეროვნება, გამოცდილებების გაზიარება და პრაქტიკული საგანმანათლებლო აქტივობები, კი, ხელს უწყობს  კულტურათაშორისი ქსელის გაფართოებას.

პროექტის მიზანი სწორედ ჩვენს საქმიანობას ეხმიანება, შესაბამისად, მონაწილეებს ჩვენს ქალაქში არსებული გამოწვევებისა და ეკო ცენტრის გარემოსდაცვითი აქტივობების შესახებ ვუამბეთ. მოვუყევით, როგორ ვცდილობთ ნარჩენების დახარისხების პრაქტიკის დანერგვას პლასტმასისა და მაკულატურის შეგროვების კამპანიებით და რა წამახალისებელ აქტივობებს ვახორციელებთ ცხოვრების ეკო მეგობრული წესის დასანერგად. მათ შორის, ჩვენი მიმდინარე აქციის – „გადაამუშავე ხეებისთვის“ – შესახებაც ვუამბეთ, რომელიც  შპს „პოლივიმთან“ თანამშრომლობით ხორციელდება და შეგროვებულ პლასტმასას გადავცვლით ნერგებზე.

ჩვენი სტუმრობის ფარგლებში პროექტის მონაწილეებს „გავიგუდეთ“ მაგალითზე გავაცანით სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და აქტივიზმის როლი; მოვუყევით, რას გულისხმობს რუსთავში ჰაერის დაბინძურება,  რა გზა განვლო მოძრაობამ 5 წლის განმავლობაში და როგორ შეძლო ადვოკატირების კამპანიის მეშვეობით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პრობლემის მიტანა გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე. ჩვენი აქტივიზმის შედეგების შესახებაც ვუამბეთ. მათ შორის, გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ წინა წლებთან შედარებით საწარმოო ზონაში ვითარება გაუმჯობესდა და დიდ დამაბინძურებელთა ნახევარმა უკვე შეასრულა 2021 წელს ძალაში შესული რეგულაცია თვითმონიტორინგის დამონტაჟებასთან დაკავშირებით; იმასაც გავუსვით ხაზი, რატომაა ამ ხელსაწყოს დამონტაჟება მნიშვნელოვანი და რომ ეს ცვლილებები სწრაფად და მარტივად არ მომხდარა.

გვიხარია, რომ გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ უცხოელ ახალგაზრდებსაც შევხვდით და ჩვენს ქალაქში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ვუამბეთ და ამ პრობლემებთან გასამკლავებლად ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ.