• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა რუსთავში
  • სათაური:

    გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა რუსთავში

  • ხანგძლივობა:

    2022-2023

  • სტატუსი:

    დასრულებული

  • დონორი:

    USAID/EWMI

2022 წლის აგვისტოდან “ეკო ცენტრმა“ ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

პროექტის ხანგრძლივობა 1 წელია და მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ჩართულობის გაზრდით რუსთავში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირება. ამ ამბავს, რა თქმა უნდა, “გავიგუდეთ”-ის ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში გავაგრძელებთ.

პროექტით გვსურს ქალაქში მოხალისეობრივი კულტურისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება. ასევე, გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე საზოგადოებრივი ზეწოლის გაძლიერება.

იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ, ერთი წლის განმავლობაში არაერთ აქტივობას განვახორციელებთ, მათ შორის:

  • ტრადიციულად გვექნება საინფორმაციო ტურები რუსთავის ინდუსტრიულ ზონაში;
  • რეგულარულად განვახორციელებთ საწარმოო ზონის მონიტორინგს და გამოვაქვეყნებთ შესაბამის ფოტო და ვიდეო მასალას.
  • დარღვევების შესახებ მოსახლეობასთან ერთად აუცილებლად დავრეკავთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ცხელ ხაზზე – 153-ზე;
  • შევისწავლით სულ მცირე 2 საწარმოს ტექნიკურ დოკუმენტს და დავესწრებით მათი გზშ/სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კვლავ მოვამზადდებთ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს რომელთაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს წარვუდგენთ. როგორც მომზადებული შენიშვნები, ისე საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია განთავსდება “გავიგუდეთ”-ის ფეისბუქ და ვებ-გვერდზე;
  • პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს ვიდეო კონკურსი ჰაერის დაბინძურების თემაზე, რომლის გამარჯვებულებსაც საინტერესო პრიზები ელოდებათ;
  • გვექნება როგორც ვირტუალური, ისე ფიზიკური ყუთი – თქვენი იდეებისთვის და რეკომენდაციებისთვის. თუ ოდესმე გიფიქრიათ რისი გაკეთება შეგვიძლია დამატებით პრობლემასთან ბრძოლაში ან უბრალოდ გსურთ უკუკავშირი დაგვიბრუნოთ, აღნიშნული ყუთი ამის ანონიმურად გაკეთების საშუალებას მოგცემთ.

ასევე, „ეკო ცენტრის“ მუშაობის ფარგლებში შემოგვაქვს ნარჩენების თემაც და შემოგთავაზებთ სხვადასხვა ტიპის ვიზუალურ მასალას ნარჩენების შემცირების მნიშვნელობასა და განხორციელების პრაქტიკულ გზებზე.

ამ და სხვა აქტივობების განხორციელებისას კი, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვითანამშრომლებთ მედიასთან და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ სხვა ჯგუფებთან, რადგანაც გვჯერა, რომ გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვანია.

მადლობა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამას, რომ მხარი დაუჭირა რუსთაველების ბრძოლას სუფთა ჰაერისა და უკეთესი გარემოსთვის.