30 ივნისსა და 1 ივლისს „ეკო ცენტრის“ აკადემიის მონაწილეებისათვის ორდღიანი ადვოკატირების ტრენინგი ჩავატარეთ.
ტრენინგი USAID-ის მხარდაჭერით პროექტის „მომავლის ლიდერების გაძლიერება: ახალგაზრდული ინიციატივები დემოკრატიული მმართველობისა და პოლიტიკაში ჩართულობისათვის“ ფარგლებში კაჭრეთში ჩატარდა.
ორდღიან ტრენინგზე ახალგაზრდებმა მიიღეს თეორიული ცოდნა ჩვენი ქალაქის წინაშე არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ და პრაქტიკული უნარები მოქალაქეთა მონაწილეობისა და ჩართულობის ფორმების შესახებ.
ტრენინგის პირველი დღე დაეთმო ჰაერის დაბინძურების შესახებ საუბარს: განვიხილეთ დაბინძურების სახეები, ძირითადი დამაბინძურებლები და ძირითადი საფრთხეები; ასევე ვისწავლეთ ჰაერის ხარისხის შემოწმება პორტალზე air.gov.ge, განვიხილეთ ჰაერის დაბინძურების კავშირი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. დღის ბოლოს, კი, ვისაუბრეთ ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ. ამის სემდგე მონაწილეები ჩაერთნენ პრაქტიკულ სავარჯიშოში და პრობლემის ხის ანალიზის საფუძველზე წარმოადგინეს კონკრეტული პრობლემები, ამთი გამომწვევი მიზეზები და შედეგები.
ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ ჰაერის დაბინძურების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენაზე საუბრით და ახალგაზრდებს ის საფრთხეები გავუზიარეთ, რაც ჩვენს ჯანმრთელობას ადგება/შესაძლოა მიადგეს დაბინძურების პირობებში. ტრენინგის შემდგომი სესიები კი დაეთმო მოქალაქეთა ადგილობრივი ჩართულობის მექანიზმებზე საუბარს, ასევე პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეებს გავაცანით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მექანიზმი და მეთოდი. გარდა ამისა, პრაქტიკულ ნაწილში გავაკეთეთ პრობლემასთან დაკავშირებული ინტერესთა ჯგუფებისა და მათი საქმიანობის ანალიზი.
ტრენინგის მიწურულს, ახალგაზრდებთან ერთად ვიმსჯელეთ, როგორ ჩავრთოთ ახალგაზრდები გარემოსდაცვით აქტივიზმში და შევჯერდით აკადემიის სამომავლო გეგმებზე.