დღეს, 19 ივნისს, შპს „სტანდარტის“ ნარჩენების აღდგენის (ნარჩენი ზეთების გადამუშავების) საწარმოო ობიექტისა და სახიფათო ნარჩენების (ნარჩენი ზეთების) დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა ექსპლუატაციის პროექტზე გზშ ანგარიშის განხილვის მიზნით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
ეს სამუშაო შეხვედრა სხვა შეხვედრებისგან განსხვავდებოდა იმით, რომ მასში ჩაერთნენ „ეკო ცენტრის“ ახლადდაარსებული აკადემიის წევრები, რომლებიც გაეცნენ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრულ პრონციპებსა და პროცედურებს. მიიღეს ტექნიკურ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება და სამრეწველო საქმიანობებთან დაკავშირებით არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებაც შეიტყვეს; ასევე გაეცნენ იმ გამოწვევებს, რასაც შეიძლება, ტექნიკურ დოკუმენტებში წავაწყდეთ გარემოსდაცვითი სარგებლის დასაბუთების შესახებ.
რაც შეეხება კომპანიის მიერ დაგეგმილ საქმიანობას, იგი გულისხმობს ნარჩენი ზეთების დროებითი შენახვის ობიექტისა და ნარჩენების (ნარჩენი ზეთების) აღდგენის ტექნოლოგიური ხაზის მოწყობა-ექსპლუატაციას. პროექტი ითვალისწინებს სახიფათო ნარჩენის – ნარჩენი ზეთების საწარმოო ობიექტზე მიღებას, დროებით განთავსებას და მათ აღდგენას.
სამუშაო შეხვედრაზე ამ საქმიანობაზე ნებრთვის მისაღებად წარდგენილი გზშ ანგარიში მოწვეულ ტრენერთან ერთად განვიხილეთ და კომენტარებიც მოვამზადეთ.
საჯარო განხილვა გაიმართება პარასკევს, 21 ივნისს, 12:00 საათზე რუსთავის მერიაში და მასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით