14 ოქტომბერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და “ეკო ცენტრის” ორგანიზებით, რუსთავის ჭალის ტყეში ფრინველებზე დაკვირვების ტური გაიმართა.
ტურში მონაწილეობა მიიღო 20-მა მონაწილემ. მათთვის ეს ჭალის ტყეში პირველი ვიზიტი იყო და ბევრი მათგანისთვის ისიც კი მოულოდნელი იყო, რომ ქალაქის შუაგულში ასეთი მრავალფეროვანი ბუნებრივი გარემო მდებარეობს.
ტურს უძვებოდა პროფესიონალი ორნითოლოგი და ადგილობრივი “ბერდვოჩერი”, რომელსაც რუსთავის ჭალის ტყეში ფრინველებზე დაკვირვების რვაწლიანი გამოცდილება აქვს. მათი ექსპერტული ცოდნის წყალობით, მონაწილეებმა შეძლეს 19 სხვადასხვა სახეობის ფრინველის იდენტიფიცირება, მათ შორის: თერკუდა არწივი, მარჯანი, რუხი ყანჩა, ყვავი, გულწითელა, კაჭკაჭი, მტრედი, მწვანე კოდალა, სირიული კოდალა, ლაინა, სომხური თოლია, ხოხობი, დიდი ჩომა, კირკიტა, ალკუნი, ჩხიკვი, წივწივა, ჭივჭავი და ქედანი.
ეს მრავალფეროვნება ნათლად წარმოაჩენს რუსთავის ჭალის ტყის უნიკალურ ეკოლოგიურ მნიშვნელობას და მისი, როგორც ბუნებრივი საგანმანათლებლო რესურსის პოტენციალს.
სწორედ ამიტომ, “ეკო ცენტრი” აგრძელებს მუშაობას პროექტზე „ეკომეგობრული განვითარების დაჩქარება: ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობა”. ამ ინიციატივის ფარგლებში, ორგანიზაცია მოქალაქეებთან ერთად ცდილობს წვლილი შეიტანოს ჭალის ტყის აღდგენასა და დაცვაში.